,,ერთად უნდა გავზარდოთ მოსწავლეთა ავტონომიურობა. ხაშურის პირველ სკოლაში ეს პროცესი დაწყებულია!” – ინტერვიუ მორის დანდურიშვილთან
ქალაქ ხაშურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ხაშურის პირველი საჯარო სკოლა 1908 წლის ნოემბერში დაარსდა, ხოლო ახლანდელი შენობა 1916 წელს აიგო. ერთხანს მას გაშურის გიმნაზია ერქვა, ამჟამად ხაშურის პირველი საჯარო სკოლაა, თუმცა საზოგადოების მეხსიერებაში კვლავ გიმნაზიის სახელით რჩება. მისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე სკოლას 22 დირექტორი ჰყავდა. ამჟამად მას მართავს პროფესიით პედაგოგი, ისტორიკოსი მორის დანდურიშვილი. სკოლის რეიტინგი ყოველწლიურად სულ უფრო იმატებს, რაც ცხადად ჩანს ყოველწლიურად პირველკლასელთა მიღების სტატისტიკიდან. ყოველივე ეს, ცხადია, სკოლის მენეჯმენტის, მისი ხელმძღვანელობის, აგრეთვე სწორი PR-ის დამსახურებაა და ,,ხაშური News” ყოველივე ამის სათავეში მყოფ პიროვნებასთან, ხაშურის №1 საჯარო სკოლის დირექტორთან – მორის დანდურიშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ.
მოგესალმებით, ბატონო მორის. №1 საჯარო სკოლა დღესდღეობით ხაშურის საგანმანათლებლო სივრცეში ძალიან პოპულარულია. ამ წარმატების უკან თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა, დგას პედაგოგიური კოლექტივი. უკვე ოთხი წელია, რაც სკოლის დირექტორი ბრძანდებით ხომ არ გაიხსენებდით ამ გზის დასაწყისს?
მოგესალმებით. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პოპულარული საინფორმაციო საშუალება დაინტერესდა საჯარო სკოლის ცხოვრებით. ეს პროცესი ხელს შეუწყობს სკოლისა და საზოგადოების ურთიერთობის გაღრმავებას, რომელიც ორივეს გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანია.
ხაშურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ამირჩიეს 2014 წლის ნოემბრის ბოლოს და პირველ დეკემბერს შევუდექი ჩემს საქმიანობას. დირექტორობის დასაწყისი არ იყო იოლი, ვინაიდან მე ამგვარი გამოცდილება არ მქონდა, თუმცა სკოლაში არსებული თანამშრომლობითი გარემო, რომელიც ჩემი წინამორბედი დირექტორების მიერ ერთგვარ სასკოლო კულტურად იყო ჩამოყალიბებული, მნიშვნელოვნად დამეხმარა შემდგომი საქმიანობის წარმართვაში. მახსოვს, ჩემი პირველი საზრუნავი არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება იყო. შევიმუშავეთ სკოლის სტრატეგიული განვითარების ექვსწლიანი გეგმა, რომელითაც დღესაც ვხელმძღვანელობთ. განვსაზღვრეთ პრიორიტეტები როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე აკადემიური მიმართულებით. ვცდილობდით ხაშურის ცენტრში მყოფი პირველი სკოლა ყველასთვის სასურველი ადგილი გამხდარიყო. ჩვენ მოკლე ხანში ეს შევძელით დაახლოვებით 30%-ით გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა. მე ჩემი სკოლის წარმატების მჯერა!
ცოტა ხნის წინ გაზეთ ,,ახალ განათლებაში“ იყავით რუბრიკის სტუმარი. გაზეთში ვკითხულობთ: ,,პრობლემაა მოსწავლის აღზრდაში სასკოლო საზოგადოების არათანაბარი ჩართულობა. მასწავლებელი–მოსწავლე–მშობელი თანაბარი დოზით უნდა მონაწილეობდეს მოსწავლის სწავლა/სწავლების დინამიურ პროცესში. ორიენტირების და სამომავლო გეგმების დასახვა ერთობლივი ფიქრის, მუშაობის შედეგად უნდა ხდებოდეს, რაც მისი შესრულების ერთ–ერთი გარანტი გახდება.” გვაინტერესებს ეს პრობლემა რამდენადაა გათვალისწინებული №1 საჯარო სკოლაში ?
