100 წელი დუმაცხოველი გმირის, გიორგი პაპუაშვილის დაბადებიდან

ჭერათხევის ხეობაში, გომი-საჩხერის მაგისტრალზე ერთი ბიუსტი დგას, რომლის ობელისკი დიდი ხანია ჩამოიშალა, მის მიმდებარედ არსებული მცირე სკვერი გაპარტახდა და დღეს მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. საბჭოთა კავშირი დიდი ხანია დაიშალა. უფრო დიდი ხანია რაც მეორე მსოფლიო ომმა ჩაიარა და დღეს, პოსტსაბჭოთა სინამდვილეში საბჭოთა წარსულის დავიწყებას ვცდილობთ… ამ ცდაში ადამიანები გვავიწყდება, რომლებიც 70 წლიანი საბჭოთა იმპერიის ხანაში გაიზარდნენ, იცხოვრეს და გარდაიცვალნენ. ფაშიზმისა და კომუნიზმის ჭიდილში ბევრი ქართველი ახლაგაზრდა მონაწილეობდა. იბრძოდნენ და მათი გაგებით სამშობლოს იცავდნენ, მაშინ მათ ერთი სამშობლო, საბჭოთა საქართველო ჰქონდათ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი პიროვნების ბიუსტი დგას სოფელ დუმაცხოვთან, მიტოვებული, უპატრონო, გარიყული გმირის ბიუსტი, რომელიც საბჭოტა კავშირზე სამართლიანად გაბრაზებულ ადამიანებს დაავიწყდათ. არადა მას წელს 100 წელი შეუსრულდებოდა.

ვინ იყო გიორგი პაპუაშვილი?

გიორგი პაპუაშვილი 1919 წლის მაისში, საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ხაშურის რაიონის სოფელ დუმაცხოვში დაიბადა. მაშინდელი საზოგადოების განწყობა დამოუკიდებლობის სულისკვეთებით იყო სავსე და ეს კარგად ჩანს ჭერათხევის ხეობაში, იმდროინდელი საფლავების ეპიტაფიებშიც კი. ყველას უხაროდა საქართველოს გათავისუფლება რუსეთის იმპერიისაგან, მაგრამ მალე, 1921 წელს საქართველო საბჭოთა რუსეთის მიერ იქნა დაპყრობილი. მაშინ გიორგი პაპუაშვილი სულ რაღაც 3 წლის იქნებოდა. თავისთავად ის უკვე საბჭოთა საქართველოში აღიზარდა და მისი ცხოვრებაც საბჭოთა საქართველოს დაცვას შეეწირა.

გიორგი პაპუაშვილმა 1928 წელს სწავლა დაიწყო დუმაცხოვის დაწყებითს სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1932 წელს. იმავე წელს განაგრძო სწავლა ალის შვიდწლიან სკოლაში, რომელიც 1937 წელს საშუალო სკოლად გადაკეთდა.  1960-იან წლებში, პრესის ფურცლებში გამოქვეყნებულ სტატიებში ვკითხულობთ:

,,დღესაც ვნახულობთ იმ დროს ალის სკოლაში მომუშავე მასწავლებელთა ნიშნებს, უკვე გაყვითლებულ ბლოკნოტებში. აქ გიორგის მხოლოდ ოთხიანები და ხუთიანები უწერია.  ერთ-ერთი მასწავლებელი იგონებს: ,,გუშინდელი დღესავით მახსოვს გიორგი პაპუაშვილის სახე. იგი ტანმაღალი, მხარბეჭიანი, პირლამაზი, თეთრი, სანდომიანი სახის ყმაწვილი იყო. სულ უკანა მერხზე იჯდა , გაკვეთილი მუდამ კარგად, გააზრებულად იცოდა, თხრობა შესანიშნავი, მიმზიდველი ჰქონდა, ბევრს კითხულობდა, უმთავრესად ისტორიულ ლიტერატურას. აქტიურ მონაწილეობას იღებდა სკოლის ცხოვრებაში“.

1939 წლის ოქტომბერში გიორგი პაპუაშვილი, მეათე კლასის მოსწავლე, მოხალისედ მიდის საბჭოთა არმიაში.  მონაწილეობას იღებს 1939 წლის 30 ნოემბრიდან, 1940 წლის 13 მარტამდე მიმდინარე სსრკ-ფინეთის ომში. აქ იგი სამხედრო საქმეს დაეუფლა და პირველი საბრძოლო ნათლობა კარელიის ყელზე წარმოებულ ოპერაციებში მიიღო.

