თაღლითობა, თუ გმირობა – “დიმიტრი ყიფიანი 200”

ყველაფერი მთაწმიდაზე დროშების ფრიალით დაიწყო. წმიდანის საფლავთან შეკრებილმა საზოგადოებამ პატივი მიაგო დიმიტრი ყიფიანის ხსოვნას და ქართული ხალხური სიმღერა გაისმა. ეს ამბავი რომ გავიგე თავდაპირველად გული დამწყდა რატომ არ მომეცა საშუალება დავსწრებოდი ამ ღონისძიებას. რატომ არ გაახსენდათ  დიდს, ან პატარას ახალგაზრდები? ის ახალგაზრდები პირველად რომ მუზეუმი იხილეს და მას შემდეგ აქტიურად წერდნენ და სხვადასხვა აქტივობების წყალობით საზოგადოებრივი ცნობიერების გაღვიძებას და წმიდა დიმიტრი ყიფიანის ღვაწლის დაფასებას ითხოვდნენ. მის დასაფასებლად კი ნახევრად დანგრეული მუზეუმის რეაბილიტაციას. მათი ეს მცდელობა ხომ წარმატებით დაგვირგვინდა.

ეს ყოველივე ამით დასრლდა? ან ეს ყოველივე ასე დაიწყო?

შესავალში როგორც ვთქვი გული დამწყდა, რომ 19 სექტემბერს ვერ დავესწარი დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 200 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, თუმცა მოგვიანებით, როდესაც პირველად კონცერტის ჩანაწერები ვიხილე მადლობა შევღაღადე უფალს, რომ იქ არ ვიყავი. მკრეხელობა, შეურაცხყოფა და დიდი გაუგებრობა – აი ის შეფასებები რაც საზოგადოების სრულმა უმრავლესობამ გამოთქვა ამ ჩანაწერების ნახვის შემდეგ.

გავიხსენოთ ერთი მომღერლის ეს ფრაზები: ,,ვხედავ რა ამ ბრწყინვალე საზოგადოებას, ქალბატონებიც აქ სხედან და ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას ერთი ჩემი საყვარელი სიმღერა არ შეგისრულოთ… ,,ბონა სერა სენიორინა“ … ბატონი დიმიტრი ძალიან დიდი სიყვარულისა და ქალბატონების მოყვარული იყო ამიტომ ამ სიმღერას თქვენ მოგიძღვნით“.

ამ ღონისძიებების ორგანიზატორს, ბატონ ბონდო კობაძეს თავის დამსახურებათა ჩამოთვლისას არ გახსენებია სხვათა დამსახურებანი, რომლებმაც ძალიან დიდი ენთუზიაზმით შეამზადეს ნიადაგი მუზეუმის რეაბილიტაციისთვის. გაგიკვირდებათ და მას არ გახსენებია დიმიტრი ყიფიანის შთამომავლის ქალბატონ თამარ მიქაძის ოჯახი. აი რას წერს სოციალურ ქსელში ქალბატონი თამარი წიგნის შესახებ, რომელიც ბონდო კობაძის მიერ გამოიცა:

,,სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – თაღლითობაა ისეთივე, როგორც კონცერტია . წიგნის ნახევარი დიმიტრის მემუარებია, მეორე ნახევარი 80% მოპარულია ჩვენი, 2009 წელს გამოცემული ალბომიდან, ექსკლუზიური მასალაც კი. მეგობრებო, ძალიან შეწუხებული ვარ!“

Jრამდენიმე დღის წინ ტელეკომპანიო ობიექტივის ეთერში კიდევ ერთი გადაცემა მიეძღვნა დიმიტრი ყიფიანიადმი მიძღვნილ ,,კონცერტს“. ამ გადაცემაში კი კვლავ მხოლოდ ბონდო კობაძე იყო მიწვეული და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე. ბატონი ვაჟა ძირითადად დიმიტრი ყიფიანის მოღვაწეობაზე საუბრით შემოიფარგლა, რაც შეეხება ბონდო კობაძეს კვლავ მის ,,საგმირო“ საქმეთა შესახებ მოგვითხრობდა. როგორც გადაცემის წამყვანი ქალბატონი ია ბაგრატიონ-მუხრნელი ამბობს მან, როდესაც დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი იხილა  გულდათუთქული დარჩა. დათუთქული გულების მოშუშება კი შესაძლებელია ,,ბონა სერა” კონცერტებით და წმიდანის სახელის ასეთი შეურაცხყოფით?

ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს და საზოგადოება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს ასეთ გაუგებრობაში. 12 ნოემბერს, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში იგეგმება წმიდა დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 200 წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია. კონფერენციაზე აკადემიურ საზოგადოებაში გავიხსენებთ დიდი წინაპრის ღვაწლს და მივაგებთ მას სათანადო პატივს.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!