ხაშურის ,,ივერია“ და ძველი ფოტოების საინტერესო პერსონაჟები

„გაივლის წლები. კიდევ მრავალჯერ შეატოკებს მოედნის მწვანე ბალახს  ხალებიანი ბურთი. ააძგერებს გულშემატკივართა მთრთოლვარე გულებს, იქნება გამარჯვების სიხარული, დამარცხების ტკივილიც, მაგრამ…“ მაგრამ „გამარჯვების გზის“ ამ სტატიის შემდეგ გავიდა ხუთი ათეული წელი და ხაშურელ გულშემატკივართა სევდა უფრო მეტად გამძაფრდა, რადგან დრომ, უსახსრობამ, ქვეყნის ზოგადმა სოციალურმა ფონმა განაპირობა ისე, რომ „ივერიელთა“ გამარჯვების ყიჟინა აღარ ისმოდა ხაშურის სტადიონზე. სტადიონი დანგრეული იყო და ახალგაზრდა „ივერიელთა“ წვრთნები, თამაშები მეზობელი მუნიციპალიტეტის საფეხბურთო მოედნებზე მიმდინარეობდა. ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ შეიტყო, რომ ხაშურს მალე ახალი, რეაბილიტირებული საფეხბურთო მოედანი ექნება და ჩვენც წარსული გამარჯვებებისა და დამარცხებების ნოსტალგიური განწყობით შევეცდებით გადავავლოთ თვალი „ივერიის“ წარსულს და ერთი საინტერესო ფოტოების წარდგენით აღვადგინოთ „ივერიის“ წარსულის სურათიც.

1970 წლის 17 დეკემბერს, სპორტული გაზეთი „ლელო“ საზოგადოებას შემდეგ ინფორმაციას ამცნობდა: ,,საქართველოს საფეხბურთო სეზონში, წლეულს დიდ წარმატებას მიაღწიეს ასპინძისა და ხაშურის ფეხბურთელებმა. ასპინძის „ვარძიამ“  I ადგილი დაიკავა II ჯგუფის რესპუბლიკური გათამაშების  I ზონაში, ხოლო ხაშურის „ივერიამ“ გაიმარჯვა II ზონის გუნდებს შორის. ორივე კოლექტივმა უფლება მოიპოვა გაისად ითამაშოს I ჯგუფში“. ამრიგად იმ დროს ხაშურის საფეხბურთო და უბრალოდ ფეხბურთის მოყვარული საზოგადოება მეტად გაახარა ამ მნიშვნელოვანმა ცნობამ.

„გამარჯვების გზა“ კი ამ პერიოდშივე წერდა: ,,არის! მოგებულია გადამწყვეტი მატჩი ფეხბურთში საქართველოს პირველობაზე მეორე ზონის გუნდებს შორის და განაღდებულია პირველ ჯგუფში თამაშის უფლება.

ამ წუთიდან დაიწყო დაძაბული, შეუპოვარი ბრძოლა. ამუშავდა „ივერიის“ ყოველი რგოლი, რომლის შემადგენლობაში ამ დღეს ვიხილეთ მეკარე ფანცულაია, მცველები გ. მელაძე, ზ. მელაძე, გ. ჩუბინიძე, გოგიჩევი, ნახევარმცველები: კობერიძე, ლურსმანაშვილი, ულუმბელაშვილი, თავდამსხმელები: ნაზაროვი, კედელაძე, ლომსაძე“.

