ხაშურელთა დიდი მეგობარი – დღეს მიხეილ ქავთარიას ვემშვიდობებით
2019 წლის 19 სექტემბერს მიხეილ ქავთარიას 90 წელი შეუსრულდებოდა და ეს იქნებოდა უდიდესი თარიღი საქართველოს და ხაშურის ისტორიაში…
მიხეილ ქავთარიას ცხოვრება უაღრესად შინაარსიანი იყო. ის იყო კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უხუცესი თანამშრომელი, ცნობილი ფილოლოგი და მეცნიერი. მიხეილ ქავთარია დაარსების დღიდან, კერძოდ, 1958 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (ყოფილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი). წლების განმავლობაში იგი იყო საარქივო ფონდების განყოფილების ხელმძღვანელი, ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში.
მიხეილ ქავთარია დაიბადა 1929 წლის 19 სექტემბერს, ქ. ხაშურში. 1947 წელს დაამთავრა ქალაქ ხაშურის რკინიგზის მე-12 (შემდეგში რკინიგზის მე-3 და ახლანდელი ხაშურის მე-6 საჯარო) სკოლა. 1952 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1954-1957 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა აკადემიკოს კორნელი კეკელიძისხელმძღვანელობით. 1960 წელს დაიცვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი თემაზე – „ბესარიონ ორბელაშვილის შემოქმედება“. 1981 წელს დაიცვა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი თემაზე -„XVII-XVIII საუკუნის ქართული ჰიმნოგრაფია“.
2014 წელს პროფესორმა მიხეილ ქავთარიამ პირადი ბიბლიოთეკა ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადასცა, სადაც გაიხსნა მისივე სახელობის კაბინეტი. ამ ფაქტით დიდმა მეცნიერმა უდიდესი პატივი მიაგო მის მშობლიურ ხაშურს. ამავე წელს იგი დიმიტრი ყიფიანის სახელობის მედლით დაჯილდოვდა.
მიხეილ ქავთარია სიცოცხლის ბოლომდე არ წყვეტდა კავშირს ხაშურთან. ის არაერთი სამეცნიერო ღონისძების საპატიო, უხუცესი მონაწილე იყო. აი რას წერს მწერალი მურად მთვარელიძე სოციალურ ქსელში:
,,უკანასკნელი წლების ქართულ ფილოლოგიურ მეცნიერებას, შეიძლება ითქვას, რომ მისი დარი ტექსტოლოგი არ ჰყავდა. ის იყო დიდი მეცნიერი ასეთი ადამიანებისათვის დამახასიათებელი უდიდესი თავმდაბლობით, უბრალოებით… იშვიათად მინახავს მსგავი სიკეთისა და სიყვარულის მატარებელი ადამიანი. ის ჩვენ, ყველას, გვანებივრებდა თავისი დიდსულოვნებით!
ბოლოს 25 თებერვალს შევხვდი. ხაშურში ჩამოვიდა და მისთვის ასე საყვარელ მუზეუმს მოაკითხა. მამის გარდაცვალების დღეა და მისსაფლავზე უნდა ავიდეო. ჩემი მანქანით წავედით. მე შევეცდე შორიახლოს გავჩერებულიყავი საფლავებთან, სადაც მისი მშობლები, ბიძა, და და სიძე განისვენებენ. ის კი საფლავის მოაჯირს დაეყრდნო და თავის უახლოეს ადამიანებს მიესალმა: -გამარჯობათ, გამარჯობათ! და ამ სიტყვებში იყო დიდი სიყვარულიც, სინანულიც, მონატრებაც და ვალდებულებაც…
სამწუხაროა, რომ ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. ამიერიდან ის საქართველოს უკვდავ სულთა ბინადარია, აქ კი დარჩა მისი ნაღვაწი, დიდი ადამიანობა, სიყვარული, რომელიც არც არასოდეს განელდება”.
დღეს, 18 აპრილს მიხეილ ქავთარიას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან გამოემშვიდობებიან. მისი მოღვაწეობით არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო საქმე განხორციელდა, აღიზარდა მკვლევარდა ახალი, გამორჩეული თაობა.
მშვიდობით, ბატონო მიშა! მადლობას გიხდით 90 წლოვანი მოღვაწეობისთვის, დაუღალავი შრომისთვის, გულკეთილობისთვის, სითბოსთვის და იმ ამაგისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას დასდეთ!