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად სკოლა თავისუფალ მოქალაქეს ზრდის, რომელსაც ,,მომავლის გეგმებს“ მისი უშუალო მონაწილეობის გარეშე სხვა უდგენს… ეს პროცესი მოსწავლეზე ორიენტირებული ვერ იქნება… არ შეიძლება მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს სწავლა/სწავლების და აღზრდის განსხვავებული გეგმები ჰქონდეთ… ჩვენი მიზანია მაქსიმალურად დაახლოვდეს მასწავლებელი-მოსწავლე-მშობელი. ერთად ვიზრუნოთ ერთმანეთის წარმატებაზე და ერთად გავზარდოთ მოსწავლეთა ავტონომიურობა. ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში ეს პროცესი დაწყებულია!
როგორც ვიცით, სკოლაში ერთი წლის წინ, ახალი სასწავლო კორპუსი გაიხსნა. ეს ყველაფერი შეუძლებელია გარკვეულ სირთულეებთან არ ყოფილიყო დაკავშირებული… თქვენთან ერთად ვინ იდგა ამ იდეის მიღმა?
მოგეხსენებათ ხაშურის პირველ საჯარო სკოლას ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს, შესაბამისად ძეგლზე წარმოებული ნებისმიერი სამუშაო განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს. ჩვენი მიზანი სკოლის რეაბილიტაცია და პირვანდელი იერსახის შენარჩუნება იყო. ცხადია ამ გზაზე ბევრ სირთულეს წავაწყდით, მაგრამ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ზვიად გოგუაძის, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის სიმონ ნოზაძის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი გურასპაშვილის აქტიური ჩართულობით შევძელით ხაშურის პირველი საჯარო სკოლის ერთი სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 400 000 – ლარამდე იყო, მოეწყო ახალი წყალარინების სისტემა, რომელშიც დამატებით 20 500 ლარი დაიხარჯა. მოეწყო ადაპტირებული სველი წერტილი და რესურსოთახი. ასეთი დიდი თანხები სკოლის ბიუჯეტის შესაძლებლობებს სცილდება შესაბამისად ეს ყველაფერი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ იქნა დაფინანსებული, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით.
ჩვენთვის ცნობილია, რომ ,,ლიდერობის აკადემიის’’ გარდა აქტიურად მონაწილეობთ სხვადასხვა კონფერენციებში ვფიქრობთ, ეს ფაქტი გარდა თქვენი კარიერული წინსვლისა, სასარგებლოა პირველი სკოლის იმიჯისთვისაც. როგორ ფიქრობთ, დღევანდელი გადასახედიდან სჭირდება პირველი სკოლის პოპულარობას, განსაკუთრებული აქტივობა? მე ვფიქრობ, რომ არა…
,,ლიდერობის აკადემიამ“ მომცა შესაძლებლობა ჩემი, როგორც დირექტორი საქმიანობის გარიჟრაჟზე დავუფლებოდი ისეთ უნარ-ჩვევებს, რომელიც დამეხმარებოდა სკოლის მართვაში და სასკოლო ცხოვრების გააქტიურებაში. გეტყვით, რომ ყველა მოხსენება, რომელიც მე კონფერენციებზე გამაქვს, შეეხება ხაშურის N1 საჯარო სკოლის გამოცდილებას. იმ საქმიანობას, რომელსაც ჩვენ ერთად ვეწევით ყოველდღიურად. მათ შორის პრობლემებზეც ღიად ვსაუბრობთ და ვიღებთ ჩვენს საჭიროებაზე მორგებულ უკუკავშირს. ჩვენს აქტიურობას თუ სკოლის პოპულარობა მოაქვს ეს მისასალმებელია და გაჩერებას არ ვაპირებთ. მიგვაჩნია, რომ – პირველი წარმატების ადგილია!
როგორც ჩვენთვის ცნობილია თქვენი სკოლიდანაც იყო წარდგენილი მასწავლებელი ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018’’-ზე რას გვეტყვით ამის შესახებ?
