მეუფე სვიმეონის ქადაგება

16 ნოემბერს, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა მეუფე სვიმეონმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ მრევლს უქადაგა და წმიდა ნიკოლოზის მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა რომ წმიდა ნიკოლოზის დამსახურებაა, რომ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს საკუთარი წესი წირვის აღვლენისა და ჰიმნოგრაფიული მოღვაწეობით დიდი წვლილი აქვს შეტანილი მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

მეუფე სვიმეონმა მრევლს მოუწოდა, რომ წირვა-ლოცვას განსაკუთრებული ყურადღებით უსმინონ და არ გაეფანტოთ გონება, ვინაიდან ეს ყოველივე აძლიერებს ადამიანს და ცხოვრების ერთგვარი სამოქმედო გეგმაა. მეუფემ კიდევ ერთხელ შეახსენა ტაძარში მყოფთ, რომ გაითავისონ 10 მცნება, 9 ნეტარება და ყოველივეს გულისყურით მოეკიდონ. სწორად შეასრულონ ყველა მართლმადიდებლური წესი.

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა მრევლს მოუწოდა, ყოველ ქუჩაზე აღიმართოს ხატი იმ წმიდანისა, რომელიც ამ ქუჩის მფარველი იქნება და ხატი და ქუჩა იკურთხება სასულიერო პირების მიერ. მისი მოწოდებით ხატი უნდა აღიმართოს ქუჩის იმ ნაწილში სადაც ყველაზე ხშირად მოძრაობენ ქუჩის მცხოვრებნი, რათა მათ სულ ახსოვდეთ უფლის და წმიდანთა მფარველობა და შემწეობა, ქუჩის მეორე ბოლოში კი აღიმართოს ჯვარი. ამ გზით ყველა მცხოვრების ოჯახი დაცული და დაფარული და კურთხეული იქნება ღვთისგან. მეუფემ ისიც აღნიშნა, რომ შესაძლებელია ამ დროისთვის, ზამთრის მოახლოების გამო გართულდეს ამ ყოველივეს აღსრულება, მაგრამ მრევლს მზადტყოფნა უნდა ჰქონდეს, რომ როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ აღმართონ ხატი და ჯვარი.

მეუფის ლოცვა-კურთხევით ხაშურში, წმიდა დიმიტრი ყიფიანის სკოლა-პანსიონში მოწვეულია იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკი. სურამისა და ხაშურის ეპარქიის ყველა სასულიერო პირი გაიღებს სისხლს, რათა დაეხმარონ ლეიკემიით დაავადებულ პატარებს. მეუფემ მრევლსაც მოუწოდა, რომ ამ აქციაში მიიღონ მონაწილეობა. აღნიშნული აქციის შესახებ წინასწარ იქნება დაანონსებული და ყველა მოქალაქეს შეეძლება ამ მადლიანი საქმის განხორციელება.

მეუფე სვიმეონმა თავის ქადაგებაში მრევლს მოთმინებისკენ მოუწოდა და განსაცდელის ჟამს თმენისა და ლოცვის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა რომ ცხოვრებაში ბევრი რთული მომენტია, თუმცა ღვთის შეწევნით, ყოველი სირთულე დაიძლევა და ადამიანს უფალი განსაცდელის ჟამს არასდროს მიატოვებს.

16.11.2014

გიორგი ჩუბინიძე

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!