სოფელ ოსიაურში ვეზირიშვილების სასახლე ინგრევა
ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოსიაურში ვეზირიშვილების სასახლე ინგრევა. შენობა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბალანსზეა უმძიმეს მდგომარეობაშია. საზოგადოების ნაწილი შენობის მუზეუმად გარდაქმნას ითხოვს და იწყებს სოციალურ კამპანიას, შენობის ისტორიულ მნიშვნელობაზე ინფორმაციის გავრცელებისათვის. ვეზირიშვილების სასახლის საკითხის ადვოკატირების პროცესში ,,ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობაც” ჩაერთო. ,,ხაშური ნიუსი” გთავაზობთ ახალგაზრდული თვითმმართველობის წევრის კომენტარს.
გიორგი ჩუბინიძე: ,,ხაშურის მუნიციპალიტეტში ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც უყურადღებობის გამო ინგრევა და ნადგურდება. აუცილებელია საზოგადოება ჩაერთოს და ერთობლივად დავაფასოთ ის რაც ისტორიამ გვარგუნა. ვეზირიშვილების სასახლე ერთ-ერთი საკმაოდ დიდი მნიშვნელობის მქონე ისტორიული შენობაა, რომელიც დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტში, სოფელ ოსიაურში ინგრევა. სასახლე, სადაც თავად ვეზირიშვილების საცხოვრისი იყო. სასახლის ბინადარს, თავად დიმიტრი ვეზირიშვილს ცოლად ჰყავდა რომანტიკოსი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის და ბაბალე ბარათაშვილი. მათი მამა, ცნობილი თარჯიმანი მელიტონ ბარათაშვილი ამ სასახლეში გარდაიცვალა. ის აქვე წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოშია დაკრძალული. სასახლეში ბავშვობის წლები გაატარა ნინო დიმიტრის ასულმა ვეზირიშვილმა, რომელიც შემდგომ ცოლად გაჰყვა ივანე მაჩაბლის ძმას, ვასილ მაჩაბელს. მათი ვაჟი კი ,,პრინც მაჩაბელად” წოდებული გიორგი მაჩაბელი იყო, რომელმაც აშშ-ში ცნობილი სუნამოების კომპანია დააარსა. მოკლედ რომ ვთქვათ სასახლე ბევრი გამორჩეული პიროვნების სახელთანაა დაკავშირებული და მისი ამ მდგომარეობაში არსებობა დაუშვებელია. შესაძლებელია აქ მუზეუმიც განთავსდეს, ამისათვის კარგად უნდა იქნას შესწავლილი ეს შენობა და უნდა აღდგენ პირვანდელი სახით. ამისთვის კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ერთობლივად უნდა იმუშაონ. ,,ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობა” ვაპირებთ ვიმუშაოთ აღნიშნული საკითხის ადვოკატირების პროცესზე და ვეზირიშვილების სასახლის რეაბილიტაციის მოთხოვნისთვის ყველაფერი გავაკეთოთ”.
