ხაშურის კინოთეატრი – 2 წელი მილიონიან ინვესტიციამდე?
ქალაქ ხაშურში ერთადერთი კინოთეატრი ,,რუსთაველი”, რომელიც კოსტავას #1-ში მდებარეობს, ბევრის მომსწრე და მნახველია. ეს კინოთეატრი წლების განმავლობაში ხაშურის მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესი ადგილი იყო.
დღეს კინოთეატრის შენობა ძველ ადგილასაა, თუმცა ძველებურად აღარაფერია. როგორც ეკონომიკის სამინისტრომ მოგვაწოდა ინფორმაცია კინოთეატრი რუსთაველი 2011 წელს პირობებიანი აუქციონის გზით მიეყიდა ველაჯიოს 5 წლის განმავლობაში ქონების განაშენიანებისა და განვითარებისათვის 1 მილიონი ლარის ინვესტირების მიზნით. ველაჯიო ერთ-ერთი წამყვანი კომპანია გახლავთ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე. იგი შედის ვისოლ ჯგუფში, რომელიც მიეკუთვნება უმსხვილეს ბიზნეს ჯგუფთა სიას საქართველოში.
2011 წლიდან უკვე მესამე წელია და კინოთეატრი კვლავ მძიმე და უსარგებლო მდგომარეობაშია. ხაშურის ყოფა კი ძალიან მძიმეა, რადგან აქაურ ახალგაზრდებს არ აქვთ შესაბამისი გარემო, რომ დრო უფრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარონ საკუთარ ქალაქში. საზოგადოება ამ საკითხით დაინტერესებულია და პასუხების მოლოდინშია. როდის ექნება ხაშურს კინო? კითხვა უპასუხოდაა.