სამი მადლი, რომელიც ვალერი გელაშვილმა უნდა ჰქმნას

 თავდაპირველად­­ გაუკვირდათ. შემდეგ გაიოცეს, მერე ოცნებებში ესეც იოცნებეს, რომ ბატონი ვალერი მოგვხედავს გვიპატრონებსო. ოცნება ოცნებად დარჩა, კვირაცხოვლის ტაძარი კი ისევ სურამის ყველაზე თვალსაჩინო ადგილასაა და უკანასკნელ მადლს გვახსენებს, რომელიც ბიზნესმენმა თავისი მშობლიური რაიონისთვის ჰქმნა.

მადლი ჰქმენი, ქვაზე დადე, გაიარე წინ დაგხვდება! – უთქვამთ ჩვენს ბრძენ წინაპრებს. მაგრამ ნაოცნებარ საზოგადოებას ახალი მადლი სჭირდება, რომელიც ზოგისთვის არც თუ ისე რთული საქმეა.

ეს წერილი იმ უკიდურესობამ განაპირობა, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში სუფევს. პატარა რაიონის ძალიან მწირი ბიუჯეტი ვერ წვდება ბევრ რამეს რაც ქალაქ ხაშურისთვის და მთლიანად მუნიციპალიტეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დრო არ იცდის! თაობები იზრდებიან და მათ სჭირდებათ უკეთესი მომავალი!

სახლამდე მიმავალი მოასფალტებული გზა კარგია, მაგრამ ღვთის წყალობით კიდევ ბევრს აქვს სახლი, მაგრამ არც თუ ისე მოასფალტებული, არამედ დანგრეულ-დაფახფახებული კარ-მიდამო და კიდევ ეს უგზოობა 21-ე საუკუნის ქალაქში და იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროპისკენ სწრავაზე აქვს პრეტენზია. უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონებიანო ნათქვამია, მაგრამ ჩვენ რა ეშმაკი გვეტაკა ასეთი, რომ მას თავი ვერ დავაღწიეთ არ ვიცი. ჩვენთვის ვერავინ მოიცალა. მადლობა ღმერთს, რომ სულიერება ჯერ კიდევ შეგვრჩენია და ხაშურის მუნიციპალიტეტის სიცოცხლეს ჩვენს ეპარქიაში მოღვაწე ღირსეულ მამათა ლოცვა თუ აძლიერებს, თორემ დიდი ხანია გაქრებოდა. აბა სხვა რას უნდა მიაწერო რომ კომუნისტური ეპოქის შემდეგ აქ არც არაფერი აშენებულა და არც განახლებულა, გარდა ალაგ-ალაგ უხეიროდ შერემონტებისა.

მადლობა უფალს, რომ მალე ქვიშხეთში წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყება. მადლობა უფალს, რომ ხაშურში ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას ტიპის აღდგომის სახელობის ტაძარი შენდება ჩვენი მეუფის, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის ინიციატივით. დიდად ეხმარება ხაშურს ინტელექტუალი საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი ვაჟა შუბითიძე, რომელიც ღირსეულად ჩაუდგა სათავეში ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მართლაც ხაშურის კულტურული ცხოვრების, ახალგაზრდული ინიციატივების და სხვა მრავალი სიკეთის მხარდამჭერია, მაგრამ ისევ მწირე ბიუჯეტს რომ მივუბრუნდეთ ის ვერ სწვდება იმ ყოველივეს, რაც მას ძალუძს, რომ გააკეთოს.

კვლავ ,,ოცნებას“ მივუბრუნდეთ. ადრე არ გააკეთებინეს იმ ,,ნაციონალებმა“ და ახლა ხაშურს ააყვავებსო. ხმა მიეცით და გადაგვარჩენსო… ,,ნაციონალებისგან“ გაპარდახებულ ქალაქს და მუნიციპალიტეტს არ ჰყოფნის მხოლოდ ოცნება. არც ,,ბრძენი“ ხალხის იმედი გამართლდა. ბატონი ვალერი გელაშვილი ხშირად გვევლინება ტელეეკრანებზე, პრესაში გვერდები ეთმობა მასთან ინტერვიუებს, მის შეხედულებებს აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტზე. მაგრამ პრესას არაა მოწყურებული ხაშურელი ახალგაზრდობა, მათ ვერც მისი ქონების საჯარო განხილვა შეუქმნის უკეთეს მომავალს, არამედ მხოლოდ ის მადლი, რომელსაც ხაშური ვალერი გელაშვილისგან მოელოდა და მოელის.

