დიმიტრი ყიფიანის მუზეუმს ტერიტორიას ართმევენ?!

ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების მმართველი, ისტორიკოსი თამაზ ლაცაბიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის ირგვლივ არსებულ მძიმე მდგომარეობას აღწერს. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,მაინც რა ბედი დაჰყვა დიმიტრი ყიფიანს… ჯერ იყო და, სამშობლოს სიყვარულისთვის, ახალგაზრდობაში ვოლოგდაში გადაასახლეს. მერე მოხუცებულობაში სტავროპოლში. უფრო მეტიც, სამშობლოს, მამულის სიყვარული არ აპატიეს და აკაკის სიტყვებით, რომ ვთქვათ, ,,ის ტვინი, რომელიც, საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს. და იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“. მერე, ათწლეულები კედელთან იყო მიყენებული და ვისაც არ ეზარებოდა, ყველა მიზანში სროდა… მერე მის კარმიდამოზე მწერალთა დასასვენებელი სახლი მოაწყეს. ბევრი რამ მაშინ განადგურდა და დაიკარგა, ყიფიანისეული ავეჯი და ნივთები გაიტანეს, სახლი საგრძნობლად გადააკეთეს. ერთ დროს ,,ვერსალის ნატეხად“ აღქმული სახლი დაზიანდა და დაკარგა თავისი პირვანდელი სახე, გამოუსწორებელი ზიანი მიადგა მის მემორიალურობას. აღარაფერს ვამბობ დიმიტრის კარმიდამოზე, რომელიც მიიტაცეს და დაისაკუთრეს. ვინ აღუდგებოდა ამ პროცესს, ვინ დაიცავდა დიმიტრი ყიფიანს. მის შთამომავლებს საარჩევნო ხმის უფლებაც ჩამორთმეოდათ და შიშით ვინ გაბედავდა წინააღმდეგობის გაწევას. დიდი მამულიშვილის მუზეუმზე ლაპარაკიც ხომ წყლის ნაყვა იყო, მის სახლში ერთი ოთახიც არ გამოიძებნა მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენის მოსაწყობად. ახლა, თითქმის ორმოცწლიანი დიდი ბრძოლის შემდეგ, როცა მოხერხდა მისი მუზეუმის დაარსება და შენობის რეაბილიტაცია, ვფიქრობდით გზადაგზა, თანდათან აღგვედგინა დიდი მამულიშვილის კარმიდამოს მემორიალურობა. ამით გვინდოდა, ჩვენი უღრმესი მოკრძალება გამოგვეხატა დღეს უკვე საქართველოს ეკლესიისგან წმინდანად შერაცხული დიდი წინაპრისადმი, ვფიქრობდით, მაგრამ… შექმნილმა მდგომარეობამ ახალი პრობლემის წინაშე დაგვაყენა. ახლაც სიამოვნებით მოკლავდნენ დიმიტრი ყიფიანს… არა, თუ არ მოკლავდნენ, მისი კარმიდამოდან მაინც გაასახლებდნენ თუნდაც ვოლოგდაში, ან თუნდაც სტავროპოლში… სხვას ვერაფერს იფიქრებს კაცი, როცა ზოგიერთი მეზობლის მხრიდან დიმიტრის საკარმიდამო ნაკვეთის ხელყოფას, მიტაცებას, სათავისოდ გამოყენებას უყურებ. იქნებ, ვინმე შემოგვედავოს, ნაკვეთის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, რას ერჩით მეზობელსაო… ჯერ ერთი, მიტაცებულ ნაკვეთში სხვა რამის გაკეთებას ვაპირებდით და მეორეც, როგორი კარგი საქმეც უნდა კეთდებოდეს, ირღვევა ისედაც შელახული საკარმიდამოს მემორიალურობა… მიტაცებულია ვრცელი ტერიტორია (თუ არადა, როგორ დავიცავით 90-იან წლებში ეს ყველაფერი მოძალებული ,,ინვესტორებისაგან“ ცალკე სალაპარაკოა), მოშლილია საზღვარი ყიფიანის მამულსა და მეზობელს შორის, მუზეუმის მხრიდან კაპიტალურად ჩაუღობავთ რკინის ბადით, სამადლოდ, კარები კი დაუყოლებიათ, მაგრამ ბოქლომის დადება არ დავიწყნიათ და თუ მავანის ნება არ იქნება, გეკრძალება დიმიტრისეულ საკარმიდამოზე ჩასვლა… მიუხედავად ჩვენი, და არა მარტო ჩვენი, არაერთგზის გაფრთხილებისა, ახალი მეზობელი ნაკვეთში კვლავ გამალებულ სამუშაოებს აწარმოებს… ავი ენები იმასაც ამბობენ, რომ ამ ტერიტორიას ახალი მეზობელი მალე ,,დაითრევსო“… ნეტავი, ვინც ამას ამბობს, ისიც ხომ არ იცის, ახალ მეზობელს ზურგს ვინ უმაგრებს და აქეზებს, მიდი, ნუ გეშინია, ნაკვეთი რამდენიც გინდა მიიტაცე, და რაც გინდა გააკეთე, შემომდავებელი არავი იქნებაო… სხვათა შორის, მეზობელს თავისი დასასვენებელი სახლისთვის ძალზე პრესტიჟული სახელი – ,,მწერლები“, დაურქმევია… როგორი ამბავია, ,,მწერლები“ იტაცებენ დიმიტრი ყიფიანის საკარმიდამო ნაკვეთს… დავიჯერო, ვერ აცნობიერებენ, რომ სხვისი ქონების ხელყოფა კანონით დაუშვებელია… მიტაცებულ ნაკვეთს, ალბათ, იურიდიული გაფორმებაღა აკლია, წამქეზებელიცა და მიმტაცებელიც გირსაც მოძებნიან, რომ კიდევ ერთხელ დაჰკრან თავში ქვეყნისათვის თავდადებულ რაინდს… იქნებ, ჰგონიათ, რომ დიმიტრი ყიფიანს პატრონი და გულშემატკივარი არა ჰყავს? თუ ასე ფიქრობენ, უნდა შევახსენო, რომ პატრონიცა და გულშემატკივარიც სრულიად საქართველოა, ქართველი ხალხია, რომელიც არ დაუშვებს წმინდა დიმიტრი ყიფიანის ხელმეორედ მკვლელობას. ხელები შორს სამშობლოსათვის წამებული წმინდა დიმიტრი ყიფიანის კარმიდამოსაგან! ქართველი საზოგადოებისგან ველით გამოხმაურებას, დავუბრუნოთ საკარმიდამო ნაკვეთი კანონიერ მფლობელს – ქვიშხეთის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმს”.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!