ოსიაურს ფოლად ბულბულ ოღლი ეწვია
17 ოქტომბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურს ცნობილი აზერბაიჯანელი მომღერალი, პოლიტიკოსი და დიპლომატი ფოლად ბულბულ ოღლი ეწვია. ბატონ ფოლადს საქართველოსთან და კერძოდ ოსიაურთან წინაპრები დედის მხრიდან, ვეზირიშვილები აკავშირებენ, რომელთა სასახლეც სოფელ ოსიაურში მდებარეობს და ნგრევის პირასაა.
საქართველოს გასაბჭოების პერიოდში ვეზირიშვილების სასახლეში ოსიაურის სკოლა გაიხსნა, 1970-იან წლებში სკოლა ახალ შენობაში გადავიდა და მას შემდეგ სასახლის მდგომარეობა უარესდება, რადგან მისი რესტავრაცია ამ დროის მანძილზე არ მომხდარა. როგორც ჩანს აზერბაიჯანელმა მომღერალმა საკუთარი წინაპრების საცხოვრებლის მონახულება გადაწყვიტა და პირობა დადო, რომ მონაწილეობას მიიღებს მის შემდგომ რეაბილიტაციის პროცესში.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 3 აპრილს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნული პროცესი განაპირობა ხაშურელი ახალგაზრდების სოციალურმა კამპანიამ. მათ შენობის გაძეგლებისა და რეაბილიტაციის მოთხოვნისთვის მიმართეს მედიას, მოამზადეს არაერთი რეპორტაჟი და სტატია, აქტიურად ავრცელებდნენ ფოტოებს. აღნიშნული პროცესი შედეგიანად დასრულდა. ხაშურელი ახალგაზრდები რეაბილიტაციის პროცესის დაწყებასაც ელიან.