ორი ეპოქის უცვლელი პრობლემები 1896 vs 2019
მოსახლეობა: ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ხაშურის მერიას თხოვნით, რომ აქ ცუდ ამინდში, ტალახის გადამკიდე მოსახლეობას ეკლესიაში მისვლა კი არა მეზობელთან მისვლაც კი არ შეუძლია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქუჩები არც მოასფალტებულია და არც მოხრეშილი.
აღდგომის მარხვაში მრევლი უზიარებელი რჩება იმიტომ, რომ ეკლესიაში მისვლამდე შეიძლება მუხლებამდე ტალახში ჩაიფლო. ხაშურის მუნიციპალიტეტის ეკლესიებამდე მანქანებსაც კი უჭირთ მისვლა და მოხუცი როგორღა მივა ამ ლაფსა და ტალახში?!
ნუთუ ხაშურის მერიას ასეთი დიდი თანხა დაუჯდება, რომ ხაშურის ქუჩები ლაფისა და ტალახისაგან გაწმინდოს? მაგრამ ხაშურის პატრონი არავინ არის და ამასობაში ხაშურელები ტალახისა და ლაფის გამო წესიერად ვერც კი გადაადგილდებიან. ბოლო პერიოდში ხაშურში მცხოვრებთა რიცხვი შემცირდა, განათება და სისუფთავე კი დღემდე მიუღწეველია.
,,ხაშური news”, 2019 წელი, 14 მარტი, ხუთშაბათი
მოსახლეობა: ჩვენ არა ერთხელ მივმართეთ ადგილობრივ ადმინისტრაციას თხოვნით, რომ აქ ავდრიან ამინდში არ შეუძლიან კაცს არამც თუ საყდარში, არამედ მეზობელთანაც მისვლა ტალახის გადამკიდე. მიზეზი ამისა ის არის, რომ აქ ქუჩებში არც სილას აყრიან და არც სხვა საშუალებას ხმარობენ.
დიდ მარხვაში ხალხი უზიარებელი რჩება იმისათვის, რომ ტალახში ქალი თუ კაცი მუხლებამდის იფლება. საყდრამდინ ფაიტონსაც უჭირს მიმოსვლა და დედაკაცი როგორღა მივა. განა ადგილობრივ ადმინისტრაციას დიდი ფული დაუჯდება აქაურ საყდრის ქუჩის გამშრალება? გროშიც არ დაუჯდება. საჭიროა მხოლოდ უბრძანოს საყდრის ქუჩის ორივე ნაპირის მცხოვრებლებს, რომ აქ ქუჩის თავ-თავიანთ მამულის და სადგომის წინ დააყარონ ქვიშა და გაამშრალონ. და ისინიც სიხარულით იკისრებენ ამისთანა ადვილ საქმეს, მაგრამ პატრონი არავინ არის და ამასობაში ხასურელები ტალახისა და ტლაპოს გამო მისვლა-მოსვლას მოკლებულნი არიან. ამ უკანასკნელ ხანებში ხაშურში მცხოვრებთა რიცხვი ძალზე გამრავლდა და განათეება და სისუფთავე კი უკან არის ჩამორჩენილი.
„ცნობის ფურცელი“, #25, 1896 წელი, 13 ნოემბერი, ოთხშაბათი, გვ. 3.