ხცისის ბიბლიოთეკაში მურად მთვარელიძის პოეზიის საღამო გაიმართა
26 ნოემბერს, სოფელ ხცისის ბიბლიოთეკაში გაიმართა მწერლის, ლიტერატურათმცოდნის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის მურად მთვარელიძის პოეზიის საღამო. ღონისძიება წარმართა ბიბლიოთეკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მაკა დოფიძემ. ხცისის სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს მურად მთვარელძის შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი.
საღამოს ესწრებოდნენ: ხაშურის მხარეთმცოდენობის მუზეუმის დირექტორი თამაზ ლაცაბიძე, მუზეუმის თანამშრომლები, ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელი მაკა დიდებულიძე, ინეზა ელისაშვილი, პოეტის მეგობარი პოეტები: მაყვალა ხაჩიძე, ხათუნა ჩიტაზე, ეკა ბაქრაძე და მოსწავლეები.
საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ: თამაზ ლაცაბიძე, მაყვალა ხაჩიძე, ეკა ბაქრაძე ლუარა თუმანიშვილი, ხათუნა ჩიტაძე და სხვ.
ისტორიკოსმა თამაზ ლაცაბიძემ ხაზი გაუსვა ხაშურის მუნიციპალიტეტის წინაშე ბატონი მურადის ღვაწლს .
პოეტმა ეკა ბაქრაძემ ისაუბრა მურად მთვარელძის დამსახურებაზე, რომელიც მას მიუძღვის ახალგაზრდა თაობის წარმოჩენაში. გაიხსენა თავისი ბავშვობის მოგონებები და ის გადაცემა, რომელიც დიდი ხნის წინ სწორედ სოფელ ხცისში ჩაიწერა.
მურად მთარელძემ წაიკითხა ლექსები თავისი ახალი წიგნიდან. განსაკუთრებით საყურადღებო იყო ლექსები, რომელიც მან თავის სოფელს მიუძღვანა, მოგვყავს ერთ-ერთი მათგანი:
ხცისის ტაძართან
საიდან მოფრინდნენ ეს ფარშევანგები,
საიდან შეგამკეს ასეთი ჰანგებით?
ან, შენი ამგები, ნეტავი ვინ იყო,
სივრცეს რომ შეგყინა და უფლის განგებით,
რომ დგახარ, ასეთი კოხტა და ამაყი,
აღვსილი მზეებით და… ფარშევანგებით.
მწერალმა გაიხსენა ხცისთან დაკავშირებული ისტორიები. როგორც მან თქვა, მისთვის ეს საღამო ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მისთვის სოფელი ხცისი განსაკუთრებით საყვარელი და მშობლიურია.
გვინდა მოვიყვანოთ, ერთი პატარა ფრაგმენტი ბატონი მურადის მონათხრობიდან, რომელიც მას აღწერილი აქვს წიგნში ,,ხციულისპირა ზღაპარ- არაკები‘’ :
‘’ზაფხულის კრიალა დღეა. ცა მოწმენდილია, ლურჯი და გამჭვირვალე…
მე სულ მაღლა და მაღლა მივიწევ და ჰოი, საკვირველებავ, აღმართის ავლას აღარაფერი აკლია, რომ ვხედავ, ჩემს წინ მთელი მტკვრის ხეობა გადაიშალა. შორს კი- თოვლიანი მწვერვალები.
-პაპა, რა ლამაზია!-ვყვირი მე.
-რა? – უკანმოუხედავად მეკიტხება პაპა.
-გაიხედე,-ხელით პაპას თავზე ვეხები და მწვერვალებისკენ ვახედებ.
-ღმერთო დაილოცოს შენი მადლი, მართლა რა ლამაზია, -გაოცებას ვერ მალავს პაპა,- თითქოს პირველად ვხედავდე, კაცოო,- მიმართავ ლექსოს,- ამ ბალღმა როგორ შენიშნა ეს სიმაზე ?!
პაპაჩემის აღტაცებულ სიტყვებზე ლექსოც ტრიალდება, ოღონდ ნახევრად, ისე რომ ისიც და მეც ვუყურებთ ამ მშვენიერებას. ლექსო პაპა ცოტა ხანს მდუმარედ გაჰყურებს სივრცეს და მერე დინჯად ამბობს:
-აი, ესაა ჩვენი სამშობლო! …
მერე ორივე ბერიკაცი პირჯვარს იწერს და ცოტა ხანს ასე უხმოდ უყურებენ შორს თეთრად მოელვარე მწვერვალებს. დუმილს ლექსო პაპა არღვევს, პაპაჩემს ღიმილით ეუბნება:
- ე მიჭი, ე მანდ, მწერალი კი არ გამოვიდეს, ხო იცი !
პაპაც იღიმება და თითქოს თავისთვის ამბობს:
-ღმერთმა ინებოს! ‘’
მოამზადა მაია წიქარიშვილმა