სურამის მე-2 სკოლაში მწერალ გურამ მეგრელიშვილთან შეხვედრა გაიმართა
22 ნოემბერს, სურამის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მე 2 საჯარო სკოლაში, გაიმართა შეხვედრა მწერალ გურამ მეგრელიშვილთან პროექტის, „წიგნიერება – სკოლის მთავარი საზრუნავი,“ ფარგლებში. შეხვედრას უძღვებოდა გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი, მწერალი ზვიად კვარაცხელია. შეხვედრაზე წარდგენილი იყო გურამ მეგრელიშვილის ახალი წიგნი „საქართველოს ალტერნატიული რუკა,“ რომელიც წარმოადგენს მხატვრულ-დოკუმენტური წერილების კრებულს საქართველოს ბუნების, ქალაქების, ისტორიის, ტურიზმის თუ სხვა ბევრი ამბის გარშემო. ყოველ თავს ერთვის ჰეშთეგი სანახავია, სადაც მონიშნული ადგილები, რომლებიც აუცილებლად სანახავი და ძალიან საინტერესოა. ასევე წიგნს ერთვის QR კოდები, რისი საშუალებითაც და მობილური აპლიკაციის დახმარებით, ნახავ ყველა იმ ადგილის ფოტომასალას და გააცოცხლებ სანახაობას, რაზეც მიდის თხრობა. ერთ-ერთი თავი ეთმობა ხაშურსაც და სანახავ ადგილებად მონიშნულია წრომის ეკლესია და ბრილის მამათა მონასტერი.
გურამ მეგრელიშვილის „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ ნამდვილად საუკეთესო საშუალებაა მკითხველისთვის იმისთვის, რომ არამხოლოდ კითხვით მიიღოს სიამოვნება და ბევრი საინტერესო ამბით გაიმდიდროს ცოდნა საკუთარი ქვეყნის შესახებ, არამედ სახლიდან გაუსვლელად თვალი შეავლოს და იმოგზაუროს ყველაზე მაღალ ადგილებშიც კი და აღმოაჩინოს ისეთი საქართველო, როგორიც ჯერ არ უნახავს.
დათო ტურაშვილი: „გურამ მეგრელიშვილის ახალი წიგნი სწორედ ისეთია, როგორი წიგნების წაკითხვაც ყველაზე მეტად მიყვარს – დაიწყებ და სანამ ბოლოში არ გახვალ, არ გაჩერდები და ავტორის ოსტატობის დამსახურება ისიც არის, რომ სამყარო, რომელსაც ის ქმნის, გაცილებით რეალურია, ვიდრე ის რეალური სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ნამდვილი ლიტერატურაც ესაა..“
მოამზადა ნინო დოფიძემ