ჩვენს სტატიაზე დართული ფოტო არც მე-20 საუკუნის ხაშურის პრესაში დაბეჭდილა. ამ ფოტოზე მარცხნივ ზემოთ დასახელებულ ფეხბურთელთაგანი – გიორგი (ჟორა) ჩუბინიძეა. ფოტო გადაღებულია რუსთავის საფეხბურთო გუნდთან თამაშისას. ხაშურის „ივერიის“ ფეხბურთელს გიორგი (ჟორა) ჩუბინიძეს წელს 75 წელი უსრულდება. თავისი საფეხბურთო ცხოვრების შესახებ მას ვთხოვეთ მოკლედ მოეთხრო:

გიორგი (ჟორა) ჩუბინიძე: ,,1944 წლის 29 ივლისს,  ქალაქ ხაშურში დავიბადე. 1950 წელს შევედი რკინიგზის მე-12 სკოლაში (ამჟამად ხაშურის მე-6 საჯარო სკოლა). 1955 წელს ჩატარდა სკოლების პირველობა ფეხბურთში, სადაც მონაწილეობა მივიღე. ამ შეჯიბრებას ესწრებოდა იმ დროს ხაშურის სპორტ-სკოლის ფეხბურთის მასწავლებელი გრიშა ჯომართიძე. ბატონ გრიშას როგორც ჩანს მოეწონა ჩემი თამაში და  სპორტ სკოლაში ამიყვანა. ამ წლების განმავლობაში ჩატარდა საქართველოს პირველობა ფეხბურთში, სადაც ხაშურის გუნდმა მიიღო II ადგილი.

1960-იან წლებში ამიყვანეს ხაშურის საფეხბურთო გუნდ ,,ივერიაში”. 1963 წელს ვიყავით საქართველოს თასის ფინალისტები. „ივერიის“ გუნდი 1970-იანი წლების დასაწყისში გახდა საქართველოს ჩემპიონი II ჯგუფში, რის შემდეგაც მოვიპოვეთ I ჯგუფში თამაშის უფლება“.  ,,ივერიაში”  ჩვენი  მწვრთნელი იყო ჯემალი ანთიძე.

პარალელურად ვიყავი ხაშურის საფეიქრო-საგალანტერიო ფაბრიკის გუნდში და ვმონაწილეობდით რაიონის პირველობაზე ფეხბურთში. 1978 წლის ოქტომბერში წარმოება-დაწესებულებების 10 გუნდს შორის ზედიზედ მეოთხედ გავხდით რაიონის ჩემპიონები. ხაშურის „ივერიაში“ თამაშისას მოვიარეთ საბჭოთა კავშირის არაერთი რესპუბლიკა, მათ შორის  ტაშკენტში, ოდესაში, სადაც მეორე ადგილები დავიკავეთ. ბევრგან მრავალი წარმატებაც იყო და აგრეთვე მარცხიც, თუმცა ხაშურის „ივერიისთვის“ იყო ბევრი შესაძლებლობა, რათა მრავალ ქვეყანაში გაეტანა ხაშურელთა ღირსება და წარმოეჩინა ამ პატარა რაიონის შესაძლებლობები. 

ხაშურის “ივერიაში“ თამაშის და ზოგადად ხაშურის საფეხბურთო სამსახურში ყოფნა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია და საუკეთესო მოგონებებთანაა დაკავშირებული. დღემდე უამრავი მოგონება მაქვს ჩემი თანაგუნდელებთან დაკავშირებით, ზოგი მათგანი დღეს ცოცხალი აღარაა, ზოგიც ჩემი ასაკისაა და უკვე ვეტერან ფეხბურთელებს მეტი დაფასება და მეტად ხსომა გვჭირდება“.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ხაშურს მალე ახალი საფეხბურთო სტადიონი ექნება და იმედს ვიქონიებთ რომ ხაშურის საფეხბურთო ისტორიაში კიდევ უფრო მეტი და საინტერესო ეპოქა დადგება და ხაშურის გუნდიც მეტ წარმატებას მიაღწევს. წარსულის ხსომა და წარსულში მოღვაწე ადამიანების წარმოჩენა, დაფასება, გახსენება კი იმედი გვაქვს არასდროს დაგვავიწყდება.

ხაშურის სპორტული სკოლა 1950-იან წლებში
ხაშურის სპორტული სკოლა 1950-იან წლებში
ხაშურის “ივერია”
ხაშურის “ივერია”

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!