მოგონებებში შემორჩენილი ძველი დიდება და დანგრეული ,,ივერია”

ხაშურში სპორტის მრავალი სახეობა ყოველთვის დიდ წარმატებას აღწევდა. ხაშურის საზოგადოება ამაყობდა თავისი სპორტცმენებით და უხაროდა მათი თითოეული წარმატება. ერთ-ერთი ასეთი სპორტის სახეობა სწორედ ფეხბურთია. დღეს ხაშურს აღარც სტადიონი აქვს და აღარც ,,ივერია” თამაშობს ხაშურში. მისთვის ჯერ ვერ მოიცალეს, ისევე როგორც უკვე მრავალი წელია ხაშურისთვის ვერ მოუცლიათ.

ხაშურის ფეხბურთის ძველი დიდების პატარა ისტორიას მურად მთვარელიძის წიგნიდან შემოგთავაზებთ, რომელსაც ,,ხაშურის მისტერია” ქვია.

,,თაობიდან თაობას კი ლეგენდასავით გადაეცემა გრიშა ჯომართიძის – ამ დიდებული ფეხბურთელის სახელი, დღეს რომ ხაშურის სტადიონი მის სახელს ატარებს იმ ლეგენდარულ გუნდთან ერთად, წარმატებებს რომ აღწევდა და რომლის ტრადიციებს დღეს კარგად აგრძელებს ,,ივერია” თავისი ხელმძღვანელებით, გულშემატკივრებით და იმ ადამიანებით, ვისთვისაც ძვირფასია ფეხბურთი.
1949 წელს ,,სპორტული სეზონი ადრე გაზაფხულზე დაიწყო._< ყვება ვეტერანი ფეხბურთელი თენგიზ გარშკოვი,- ჩემპიონატამდე ,,სეზონის გახსნის პრიზზე” მივიღეთ მონაწილეობა. მასში ფოთის, ქუთაისის, ბათუმის, თბილისის და სხვა სახელოვანი გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. პირველი თამაში ფოთელებთან გვქონდა… ხუთით სამი მოვუგეთ. თამაში დინამოს ცენტრალურ სტადიონზე ტარდებოდა და ვიდრე არ დამთავრდა, არც ფოთის ფეხბურთლებს და არც მაყურებლებს არ სჯეროდა, რომ ჩვენ შევძელით ასეთი ძლიერრი გუნდის დამარცხება..
პირველ გუნდში ბათუმის, გორის, სოხუმის, გუდაუთის და სხვა გუნდებთან ჭიდილში პირველობა ჩვენ მოვიპოვეთ და მეორე ჯგუფის გამარჯვებულ ქუთაისის ,,ტორპედოს” დავუპირისპირდით. ეს იყო 1949 წლის 5 აგვისტო. 16 საათი… სტადიონი გადაჭედილი იყო. რაიკომის პირველი მდივანი მაშინ გრიგოლ ფოფხაძე იყო და ყველაფერს აკეთებდა ჩვენი წარმატებისათვის. ხაშურიდან ათასობით გულშემატკივარი ჩავიდა თბილისში”…
ხაშურის სპორტს კიდევ ერთი კაცის სახელი შერჩა _ ვლადიმერ ზანიერი. ეს ქართველი იტალიელი, დამსახურებული მწვრთნელი და მასწავლებელი, რომლის დიდი მონდომება მისი შეგირდების წარმატებებში აისახებოდა ხოლმე.
ხაშურში კი ისევ აგრძელებს სპორტის ტრადიციებს სასპორტო სკოლა, როგორც სიმბოლო ჩვენი შეუდრეკელი ნებისა, ხოლო მისი ხელმძღვანელები _ გია ღამბაშიძე და ჯემალ კიკნაძე (ბუდღუ) ჭეშმარიტი ხაშურელები არიან, ფანატიკურად რომ უყვართ სპორტი და საკუთარი ცხოვრებაც რომ მას მიუძღვნეს.
თენგიზ ოსაძე კი ჩემი თაობის ხაშურის ფეხბურთის ვარსკვლავი გია ღამბაშიძესთან ერთად იხსენებს იმ წლებს, როცა მათი თამაშით აღფრთოვანებული ხაშურელები დითირამბებს უძღვნიდნენ და სიყვარულსა და ერთგულებაში უტყდებოდნენ. აკი წერდა კიდეც რაიონული გაზეთი თენგიზ ოსაძის შესახებ: “ფეხბურთი მისთვის ყველაფერია.. მისი არსებობის მთავარი ნაწილია. ეს სიყვარული წლებმა გამოჭედა. მისი დარი ფეხბურთელები “ივერიის” ყველა თაობისათვის არიან საჭირონი. მას ყველა იცნობს, ვისაც უყვარს და თაყვანს სცემს ფეხბურთს”.(გ. კოშკაძე)
