მოხალისეთა ეროვნული კონფერენცია და ხაშურელი მოხალისეები

16 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოხალისეთა მეორე ეროვნული კონფერენცია გაიმართა. მოხალისეობის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2015 წლის მაისში დაიწყო პროექტი ,,საქართველოს მოხალისე”, რომელშიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი, მათ შორის ხაშურის მუნიციპალიტეტია ჩართული. ხაშურელი მოხალისეები, ჯერ კიდევ აღნიშნულ პროექტამდე ესწრებოდნენ მოხალისეთა პირველ ეროვნულ კონფერენციას, საიდანაც ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. მოხალისეთა მეორე ეროვნულ კონფერენციაზე ხაშურის მოხალისეთა კოორდინატორი გიორგი ჩუბინიძე იყო წარმოდგენილი.

გიორგი ჩუბინიძე: ,,საინტერესო და მნიშვნელოვანია ზოგადად მსგავსი კონფერენციის ჩატარების იდეა. მოხალისეობა საქართველოსთვის ახალი ცნებაა, მაგრამ ბევრისთვის ეს ძალიან ნაცნობი და ახლობელია. საჭიროა საკანონმდებლო დონეზე, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტით მოწესრიგებული იყოს მოხალისეობა საქართველოში და  ხელი შეეწყოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და მასში მოხალისეთა როლს. მე მაინც მგონია, რომ მოხალისეობა დიდი გამოცდილება, მრავალი კონტაქტი და ბევრი მეგობარია, ამასთანავე კეთილი საქმის კეთება და უსაზღვრო კმაყოფილება. თითოეული ჩვენგანი, განუსაზღვრელად პროფესიისა უნდა იყოს მოხალისე, ეს ვალია. სხვა თემაა როგორ გაფორმდება ეს იურიდიულად. ამ ყოველივემ გაიჟღერა საქართველოს მოხალისეთა მეორე ეროვნულ კონფერენციაზე, რომლის ორგანიზატორი ა/ო ,,ჰელფინგ ჰენდ“-ი იყო. შიდა ქართლში პროექტ საქართველოს მოხალისეს ახორციელებს ა/ო მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი“, ხაშურიდან აქტიურად არის ცართული ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ პროექტს ახორციელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ამიტომ ამ მხრივ სასიკეთო ცვლილებებს უნდა ველოდეთ. რადგან ,,მოხალისეობა” ევროპის განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ მაღალ დონეზე არსებობს და გვაქვს ამის მაგალითები”.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!