პროექტი, რომელმაც ხაშურელ ქალბატონებს იმედი და მოტივაცია შესძინა
პროექტი ,,დამოუკიდებელი ქალი”
მე ვარ ქალი, დედა, მეუღლე, შვილი, მე ვარ რეალიზებული, თავდაჯერებული ადამიანი, გამაჩნია ჩემი ინტერესების სფერო, მაქვს მიზნები და ამოცანები, მჯერა ჩემი შესაძლებლობების, ვარ წარმატებული, მაქვს მცირე, მაგრამ საკუთარი შემოსავლის წყარო, რომელიც მე შევქმენი, ვიცი რა მინდა და რა უნდა გავაკეთო დღესვე იმისათვის, რომ ჩემი და ჩემს გარშემო ადამიანების ცხოვრება შევცვალო უკეთესობისკენ.
ეს ოდენ თვითშეგონება არ გეგონოთ, ეს დამოუკიდებელი, ემანსიპირებული ქალის სიტყვებია! მხოლოდ ეგაა, ჩვენ გარშემო ასეთი შემართების ქალს იშვიათად თუ შეხვდებით, რაც აისახება კიდეც ოჯახებში არსებულ პრობლემებზე, ურთიერთობების კრიზისზე საზოგადოების წევრებს შორის, მოღვენთილ და პესიმისტურ სახეებზე, უხასიათო დედებზე და ცოლებზე, დათრგუნულ ბავშვებზე და ბოლოს და ბოლოს ქვეყნის წარმატებულობის ხარისხზე.
სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ მხოლოდ კაცია წარმმართველი ძალა, კაცი ქმნის ფონს და ცხოვრების ხარისხს, კაცია პასუხიმგებელი იქნება თუ არა ქალი ბედნიერი, ლამაზი და პოზიტიური. – ცხოვრების ასეთი პრინციპი საფუძველშივე წამგებიანია და თანამედროვე განვითარებული საზოგადოება დიდი ხანია გმობს ამ სტერეტიპს. კაცობრიობის ცივილურმა ნაწილმა საუკუნეების წინ დაძლია ქალთა მიმართ უთანასწორობა. მიუხედავად ამისა, საქართველოში ქალთა მონაწილეობასა პოლიტიკურ თუ ბიზნეს ასპარეზზე და ზოგადად, ქალის როლთან დაკავშირებული დაუძლეველი მანკიერი სტერეოტიპები ისევ არსებობს, რომლებიც, ყალიბდება ჯერ ოჯახებში, შემდეგ სკოლებსა და უნივერსიტეტებში.
,,თუ ასწავლი ქალს – აძლიერებ მთელ კაცობრიობას“ – ეს ჭკვიანური ფრაზა კარგად გამოხატავს ქალის როლს. ქალის, როგორც კაცობრიობის დედის როლს და გავლენას. ქალი (დედა) არის დიდ წილად ემოციის, ცოდნის, გამოცდილების, ჩვევების, ღირებულებების გადამცემი შვილზე (შვილებზე) მამაკაცთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ თუ დღეს რომელიმე რეგიონში რომელიმე ქალი ან ქალთა ჯგუფი მოტივირებული და წარმატებულია, ეს მხოლოდ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების დამსახურებაა.
პროექტს ,,დამოუკიდებელი ქალი“, ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ააიპ. სამოქალაქო ჩართულობის განვითარების ცენტრი ,,თანამონაწილე“ ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ქალთა პროფესიული განვითარებასა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობას. პროგრამის ფარგლებში ქალთა ეკონომიკური ავტონომიურობისა და დამოუკიდებლობის მიღწევა შესაძლებელი გახდება მათთვის ახალი რესურსების შეთავაზებით, სასწავლო–საგანმანათლებლო პროგრამით. ჩვენი ამოცანაა ბიზნეს უნარების განვითარებითა და მომგებიანი ბიზნეს გეგმების შედგენით, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებითა და კომპლექსური ცოდნის მიღებით ქალებმა გაიუმჯობესონ პირადი და თავიანთი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა.
——
სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობები კომპლექსურია და გულისხმობს ტრენინგებს შემდეგი უნარ–ჩვევებში.
- ხელსაქმე (ჭრა–კერვა, ქსოვა, ქარგვა, სამკაულების დამზადება);
- პირველადი სამედიცინო დახმარება;
- სააფთიაქო საქმე (ფარმაცია);
- კომპიუტერული უნარ–ჩვევები;
- ვარცხნილობის ხელოვნება;
- კულინარიის ხელოვნება;
- სოფლის მეურნეობის პროდუქტები;
- ბიზნეს გეგმა და ბიზნესის რეგისტრაცია;
- ბენეფიციარებთან მუშაობენ: ფსიქოლოგი, პიროვნული განვითარების ტრენერი და ექსპერტი ქალთა უფლებების საკითხებში.
მიმართულებები სასწავლო პროგრამისათვის შეირჩა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეტ–ნაკლებად განვითარებული სფერობის შესაბამისად, რათა არსებულმა ბიზნეს და სოციალურმა გარემომ ბენეფიციარებს შეუქმნას მყარი საფუძველი, განავითარონ საკუთარი ეკონომიკური გარემო. პროექტმა უნდა მოახდინოს მათში მენტალური გარდასახვა, მისცეს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და თვითრეალიზების მოტივაცია.
2016 წელს ორგანიზაცია პროექტის ფარგებლში გადაამზადებს ბენეფიცართა მეორე და მესამე ნაკადს. სულ 35–მდე 18 დან 45 წლამდე ასაკის ქალი გადამზადდება.
————–
პროექტს მხარს უჭერს ლიტვის რესპუბლიკის მთავრობა ,,თანამშრომლობისა და განვითარების პროგრამის“ ფარგლებში,.
პროექტის პარტნიორი: ,,ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ხაშურის რეგიონული კომიტეტი“;
თანასპონსორი: ACC Distribution (ACME))