რედაქტორის ბლოგი: ,,ალო, ალოო, ალო, ალოო” – ჩაუშესკუ მკვდარია!

,,ალო, ალოო, ალო, ალოო” – ეს რუმინული კომუნიზმის ლიდერის, ნიკოლაი ჩაუშესკუს უკანასკნელი სიტყვებია, ვიდრე სამუდამოდ დაკარგავდა ქვეყნის მმართველის ლეგიტიმაციას.
ზუსტად 30 წლის წინ, რუმინეთის პრეზიდენტი ნიკოლაი ჩაუშესკუ და მისი მეუღლე, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ელენა შემზარავ ვითარებაში დახვრიტეს.

ისტორია არაა მხოლოდ მშრალი ფაქტები, რომელსაც გვერდი ასე მარტივად უნდა ავუაროთ. ისტორია მომავალი პოლიტიკური ცხოვრების დაგეგმვაშიც გვჭირდება და ზოგადად, სწორი ნაბიჯების გადადგმაში, გააზრებაში გვეხმარება.

რატომ დაამხეს ერთ დროს ხალხის საყვარელი ლიდერი ჩაუსესკუ? საყვარელი ლიდერი იყო, თუ ძალაუფლება გამტკბარი ადამიანი, რომელმაც ხალხს თავი შეაზიზღა იმით, რომ უნდოდა ყველას ჰყვარებოდა.

რატომ ჰქონდა ჩაუშესკუს დიადი შენობების შენების ტრფიალი? რა იყო განათლების არ მქონე, რიგითი რუმინელის ძალაუფლების უმაღლეს საფეხურზე მოხვედრის და იმავე სიმაღლიდან მისი გადმოგდების მიზეზი?
ამ კითხვებზე ისტორიამ ბევრჯერ და ბევრგან გასცა პასუხი, მაგრამ ყოველი ხელისუფლება, ვინც ძალაუფლებას ნაბიჯ-ნაბიჯ ამეტებს, იმავე შეცდომას უშვებს. ბოლოს ყველა ემხობა.

33 წელი ძალიან ცოტა დროა ისტორიისთვის. მოქმედ პოლიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ ჩაუშესკუს რუმინეთი, თუ არ ახსოვთ უნდა სმენოდეთ ან ახლა გაიგონ. დღეს არავის ან ვერავის დახვრეტენ, მაგრამ ყველაზე დიდი სასჯელი ლეგიტიმაციის დაკარგვა და ხალხის, საზოგადოების სიძულვილია.

რუმინელთა ნაწილს დღესაც უყვარს ჩაუშესკუ. მის საფლავზე არ ჭკნება ყვავილები. ასეთებიც იძებნებიან. ჩაუშესკუ ცოცხალი აღარაა, მისი მოყვარული ძალიან ცოტაა.

ასეა ჩვენს დროშიც. ჩვენს დროშიც უყვართ ან სძულთ ძალაუფლება დაკარგული ლიდერები, მაგრამ ისინი ვერ/ვეღარ ქმნიან პოლიტიკურ ამინდს, არადა ისევ ძალაუფლებას მისტირიან.

ჩაუშესკუ მკვდარია, რუმინეთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა. მის აშენებულ უზარმაზარ შენობებში დემოკრატიული ინსტიტუციებია განთავსებული. მის სასახლეებში მუზეუმები და კულტურის დაწესებულებები. რუმინეთში სხვა პოლიტიკოსები და ჯერ კიდევ ჩაუშესკუს დროს მცხოვრები და ახალი ხალხი.

ჩაუშესკუ მკვდარია, რუმინეთი თავისუფალია,
ისტორია არის იმისთვის, რომ გავიაზროთ და ვისწავლოთ და არა მხოლოდ წავიკითხოთ და წაკითხულიც ისტორიის ნაწილად ვაქციოთ.

გიორგი ჩუბინიძე

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!