,,უფრო ზემოდან მოსაგვარებელი საკითხია” – კლარა გელაშვილი თანამშრომლების ხელფასებზე

ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლები უკვე ღიად საუბრობენ მიზერული ანაზღაურების შესახებ. ამ საკითხზე, 26 აპრილს, ტელეკომპანია ,,მონიტორინგმაც” მოამზადა სიუჟეტი. თემაზე კომენტარი ხაშურის მერმა და ბიბლიოთეკის ახლადდანიშნულმა მმართველმა გააკეთეს. კლარა გელაშვილის განცხადებით თანამშრომლების მიზერული ანაზღაურების პრობლემა ,,გლობალურადაა საქართველოში და არა მარტო ხაშურის რაიონში. ასე რომ უფრო ზემოდან მოსაგვარებელი საკითხია”.
ხაშურის მერის, თენგიზ ჩიტიაშვილის განცხადებით კი ბიბლიოტეკარების ანაზრაურება ,,სამწუხაროდ ესეა (მცირეა), მაგრამ ყოველწლიურად 10%-ით ემატებათ ხელფასი”.
შეგახსენებთ, რომ ხაშურის ბიბლიოთეკის რიგითი თანამშრომლის ხელფასი დღეს მხოლოდ 280 ლარს შეადგენს. ეს მაშინ, როცა ქვეყანაში საარსებო მინიმუმი, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 256 ლარია, რაც შეეხება პენსიას, იგი 2022 წლის მიხედვით, 70 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის 260 ლარია, ხოლო 70 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის 300 ლარი. მაშასადამე, ხაშურელი ბიბლიოთეკარების ხელფასს არსებობის დანიშნულება აქვს და რთულია ამ რაოდენობის ანაზღაურებით სრულფასოვანი ცხოვრება შეძლო. ის პენსიის მოცულობასაც კი ჩამორჩება.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!