წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონში ახალი პროექტი დაიწყო
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფმა, ცოტა ხნის წინ საინტერესო იდეით მიმართა “PH International”-ს, რომელმაც პროექტი სახელწოდებით ,,ფოტოგრაფია ძალადობის წინააღმდეგ” დააფინანსა და ახალგაზრდებს მისცა საშუალება ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ჩართულობით საინტერესო აქტივობები განახორციელონ.
აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია ,,ხაშური ნიუსი”.
პროექტის ხელმძღვანელები მარიამ რობაქიძე და მარიამ ლეშკაშელი არიან, რომლებმაც ჩვენს კითხვებს უპასუხეს.
პასუხობს მარიამ რობაქიძე:
მარიამ, გვიამბეთ თქვენი პროექტის შესახებ. რას ეძღვნება და როგორ შეძელით შესაბამისი სახსრების მოძიება?
ამერიკულმა კომპანია “PH International-მა ” გამოაცხადა მცირე საგრანტო კონკურსი. მე და ჩემმა მეგობარმა მარიამ ლეშკაშელმა გადავწყვიტეთ ისეთი აქტუალური პრობლემა, როგორიც ძალადობაა კიდევ ერთხელ წამოგვეჭრა და მის წინააღმდეგ განსხავვებული გზებით გვებრძოლა.
“PH International-მა ” ჩვენი იდეა მოიწონა დაა დააფინანსა
ვინ არიან პროექტში ჩართულნი და როგორ აპირებთ მუშაობას?
პროექტში ჩართული არიან მე-9 კლასის მოსწავლეები, საკმაოდ აქტიური და რაც მთავარია კრეატიული ბავშვები. მათი დახმარებით საკმაოდ საინტერესო ღონისძიებების გახორციელებას ვაპირებთ. კონკრეტულ გეგმას არ დავაანონსებ.
რა არის თქვენი ძირითადი მიზანი?
ჩვენი მიზანი უპირველესად პროექტის სახელიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს ძალადობის, როგორც დამანგრეველი შედეგების მქონე პრობლემის ხელოვნებაში (კერძოდ ფოტოგრაფიაში) ასახვას. ადრესატი უპირველესად ბენეფიციართა გულებია, ვინაოდან ,,ხელოვნება გრძნობების მანიფესტაციაა, გრძნობების ენა კი ყველას ესმის”. ამავდროულად, აქტიურად ვმუშაობთ მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების დონის ამაღლებასა და განვითარებაზე.
როგორ ჩაიარა პროექტის პრეზენტაციამ?
პირველი პრეზენტაცია მგონი საინტერესო იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით მთლად მიუკერძოებელი ვერ ვიქნები. მიუხედავად ხარვეზებისა, საბოლოო ჯამში კარგი გამოვიდა (თუმცა მეტ აქტიურობას ველოდით). ამავდროულად, გპირდებით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და პროექტის გახორციელების განმავლობაში უამრავი საინტერესო ღონისძიებით მოვხიბლავთ ბენეფიციარებს.
როგორია თქვენი იმედები პროექტის განხორციელების მხრივ?
ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ პროექტის წარმატებით განხორციელებას, რადგან მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული და ასევე გვაქვს თანამონაწილე ადამიანების დახმარების იმედი. ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაფინანსებული პროექტი, შესაბამისი პასუხისმგებლობით განახორციელოს.
რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ძალადობის აღმოფხვრა ფოტოგრაფიის საშუალებით?
როცა ავირჩიეთ პროექტის თემა და მასზე მუშაობა დავიწყეთ, სწორედ ეს იყო მიზანი, რომ ხელოვნების, კონკრეტულად კი ფოტოგრაფიის საშუალებით დავპირისპირებოდით პრობლემას. ძალადობის აღმოფხვრა არ არის მარტივი საქმე და მასზე გამარჯვებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ მის აღმოფხვრაში ჩვენი წვლილის შეტანას, სწორედ ფოტოგრაფიის -ჩვენს თაობაში ერთერთი ყველაზე პოპულარული ხელოვნების დარგის დახმარებით შევძლებდით და ამისათვის ძალასა და ენერგიას არ დავზოგავთ.
უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მიზანია მოვიხადოთ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი. ასევე გვინდა ჩვენს თანატოლებში გავაღვივოთ პროტესტის განცდა, რათა არ შეეგუონ ძალადობას მათ გარშემო და არ დახუჭონ თვალი მაშინ, როდესაც ხედავენ ჩაგვრას. ჩვენს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღმოფხვრასთან ერთად, მოსწავლეები დავაინტერესოთ ფოტოგრაფიით, რადგან შესაძლოა ბევრი მათგანისთვის ეს მომავალ პროფესიადაც იქცეს.
რას ეტყოდით საზოგადოებას და მათ ვინც ამ პროექტში არიან ჩართულნი?
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც აქტიურად გვიდგას გვერდში და პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს ჩვენთან. ხოლო იმ ბავშვებს, ვინც უშუალოდ წარმოადგენენ პროექტის ბენეფიციარს, მოვუწოდებ მეტი აქტივობისკენ, რადგან ეს მათ და მათ მომავალს ეხება და ერთად აღვუდგეთ წინ ძალადობას, რომელმაც ჩვენს საუკუნეში მთელი დედამიწა მოიცვა.
გიორგი ჩუბინიძე