ვენაში მოღვაწე ქართველი თეოლოგი, გივი ლომიძე, მღვდლად აკუთხეს
სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ერთხანს მუშაობდა ქართველი თეოლოგი და ამჟამად უკვე სასულიერო პირი გივი ლომიძე. ეპარქიაში იგი საგანმანათლებლო მიმართულებას უძღვებოდა. ხაშურში მისი რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ იგი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 2015 წლიდან იყო ავსტრიაში ვენის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის ჰაბილიტანტი.
2016 წლის ივნისში დაინიშნა ვენის ინტერნაციონალურ-თეოლოგიურ ინსტიტუტში ეკლესიის ისტორიის პედაგოგად. ამავე წლის 1 სექტემბრიდან იგი ლექციებს კითხულობს. 2017 წლის 30 მარტს, გერმანელ პროფესორთან ერთად, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დააფუძნა „იოანე დამასკელის სახელობის ვენის სტუდენტური სახლი“.
გივი ლომიძე 2019 წლის ივნისიდან „წმიდა ეფრემ ასურის სახელობის აღმოსავლურ-დასავლური სასწავლო სამეცნიერო ცენტრის“ თანადამფუძნებელია. 2019 წლის მარტში აირჩიეს მეცნიერებისა და ხელოვნების ევროპული აკადემიის (European Academy of Sciences and Arts) წევრად. 2021 წლის 15 ივნისს, ეფრემ (გივი) ლომიძემ, ვენის უნივერსიტეტში დაასრულა ჰაბილიტაციის პროექტი თემაზე „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამოციქულო წარმომავლობის ისტორიულ-საღვთისმეტყველო რეკონსტრუქცია. საკითხი ანტიოქიურ-პეტრესეული მემკვიდრეობის ტრადიციის შესახებ მეთორმეტე საუკუნემდე არსებული წყაროების მიხედვით“, რის შედეგადაც მიენიჭა პროფესორის წოდება.
გივი ლომიძე 2017 წლის 12 აპრილს ქალაქ ბრიუსელის წმ. თამარ მეფის სახელობის საკათედრო ტაძარში ბელგიისა სა ჰოლანდიის ეპისკოპოს დოსითეოსის (ბოგვერაძე) მიერ დადგენინ იქნა საბერე მორჩილად და იმავე წლის 14 აპრილს ჰიპოდიაკვნად. იგი 2020 წლის 19 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ეპისკოპოს დოსითეოსის მიერ ბრიუსელში აღკვეცილ იქნა ბერად და ეწოდა წმიდა ეფრემ ასურის სახელი. იმავე წლის 20 სექტემბერს ბერი ეფრემი აგრეთვე ეპისკოპოს დოსითეოსის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და დაინიშნა ბრიუსელის საკათედრო ტაძარში.
2021 წლის 29 აგვისტოს, შიო მღვიმის მონასტრის ლავრაში, იეროდიაკონი ეფრემი (ლომიძე) ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსის, დოსითეონის მიერ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად და დაინიშნა ბრიუსელის საკათედრო ტაძარში.
,,ხაშური ნიუსის” რედკოლეგია წარმატებებს უსურვებს მამა ეფრემს სასულიერო და აკადემიურ-საზოგადოებრივ საქმიანობაში.