ევროინტეგრაციის გზაზე ბალტიის ქვეყნები საქართველოს უპირველესი მხარდამჭერები არიან

ჯერ კიდევ ოქტომბერში, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერით თბილისში  საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოსა და უკრაინის მედიის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების, მათ შორის ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების  წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენციაზე ქვეყნების დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, მედია გარემოს გაჯანსაღების და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ესტონეთის ელჩი კაი კაარელსონი, ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის დირექტორი იან რეინჰოლდი და პროგრამის დირექტორი, თინა ილსენი.   კონფერენცია გაიმართა ჟურნალისტთა ასოციაცის “გენდერი მედიაკავკასიის” ორგანიზებით.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირს ურთიერთობა აქვს  ექვს ქვეყანასთან, თუმცა საქართველოსთან და უკრაინასთან მეტი კავშირები გამოიკვეთა, აღნიშნეს შეხვედრაზე ესტონეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა, – ევროკავშირის ქვეყნების ღია თანამშრომლობამ აღმოსავლეთის პარტნიორებთან უკვე მოიტანა დადებითი შედეგები ამ ქვეყნებში მცხოვრები რიგითი ადამიანებისთვის – ითქვა შეხვედრაზე.

ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას გააკეთებს საქართველოს მთავრობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, – აღნიშნა ესტონეთის ელჩმა კაი კაარელსონმა, – ამ მიმართულებით აშკარად ჩანს დადებითი შედეგები, მაგრამ უნდა ვისაუბროთ იმაზეც, რაც ამ გზაზე ინდივიდებმა უნდა გააკეთონ. ისინი არ უნდა დაელოდონ იმას, თუ როდის გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი. მათ მეტად უნდა სჯეროდეთ საკუთარი თავის და სამოქალაქო ურთიერთობის დონეზე მეტად აქტიურები უნდა იყვნენ.

ესტონეთისა და მისი მეზობელი ქვეყნებისათვის: ლატვიისა და ლიეტუვასთვის მუდმივი პრიორიტეტია აღმოსავლეთ პარტნიორობა,  ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება ევროკავშირის სამეზობლოსთან – ხაზგასმით აღინიშნა კონფერენციაზე.

   კონფერენციაზე წარმოდგენილი მაღალი რანგის სტუმრების ნათქვამის დადასტურებაა პროექტი „პლაფტორმა“, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის ჩართულობით ხაშურთან დამეგობრებული ქალაქ ბაუსკას მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებით და ევროკავშირის მხარდაჭერით ადგილობრივი სოლიდარობის ევროპული დღეების ფარგლებში ლატვიის ქალაქ ბაუსკაში გაიმართა. პროექტში ხაშურის დელეგაცია მრავალფეროვანი შემადგენლობით მონაწილეობდა.

პროექტის ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის დელეგაციის წევრები გაეცნენ ლატვიის სკოლამდელი და სასკოლო განათლების და სოციალური დაცვის სისტემებს, ადგილობრივი ბიზნეს-სტრუქტურების საქმიანობას. მათ ინფორმაცია მიიღეს იმ დადებით მხარეებსა თუ გამოწვევებზე, რაც ლატვიას და ზოგადად ბალტიის ქვეყნებს ევროკავშირთან ინტეგრაციამ მოუტანა. ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ლატვიის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში. პროექტის ფარგლებში მოეწყო ნახატების გამოფენაც თემაზე „მრავალფეროვნება გვაერთიანებს: საქართველო -ლატვია“, რომელშიც ხაშურელი და ბაუსკელი ნორჩი შემოქმედები იღებდნენ მონაწილეობას. გამოფენის მონაწილეები წინასწარი კონკურსის მიხედვით შეირჩნენ. ისინი ლატვიის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. ხაშურელმა მხატვარმა ოთარ ქურდაძემ საკუთარი ინიციატივით, სპეციალურად პროექტის ფარგლებში თავისუფლების თემაზე შექმნა მასშტაბური ტილო, რომელიც ბაუსკას მერიას საჩუქრად გადასცა. საპროექტო აქტივობებში ჩართული იყო საქართველოს საელჩო ლატვიაში, რომლის წარმომადგენლები პროექტისა და ბავშვთა ნახატების გამოფენის ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობდნენ.

წარმატებით განხორციელებული პროექტი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ინდივიდუალური ინიციატივები და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის ურთიერთპარტნიორობა ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერილია და სამომავლოდ ამ ურთიერთობების გაღრმავება კიდევ მეტი სარგებლის მომტანია სწორედ რიგითი მოქალაქეებისთვის. შეგვიძლია ასევე ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოსთვის ბალტიის ქვეყნები – ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე უპირველესი პარტნიორები და საიმედო მხარდამჭერები არიან.

პროექტი „პლატფორმა“ მოკლევადიან პერსპექტივაში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ინიცირებას ისახავდა მიზნად.  შესაძლებელია ითქვას, რომ ინდივიდუალურ და ადგილობრივ მთავრობებს შორის ურთიერთობის დონეზე პროექტის მოკლევადიანი მიზანი მიღწეულია.

ნინო სუხიაშვილი

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!