ხაშურელი ბიბლიოთეკარების ხელფასი 280 ლარია

ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ბიბლიოთეკას მეორე წელია რაც ხელმძღვანელი არ ჰყავდა და მის მოვალეობას დაწესებულების ბუღალტერი ასრულებდა.
ბიბლიოთეკის ახალ ხელმძღვანელობას მრავალი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი და ამ პრობლემათაგან უმთავრესს, თავად თანამშრომლები, დაბალ ანაზღაურებას ასახელებენ. ხაშურის ბიბლიოთეკის რიგითი თანამშრომლის ხელფასი დღეს მხოლოდ 280 ლარს შეადგენს. ეს მაშინ, როცა ქვეყანაში საარსებო მინიმუმი, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 256 ლარია, რაც შეეხება პენსიას, იგი 2022 წლის მიხედვით, 70 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის 260 ლარია, ხოლო 70 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის 300 ლარი. მაშასადამე, ხაშურელი ბიბლიოთეკარების ხელფასს არსებობის დანიშნულება აქვს და რთულია ამ რაოდენობის ანაზღაურებით სრულფასოვანი ცხოვრება შეძლო. ის პენსიის მოცულობასაც კი ჩამორჩება.

ეს ყოველივე ხდება იმ ფონზე, როცა რეგიონები ახალგაზრდებისგან დაიცალა, ბიბლიოთეკა კი თანამედროვე გაგებით მუნიციპალიტეტების განათლებისა და კულტურის მულტიფუნქციურ ცენტრს უნდა წარმოადგენდეს და სერიოზული სამუშაო უნდა გასწიოს საზოგადოების საკეთილდღეოდ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საბიბლიოთეკო გაერთიანებისთვის გამოყოფილი თანხა 204 410 ლარს შეადგენს, აქედან 153 000 ლარია გამოყოფილი სახელფასო ანაზღაურებისთვის. ,,ხაშური ნიუსი” შეეცდება გაარკვიოს რა პრინციპითაა გამოყოფილი ასეთი მცირე თანხა ბიბლიოთეკისთვის, რომელსაც კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით ასეთი დიდი ფუნქცია აქვს.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!