გაიცანით ადამიანები, რომლებიც ,,ხაშური News”-ს ქმნიან

შვიდი წლის წინ სოციალური მედიაში გამოჩნდა ახალი გვერდი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო გასცნობოდა ქალაქ ხაშურთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას. შემდეგ გაჩნდა ვებ-გვერდი ,,ხაშური NEWS”. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ამ გვერდების ერთ-ერთი შემქმნელი იყო ხაშურელი ახალგაზრდა – გიორგი ჩუბინიძე. გთავაზობთ ინტერვიუს გიორგისთან.

გიორგი, როგორც ვიცი წლების წინ შექმენი facebook გვერდი, ბლოგი, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას მოუყარე თავი ჩვენი ქალაქის შესახებ. ხომ არ გაგვიმხელდი რამ განაპირობა ამ გვერდების შექმნა?

2011 წელს არც თუ პოპულარული იყო ფეისბუქ გვერდები, მითუმეტეს ამ თემატიკაზე იმ დროს ოფიციალური Facebook-გვერდები სახელმწიფო უწყებებსაც იშვიათად ჰქონდათ, არათუ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას ან საკრებულოს. ზოგადად იმ დროს მსგავსი გამჭვირვალობა შედარებით უცხო ხილი იყო, რადგან თითქმის არც არაფერი კეთდებოდა. სწორედ ამ მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის კონტროლის, საზოგადოების მხრიდან აქტიურობისა და მათი ჩართულობის მიზნით, მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში, შევქმენით გვერდი ,,ხაშურის მუნიციპალიტეტი“ https://www.facebook.com/KhashuriMunicipalityGeorgia/ ამ გვერდზე თავი მოიყარა ხაშურის ისტორიამ, კულტურამ, პოლიტიკამ, თანამედროვეობამ. 7 წლის განმავლობაში დაიდო ხაშურის სოფლების და მათი ყოფის ამსახველი არაერთი ფოტო, მათ შესახებ ინფორმაცია, წარმოჩინდა ბევრი უცნობი ფაქტი და ადგილი.

– გარდა ფეისბუქ გვერდისა შენ ასევე ხარ ელექტრონული ჟურნალის ,,ხაშური news’’- ის ერთ-ერთი შემქმნელი და რედაქტორი. სამომავლოდ ხომ არ გეგმავ ჟურნალის გამოცემას?

სწორედ ამ ფეისბუქის გვერდმა გადამაწყვეტინა ხაშურისთვის შეგვექმნა რეგიონული ელექტონული მედია. მოგეხსენებათ თანამედროვე სამყაროში ელექტრონული რესურსების გარეშე უკვე წარმოუდგენელია. ხაშურს აქვს ტრადიციული მედიის არსებობის ტრადიცია, ვგულისხმობ ტელევიზიას და გაზეთს. ტელევიზია ჯერ კიდევ 90-იან წლებში შეიქმნა, მაგრამ 2000-იან წლებში გაიყიდა და შესაბამისად შიდა ქართლზე გახდა ორიენტირებული და არა უშუალოდ ხაშურის თემატიკაზე. რაც შეეხება პრესას, ის ხაშურის რეალობაში XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისიდან არსებობს და მის პირველ გამოცემას ,,სტალინის საყვირი“ ერქვა, ცხადია გვესმის რა იქნებოდა მისი თემატიკა. დღეისათვის ხაშურში გამოიცემა გაზეთი ,,ხაშურის მოამბე“, მნიშვნელოვანია მისი არსებობა, მაგრამ ფაქტობრივად ის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ოფიციალური გამოცემაა, ცხადია ვერ იქნება კრიტიკული ადგილობრივი თვითმამრთველობის მიმართ, თუმცა მისი არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან მერიის საქმიანობას ასახავს, მუნიციპალიტეტის ისტორიასაც წარმოაჩენს და პერიოდულად ისტორიული თემატიკით მეც არაერთი სტატია გამომიქვეყნებია.