1941 წლის აპრილში გიორგი პაპუაშვილი სოფელ დუმაცხოვში ბრუნდება, საკმაოდ სახელმოხვეჭილი და სამხედრო საქმეს დაუფლებული.

1941 წლის ივნისში გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. გიორგი პაპუაშვილი კი ფრონტზე მიემგზავრება. ის  მუდამ მოქმედ არმიაში იყო. ერთ-ერთ ბრძოლაში მან მიიღო 12 ჭრილობა და სამკურნალოდ საქართველოში გამოიგზავნა. როდესაც განიკურნა,  ქ. გორში გაიგზავნა საჯარო ნაწილის ფორმირებისათვის. იქ მას ნახულობს მამამისი  – იასონ პაპუაშვილი.

მცირე ხნის შემდეგ გიორგი პაპუაშვილი კვლავ ფრონტზეა და შინ სისტემატურად გზავნის პატრიოტული სულისაკვეთებით გამსჭვალულ წერილებს მეგობრებისა და ოჯახის წევრთა მისამართით. მშობლებისათვის გამოგზავნილ მის ერთ-ერთ წერილში ვკითხულობთ:

,,დაჭრილი ვარ ფეხში, ძვალი არ მაქვს გატეხილი… და მე კიდევ წავალ ფრონტზე გერმანელების გასანადგურებლად“. მართლაც, მას ისევ ფრონტზე ვხედავთ. მალე მას მიენიჭა გვარდიის ლეიტენანტის წოდება.  მის ვაჟკაცურ მკერდზე აბრწყინდა წიტელი ვარსკვლავის ორდენი და გვარდიელის ნიშანი. 1944 წლის 1 ,მარტს კვლავ მიიღეს მშობლებმა საამაყო შვილის წერილი. ამჯერად ის წერდა: ,,ისევ კარგად ვარ, მტერს ვანადგურებთ. ჩვენი მძლავრი არმია მიიწევს წინ. ჩქარა გავანთავისუფლებთ ჩვენს მიწა-წყალს და გამარჯვების დროშას ავაფრიალებთ ბერლინში“… „მამაჩემო, რამდნეიც კი შეგიძლია, გააძლიერე ფრონტისათვის დახმარება. რამდენადაც მეტს დაგვეხმარებით, შინ უფრო მალე დავბრუნდებით გამარჯვებულნი“.

1944 წლის ნოემბერში გიორგი პაპუაშვილს დანაყოფი უნგრეთში იბრძოდა. აქ მან მეორე ჯილდო დაიმსახურა. ახალი ჯილდოთი აღფრთოვანებული გიორგი დედას წერილს უგზავნის:

,,იამაყეთ, თქვენს შვილს მთავრობის ორი ორდენი აქვს. გეფიცებით, რომ გავამართლებ მთავრობის ნდობას, ვიბრძოლებ უკანასკნელ სისხლის წვეთამდე, თუ საჭიროება მოითხოვს, მთელ სიცოცხლეს შევწირავ ჩვენს სამართლიან საქმეს“.

ამის შემდეგ დიდმა დრომ განვლო, მაგრამ წერილი აღარ გამოჩნდა.

1944 წლის 4 დეკემბერს, დუნაის გადალახვისას, 25 წლის ასაკში, ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა გიორგი პაპუაშვილი. სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1945 წლის 24 მარტის ბრძანებულებით 311-ე გვარდიული პოლკის ასეულის მეთაურს გიორგი იასონის ძე პაუაშვილს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. მშობლებს – ნადია და იასონ პაპუაშვილებს დაენიშნათ პერსონალური პენსია.

2019 წელს გიორგი პაპუაშვილის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა და იმედს ვიტოვებთ მისი ძეგლის მიმდებარე ტერიტორია შედარებით უკეთეს სახეს მიიღებს.

მომზადებულია გაზეთ „გამარჯვების გზის“ 1960 წლის მასალის მიხედვით.

გიორგი პაპუაშვილის ძეგლი სოფელ დუმაცხოვში, გომი-საჩხერის მაგისტრალზე, ხაშურის მუნიციპალიტეტში

 

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!