მაშ, ასე! მთავარ თემას და ამ წერილის დასკვნას მივადეგით. ვალერი გელაშვილმა სამი მადლი უნდა უძღვნას მშობლიურ რაიონს, ამას ვინმე ავალდებულებს? რასაც მისი მანდატი ავალდებულებს არც ისაა მაინცდამაინც სრულქმნილი, მაგრამ ვალდებულებას რომ თავი დავანებოთ არსებობს უფრო ზნეობრივი, სულიერი და ზე აღმატებული მადლმოსილება, რომელიც აუცილებელია ჩვენი პატრიოტიზმის დასამტკიცებლად, მითუმეტეს თუ კოსმოპოლიტიზმის მაღალმორალურ იდეებს ვეთამაშებით.

მადლი I –  ხაშურის გრიგოლ ჯომართიძის სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია, ან ახლის აშენება უფრო საიმედო ადგილას. ხაშურის ,,ივერია“ დღეს ბორჯომის სტადიონზე თამაშობს, საკუთარ ქალაქში არ აქვს ახალგაზრდებს ის გარემო, რომ ჭეშმარიტად კარგი ფეხბურთი ითამაშონ, რომ შეძლონ ცხოვრებაში სპორტული წარმატებების მოპოვება და ა.შ. -ბატონო ვალერ, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ამბობს, რომ სტადიონის რეაბილიტაცია მათი პრეროგატივა არაა, ხაშურის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობები კარგად (ალბათ) გეცოდინებათ. ამიტომ  ექნება თუ არა ხაშურს სტადიონი ეს თქვენს მადლზე და კოსმოპოლიტიზმზეა დამოკიდებული.

მადლი II – ხაშურის კულტურის სასახლე, ყოფილი რკინიგზის კულტურის სასახლე, რომელიც თავის დროზე კოტე მარჯანიშვილმა გახსნა. ამ სცენაზე უთამაშიათ ქართული თეატრის კორიფეებს მაგალითად მოვიყვან ლეგენდარულ ვერიკო ანჯაფარიძეს, გამოსულან სახელოვანი პოეტები გალაკტიონ ტაბიძის თამადობით და სხვანი და სხვანი… ხაშურის კულტურული ცხოვრება მნიშვნელოვანწილადაა დაკავშირებული ამ სასახლესთან და თქვენ შეგძლიათ მადლი გაიღოთ მისი სრული რეაბილიტაციისთვის და თანამედროვე სტანდარტებით აღდგენისათვის.

მადლი III- ზემო სერის პარკის აღდგენა. ალბათ გემახსოვრებათ ამ პარკის დიადი წარსული. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ადგილი ხაშურელი ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის. დღემდე მას მისტირის უფროსი თაობა, ვინაიდან ახალგაზრდა თაობა ამ პარკის ხსოვნაზე და ნანგრევებზე გაიზარდა. მისი აღდგენაც თქვენს მადლზეა დამოკიდებული და თქვენს პატრიოტიზმზე.

მგონი საკმარისია სამ მადლზე შევჩერდეთ, რომ ბატონი ვალერი საქართველოს ისტორიაში და თავის მშობლიურ ქალაქში დარჩეს როგორც აღმშენებელი. ბატონო ვალერ, ეს მადლი თქვენს კეთილ ნებას და თქვენს მოვალეობას ელოდება ქვეყნის და ხაშურის წინაშე. ან თქვენს შუამდგომლობას მრავალრიცხოვან საჭირო კონტაქტებთან, რომელიც უეჭველია რომ გაქვთ, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებაში, აგრეთვე თქვენს ბიზნეს სანაცნობოში.

გისურვებთ წარმატებებს და გულისხმიერების გამოჩენას. ვისურვებდი რომ ბევრი მადლი გექმნათ თქვნი ერისა და ქვეყნისთვის. აი მაშინ კი რეალურად ახდებოდა ხაშურის მრავალრიცხოვან ოცნებათაგან უმნიშვნელოვანესი! სხვა ოცნებას კი სხვები აახდენენ, მთავარია თქვენ შეუწყოთ ხელი ამ ოცნებების ახდენას.

პატივისცემით

Khashuri News

311315_281510711859511_1005630675_n

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!