რას ელის საზოგადოება ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისგან?

,,ვიზრუნებთ მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ცხოვრების გააქტიურებაზე: ხელს შევუწყობთ სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციას, ვიზრუნებთ კულტურის სახლის აღდგენასა და თეატრის რეაბილიტაციაზე. მოვიზიდავთ ინვესტორს, რომელიც დაინტერესდება ხაშურში კინოთეატრის აშენებით“.

ყოველგვარი შესავლის გარეშე სტატიას კოალიცია ,,ქართული ოცნების“ დაპირების შეხსენებით ვიწყებთ, რომელშიც გაწერილია, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს ხაშურის მუნიციპალიტეტში. აქედან ზოგი ნაწილობრივ შესრულდა, ზოგიც საერთოდ აღარავის გახსენებია. ქართული პოლიტიკის უბედურება ისაა, რომ პოლიტიკოსთა წინასაარჩევნო დაპირებანი მწვერვალებამდე აღწევენ და ცას ეთამაშება. საზოგადოებაც მეცხრე ცაზეა ასული და რაოდენ მწარეა იქიდან დაშვება. მაშასადამე გასაკვირი არაა, რომ მუნიციპალიტეტის რომელიმე ღონისძება და აქტივობა, განხორციელებული პროექტი ეს უმნიშვნელოდ გამოკრთება დაპირებათა მრავალფეროვან პალიტრაზე. ამ დროს კი დიდი წყენაა გამოხატული ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების და მუნიციპალიტეტის თანამშრომელების მიერ, როდესაც კრიტიკული აზრი გამოითქმევა მათ მუშაობაზე. ამ წყენის მიზეზი კი ზემოთ აღნიშნული მრავალფეროვანი და უსაზღვრო დაპირებებია.

10351974_1520852521469400_1240268282844674569_n,,ხელს შევუწყობთ სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციას“. – სტატიის დასაწყისში წარმოდგენილ დაპირებაში განსკუთრებით აღსანიშნავია სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციის დაპირება, რომელშიც თავისთავად გრიგოლ ჯომართიძის სტადიონიც უნდა შედიოდეს, თუმცა ხაშურის ,,ივერია“ ამ დრომდე ,,მეზობელთან“ თამაშობს და თავის მშობლიურ მუნიციპალიტეტში მხოლოდ შემთხვევით თუ გამოგორდება ბურთი, რომელიც ვის კარში შეგორდება კაცმა არ იცის, რადგან ჩვენთან აღარც სტადიონია, აღარც მეკარე და აღარც ფეხბურთელია თავის ადგილზე.

,,კულტურის სახლის რეაბილიტაცია და თეატრის აღდგენა“. –  ამ დაპირებაში ორიდან ერთი შესაძლებელია შესრულებულად ჩაითვალოს, თუმცა თეატრის აღდგენა და სპექტაკლის დადგმა სრულიად სხვადასხვაა, ჩვენ არ გვყავს თეატრალური დასი და არც რეგულარულად მიმდინარეობს სპექტაკლები, არც კულტურის სახლის რეაბილიტაციის დაწყება შეინიშნება, რადგან ვერც ხარაჩოს ვხედავთ და არც საღებავის სურნელი იფრქვევა კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. დამპირებლებს კი შევახსენებთ, რომ ამავე კულტურის სახლში ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისასაც გაჟღერდა, რომ მუნიციპალიტეტში სულ მალე რეაბილიტირებული კულტურის სახლი იქნებოდა.

10277700_1517358298485489_4540050990634087001_n,,მოვიზიდავთ ინვესტორს, რომელიც დაინტერესდება ხაშურში კინოთეატრის აშენებით“. –  გასულ წელს ხაშურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გარემონტდა ფართი, რომელსაც კინოთეატრის ფუნქციაც მიანიჭეს და მცირე სცენაცაა მოწყობილი, თუმცა ის სტანდარტები, რომელსაც კინოთეატრი უნდა აკმაყოფილებდეს იქ არაა. არ გადის ფილმები, ამისთვის არც შესაბამისი ლიცენზიაა, შესაბამისად ხაშურელი საზოგადოება მას ვერ იყენებს იმ ფუნქციით, რომელიც თითქოს მას აქვს.

ცივილიზაციის მონაპოვარი კინო ხაშურელებისთვის კვლავ ინტერნეტსა თუ ტელევიზორში საყურებელია, კინო პრემიერები ამ მუნიციპალიტეტიდან შორსაა. მაშასადამე არც ეს დაპირებაა აღსრულებული და აქ არავითარი ინვესტორის ჩარევის ნიშანწყალი არაა.

,,ხაშური ნიუსს“ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საიტზე გამოკითხვა ჰქონდა, რომელსაც აქვე შევაჯამებთ და დაპირებათა შეხსენების პარალელურად საზოგადოების განწყობასაც გავიგებთ.

რას ელით ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისაგან?

სულ ხმა მისცა 275-მა მომხმარებელმა

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 46.55%  (128 რაოდენობა)

 კულტურული კერების შექმნისა თუ აღდგენის ხელ­შეწ­ყობას 20.73%  (57 რაოდენობა)

 სხვა 12.00%  (33 რაოდენობა)

 შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების განახლებას 8.73%  (24 რაოდენობა)

 ტურიზმის განვითარებას 6.55%  (18 რაოდენობა)

გარემოდაცვით ინფორმაციაზე და განათლებაზე საზოგადოების ხელმისაწვ­დო­მო­ბის გაზრდას 5%  (15 რაოდენობა)

გამოკითხვა შეჯამებულია 2015 წლის 18 იანვარს, 16:00 საათზე.

10418357_1516288481925804_2662183864335263353_n

 ფოტოები აღებულია fb გვერდიდან: ,,გიორგი გურასპაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლად”

 

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!