ხაშურის მერის ანაზღაურება ,,მათხოვრული ხელფასების” ფონზე
2023 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ხაშურის მერის, თენგიზ ჩიტიაშვილის წლიური სახელფასო შემოსავალი, 2022 წელს, 48.867 ლარი იყო. ეს თანხა თვიურ შემოსავალზე რომ გადავიყვანოთ 4.072 ლარია. ეს მაშინ, როცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების, საბიბლიოთეკო გაერთიანებისა და მერიას დაქვემდებარებული სხვა ააიპ-ების თანამშრომლების ხელფასი 280 ლარია.
ტელეკომპანია ,,მონიტორინგის” კითხვას, თუ რას ფიქრობს ხაშურის მერი ბიბლიოთეკარების ანაზრაურებასთან დაკავშირებით, ასე გამოეხმაურა – ,,სამწუხაროდ ესეა (მცირეა), მაგრამ ყოველწლიურად 10%-ით ემატებათ ხელფასი”.
მუზეუმისა და ბიბლიოთეკის თაამშრომლები უკვე საჯაროდაც გამოხატავენ უკმაყოფილებას კუთვნილ ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელისთვის პრობლემა გლობალურია. კლარა გელაშვილის განცხადებით პრობლემა ,,გლობალურადაა საქართველოში და არა მარტო ხაშურის რაიონში. ეს ზემოდან მოსაგვარებელი საკითხია”.
საკითხის მიმართ კრიტიკულია ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების მმართველი, ისტორიკოსი თამაზ ლაცაბიძე – ,,280 ლარი, – სირცხვილია, იგივეა მუზეუმშიც” – წერს იგი. მანამდე, თამაზ ლაცაბიძემ, ხაშურის საკრებულოს სხდომაზე მიწვევისას აღნიშნა, რომ ,,მათხოვრული ხელფასით დავიწყე და მათხოვრული ხელფასით ვასრულებ მუშაობას”. ლაცაბიძის ამ განცხადების პასუხად საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მუზეუმებში ,,სწორი მენეჯმენტი არ არის”. როგორ აპიებს მუზეუმი ,,სწორი მენეჯმენტით” მუშაობას 280 ლარიანი ხელფასებით, ამ საკითხზე მსჯელობა მომავლის თემაა.