ხაშურელი გოგონების გუნდმა კი საქართველოს ჩემპიონები რომ გახდნენ “ფოკს
კიდში” მთელი საქართველო აალაპარაკა, და ჰოლანდიაშიც იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატში, ხოლო მათი მწვრთნელი, დიდებული ხაშურელი და მოქალაქე, ერთგული და საიმედო მეგობარი თემურ კობერიძე მომავალსაც იმედიანად უყურებს. იმდროინდელი პრესა კი წერდა: ,,24 მაისი ის დღეა, რომელმაც დიდი სიხარული მოუტანა ჩვენს რაიონს. დღე, რომელმაც ყველა ხაშურელის გულში სიამაყის გრძნობა აანთო და ქალსაც და კაცსაც სიხარულის ცრემლით დაუსველა თვალები.
ამ დღეს ხაშურის ცენტრში შეკრებილი ასობით გულშემატკივარი ელოდებოდა იმ პატარებს, რომლებიც ამ სიხარულის შემოქმედნი იყვნენ. ხაშურის რაიონის 13 წლამდე ასაკის ფეხბურთელ გოგონათა გუნდმა ,,ფოქს კიდის” თასის გათამაშებაში მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა, რომელიც ჰოლანდიის ქალაქ როტენდამში ივნისის ბოლოს გაიმართება”.
გუნდის მწვრთნელი თემურ კობერიძე კი ამბობდა: ,,24 მაისი ჩვენი ქალაქის ისტორიისათვის და პირადად ჩემს ცხოვრებაში, არის გამორჩეული თარიღი, იმიტომ რომ ჩემმა პატარა გოგონებმა შეძლეს გამარჯვება ,,ფოქს კიდსის” თასის მსოფლიოს პირველობაზე.
ეს ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთებია. სხვა სიტყვები არ მოიძებნება ამის გადმოსაცემად.”
***
,,ნებისმიერი ქალაქი საერთო სახეს ადამიანები ქმნიან. თუ კაცი რომელიმე ქალაქში ნამყოფი არაა, მასზე წარმოდგენა იმ ადამიანით ექმნება, ვინც იმ ქალაქის მკვიდრია და ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან ნებისმიერი ჩვენტაგანი მშობლიური ადგილის საერთო სხეულის ერთიანი ნაწილი და განუყოფელი უჯრედია. ხაშურს, ღმერთის წყალობით არასოდეს აკლდა ის პიროვნებები, რომლებსაც ძალზე შორს გაუტანიათ მისი სახელი. ზოგჯერ იქაც კი სადაც არათუ ხაშურის, არამედ იმ ქვეყნის ადგილმდებარეობაც კი არ სცოდნიათ, რომელსაც ეს ქალაქი ეკუთვნის. თემურ რუხაძე სწორედ ერთ-ერთი მათგანია. ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში ყოფილი საბჭოთა კავშირის უამრავ ქალაქში სწორედ მის სახელთან ასოცირდებოდა ხაშური.
უბადლო მორაგბეს, შესანიშნავ სპორტსმენს ამხელა სივრცეში ყველგან სცნობდნენ და პატივს მიაგებდნენ. დღეს თუ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთს, რუმინეთს, ესპანეთს, პორტუგალიას და თვით საფრანგეთს ამარცხებს, ამ წარმატებათა საფუძვლის ჩამყრელი თემურ რუხაძეცაა”,_ წერდა გაზეთი ,,ხაშურის მოამბე” 2002 წლის 23 მაისს”.

მურად მთვარელიძე ,,ხაშურის მისტერია”

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!