,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ წარმოადგენს გლობალური კამპანიის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, მათ წახალისებასა და პროფესიის პოპულარიზაციას. წელს პირველად ჰქონდა სკოლას შესაძლებლობა მასწავლებელი ჯილდოზე წარედგინა. ამ შესაძლებლობას ვერ გამოვტოვებდით… ხაშურის პირველმა სკოლამ ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018’’-ზე წარადგინა მათემატიკის მასწავლებლის ნადია დაბრუნდაშვილის კანდიდატურა, რომელიც საბოლოოდ საუკეთესო ათეულის წევრი გახდა. ეს ჩვენი სკოლის დიდი გამარჯვება იყო! აქვე ვიტყვი იმასაც, რომ წელს პირველად ხაშურის მუნიციპალიტეტის ორი მასწავლებელი იყო საუკეთესო ათეულის (ერთი მათგანი – ჯაბა ლაბაძე ხუთეულის წევრი გახდა) წევრი. მიმაჩნია, რომ მასწავლებლის საქმიანობის წარმოჩენისთვის, დაფასებისთვის, მათთვის მოტივაციის ამაღლებისთვის სკოლამ მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. დამერწმუნეთ ჩვენი სკოლის ყველა პედაგოგი, როგორც ალბათ ყველა, საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს სწავლა/სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ამიტომ მათ მეტი თანადგომა სჭირდებათ.
სასწავლო წლის დასაწყისში ,,facebook’’ სივრცეში გამოჩნდა თქვენი ინიციატივა, რომ თქვენ მზად იყავით კვირის განსაზღვრულ დღეს შეხვედროდით მოსწავლეებს, მოსწავლეთა მშობლებს და მასწავლებლებს. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის განვითარებისთვის. გვაინტერესებს რამდენადაა განხორციელებული ეს ინიციატივა და ამ მხრივ როგორია მშობლების აქტიურობა?
ე.წ. ,,პარასკევის შეხვედრები“ ზოგიერთმა ადამიანმა არასწორად აღიქვა… მათი წარმოდგენით პარასკევამდე დირექტორი ,,მიუწვდომელი“ იყო… ცხადია ასე არ არის… დირექტორი მუდმივად სასკოლო საზოგადოების სამსახურშია, თუმცა განსაზღვრული დრო ჩვენ დავაწესეთ იმისთვის, რომ თვით მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს წინასწარ დაეგეგმათ დირექტორთან შეხვედრა საკუთარი დღის წესრიგის გათვალისწინებით. ჩვენ კონტაქტი გვაქვს ჩვენს მიერ შეთავაზებული თითქმის ყველა ფორმატში (პირისპირ, ელექტრონულად, ტელეფონით). შეიძლება ითქვას თითოეული მათგანის ,,მაჯისცემას“ ვგრძნობთ. ე.წ. ,,პარასკევის შეხვედრების“ დევიზიც გვაქვს – ,,რაც არ მოგწონს ჩვენ გვითხარი! რაც მოგწონს სხვას უთხარი!“
ხშირად ვსტუმრობ, ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/khashuriN1/ , სადაც შესაძლებელია №1 საჯარო სკოლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას გაეცნო… ხომ ვერ გაგვიმხელთ ვინ დგას ამ გვერდის მიღმა?
პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ თანამედროვე ეპოქაში ურთიერთობის ეს ფორმა ძალიან მნიშვნელოვანი და ხელსაყრელია. იყო დრო და დღესაც გაისმის რეპლიკები, რომ ,,კედლების რეკლამირებას“ ვეწევით… თუმცა ჩვენ სხვაგვარად ვფიქრობთ – კომუნიკაციის გარეშე განვითარება შეუძლებელია.
მე მაქვს სკოლის ვებგვერდის ადმინისტრირების გამოცდილება სხვა სკოლაში. შესაბამისად ხაშურის პირველი საჯარო სკოლის facebook-გვერდის ფუნქციონირება საკუთარ თავზე მაქვს აღებული…
და ბოლოს, რას ეტყოდით №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ,,khashurinews’’-ის ელექტრონული ფურცლებიდან?
თქვენ ხართ საუკეთესოები და გაქვთ განუსაზღვრელი შესაძლებლობები, მთავარია მათი მართვა შეძლოთ! გახსოვდეთ – პირველი წარმატების ადგილია! მიყვარხართ!
გმადლობთ ინტერვიუსთვის… წარმატებებს გისურვებთ თქვენ და ხაშურის №1 საჯარო სკოლას…
ინტერვიუ მოამზადა: მაია წიქარიშვილმა