როგორი იქნება რესტავრირებული წმ. დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი

   2015 წლის 26 აპრილს, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიშხეთში გაიმართა წმ. დიმიტრი ყიფიანის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. სტუმრებს შორის იყვნენ, ქართველი საზოგადო მოღვაწენი, მწერლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
26 აპრილს ღონისძიებების დასასრულს შედგა წმ. დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაციის პროექტის პრეზენტაცია.

პროექტის ხელმძღვანელია კახა ტრაპაიძე, პროექტის მთავარი არქიტექტორი ნოდარ ამაშუკელი. პროექტის ღირებულება კი 900 000 ლარს აღწევს.
პროექტის ავტორების განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:

   ,,ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, შენარჩუნებული და რესტავრირებულია დიმიტრი ყიფიანისეული შენობა და მინაშენის ნაწილი, რომელზეც შედარებით ადრეული(XXს-ის I ნახევარი) კვალი შეინიშნება. აგრეთვე გათვალისწინებულია მინაშენის დანარჩენი ნაწილის დემონტაჟი და ახალი მოცულობის მშენებლობა, რომელიც წარმოადგენს მეტალის და მინის კონსტრუქციებით აშენებულ მსუბუქ ნაგებობას. მუზეუმისთვის განკუთვნილი სივრცეები ძირითადად განლაგებულია შენობის თავდაპირველ ნაწილში. ორ ნაწილად გაყოფილ მინაშენში კი ადმინისტრაციის ნაწილი და დამხმარე სივრცეებია განთავსებული. ადმინისტრაციის ახალი კორპუსის მშენებლობისა და კომპლექსის სრული რეაბილიტაციის შემდეგ შესაძლებელია სახლ-მუზეუმის შენობიდან ადმინისტრაციისა და ბიბლიოთეკის გადატანა ახლადაშენებულ შენობაში, ხოლო გამოთავისუფლებულ სივრცეებში მუზეუმის დამატებითი ექსპოზიციების მოწყობა”.

   შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ხაშურელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი აქტიურად მუშაობდა სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის მოთხოვნით და მათ სოციალური კამპანია წამოიწყეს, დაგეგმეს მრავალი ღონისძიება. 2014 წლის სექტემბერში პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მუზეუმის რესტავრაციის პროექტი დაფინანსდა.

 ,,ხაშური ნიუსი” ექსკლუზიურად გთავაზობთ სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის ფოტოებს.

© Khashuri News

0810

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!