ხაშურის ქალაქად გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა
ხაშურს 2021 წელს 100 წელი შეუსრულდა მას შემდეგ, რაც ქალაქის სტატუსი მიიღო. ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ეს სტატუსი საქართველოში რკინიგზის განვითარებამ და დასახლებული პუნქტის, ხაშურის მოსახლეობის ზრდამ გამოიწვია. გასულ წელს ამ თარიღის აღნიშვნა პანდემიური სიტუაციის გამო ვერ მოხერხდა ხოლო წელს, 27 აპრილს ხაშურში არსებულ ამერიკულ კუთხეში კონფერენციით აღინიშნა.
გიორგი ჩუბინიძე, კონფერენციის ორგანიზატორი: ,,ქალაქი ხაშურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია როგორც საქართველოს ისტორიაში, ასევე გეოგრაფიაში და საინტერესო საკვლევი თემაა სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინისთვის. როგორც ხაშურელს დიდი სურვილი მქონდა ამ თარიღის აღნიშვნაც ისტორიის ნაწილად გვექცია და ქალაქის სტატუსის უკვე ასწლოვანი თარიღი ღირსეულად აღგვენიშნა. ამ იდეის განხორციელებას ამერიკულმა კუთხემაც დაუჭირა მხარი, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, განათლებისა და კულტურის მულტიპუნქციურმა ცენტრმა და ჩვენი კონფერენცია, სხვადასხვა საინტერესო მომხსენებლის წყალობით, ვფიქრობ რომ შედგა”.
კონფერენცია ისტორიკოსმა გიორგი ჩუბინიძემ გახსნა. მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტა კონფერენციის მნიშვნელობა და მისი ჩატარების თარიღი, 27 აპრილი, რომელიც დიმიტრი ყიფიანის დაბადების დღეს დაუკავშირა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმ ადირექტორმა, ეთნოლოგიის დოქტორმა მირიან ხოსიტაშვილმა შიდა ქართლის ეთნოლოგიის საკითხები მიმოიხილა. მან ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფის მახასიათებლებზე გაამახვილა ყურადღება და ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის როლზე. მოხსენების ბოლოს მირიან ხოსიტაშვილი გამოთქვა მზაობა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა მხარს დაუჭერს ამგვარ პროექტებს და მზადაა კონფერენციის მასალების გამოცემის საკითხებიც უზრუნველყოს.
ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდების მცველმა, ასევე ეთნოლოგმა მზია ლობჟანიძემ ხაშურის დაარსების ისტორიულ ნიუანსებზე ისაუბრა. მან აღნიშნა ხაშურის ქალაქად გამოცხადების მიზეზების შესახებ და ამ საკითხის გარშემო არსებული მასალები წარმოადგინა.
ისტორიკოსმა გიორგი ჩუბინიძემ წაიკითხა მოხსენება ხაშურის მუნიციპალიტეტში ეკლესიის ისტორიის საკითხებზე, სურამისა და ხაშურის ეპარქიის ისტორიულ წარსულზე, საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებებში ხაშურის ეპარქიის კუთვნილებებზე.
ხაშურის პირველი სკოლის დირექტორმა, ისტორიკოსმა მორის დანდურიშვილმა სურამში მცხოვრები ებრაელების ისტორიის, მათი ემპირიული ცოდნის საკითხები გააცნო დამსწრე აუდიტორიას.
ხაშურის ამერიკული კუთხის კოორდინატორმა, ქეთევან მეტრეველმა ისაუბრა ხაშურის და საერთაშორისო პარტნიორების საკითხზე. საერთაშორისო ორგანიზაციების გაწეულ საქმიანობაზე ხაშურის მუნიციპალიტეტში და ამერიკული კუთხის მნიშვნელობაზე.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ნინო სუხიაშვილმა ხაშურში ქალების პოლიტიკურ, თუ საზოგადოებრივ ჩართულობაზე წაიკითხა მოხსენება.
ხაშურის საბავშვო ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ნინო შუბითიძემ ხაშურის ბიბლიოთეკის ისტორიის საკითხები მიმოიხილა და ბიბლიოთეკის საზოგადოებრივ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
კონფერენციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მომხსენებლებთან ერთად დამსწრე აუდიტორიაც მონაწილეობდა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, მისმა გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა და თანამშრომელმა ლოლა სანაიამ მომხსენებლებს ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემები გადასცეს საჩუქრად.
ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორიის კვლევა ახალი თაობისთვის ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან აქ ბევრი საინტერესო სამეცნიერო მიმართულების გამოკვეთა და გამოკვლევაა შესაძლებელი, რაც საბოლოოდ აწმყოს და მომავლის განვითარებაში მნიშვნელოვან სახელმძღვანელოდ შეიძლება შეიქმნას.