,,ხაშური NEWS” ის შექმნა მე და ჩემმა მეგობრებმა სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ, რომ ხაშურს ჰქონოდა დამოუკიდებელი, შედარებით ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედია საშუალება, სადაც კონიუნქტურის გამო არავის მოერიდებოდა კრიტიკული აზრის გამოხატვა და ადგილობრივი თვითმმართველობის კონტროლი. ამ მხრივ კი ,,ხაშური NEWS” განვითარების მეტი პერსპექტივები სჭირდება და ვინაიდან ეს ონლაინ პლატფორმა მაინც სამოყვარულო დონეზე არსებობს და აქამდე არ გვქონია რაიმე მნიშვნელოვანი გათვლები, ჩვენ, მისი დამფუძნებლები პარალელურად ჩვენი პროფესიული საქმიანობებით ვართ დაკავებული, ვერ ვახერხებთ სრულყოფილად, მთელი დატვირთვით ავამუშაოთ იგი, თუმცა ცდას მაინც არ ვაკლევთ და სამომავლოდაც არაერთი გეგმა გვაქვს.

რაც შეეხება ჟურნალის გამოცემას, ვფიქრომ ბეჭდური მედიის მკითხევლი დღეისათვის სულ უფრო მცირდება, თუმცა უფროსი თაობისთვის ჯერ კიდევ აქტუალურია. ამიტომ მომავალში ბეჭდურ გამოცემას არ გამოვრიცხავთ.

– სოციალურ და ონლაინ მედიაში მუშაობამ თუ მოახერხა რაიმე საკითხის მოგვარება, რა შედეგებზე გადიხართ?

ცხადია მოახერხა და ეს ძალიან შესამჩნევია. მნიშვნელოვანი ფაქტია რომ გაიზარდა საზოგადოების შეგნება, შეიცვალა საკუთრივ საჯარო მეხელეთა დამოკიდებულებანი. თავიდან როდესაც ჩვენ დავიწყეთ ეს საქმიანობა, საჯარო მოხელეების რეაქცია იყო მკვეთრად უარყოფითი, ადგილობრივი მაღალი თანამდებობის პირებიც კი არ ერიდებოდნენ ჩვენს საჯაროდ შეურაცხყოფას, თითქოს მათზე და მათ საქმიანობაზე კრიტიკული აზრის გამოხატვა დანაშაული ყოფილიყო, თითქოს ჩვენ რომელიმე პარტიის აქტივისტები ვიყავით და მიზანმიმართულად ვწერდით კრიტიკულ სტატიებს. არადა ეს ყველაფერი ადრეც და ახლაც არის საზოგადოების გაზრდისკენ, კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ მიმართული. ილია ჭავჭავაძეც კი კრიტიკის განვითარებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა. ის ამბობდა ,,დღემდის ვერ დაგვიდგენია სამართლიანი კრიტიული აზრი ჩვენის ცხოვრების შესახებ. ეს გარემოება ამით არის უსიამოვნო, ჩვენის წარმატების დამაბრკოლებელი, და გვიჩვენებს ჩვენის გონების გაუწრთვნელობას, ჩვენს გაუფრთხილებლობას და დაუკვირებლობას. აი, აქ არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ყოველი კეთილი საზოგადო საქმე ჩვენში ერთობ ნელის ნაბიჯით მიდის წინ“. აღსანიშნავია რომ სოციალური ქსელიდან (Facebook-იდან) გაქრა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მომხმარებლის ანგარიში (ექაუნთი), რაც ჩემი აზრით იმით უნდა იყოს განპირობებული, რომ მისი არაერთი პოსტი ,,განიუსებულა“. ეს რატომღაც უკვირთ, მაგრამ ნებისმიერი საჯარო მოხელის აზრი პოლიტიკურ საკითხებზე, ცხადია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს და მისი გავრცელება მედიას შეუძლია. ამაში უცნაური არაფერია.

ჩვენი ინიციატივით არაერთი სტატია დაიწერა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის პრობლემაზე და იმ პერიპეტიებზე, რაც მისი პრობლემის ადვოკატირების ირგვლივ იყო. სტატიები დაიწერა ვეზირიშვილების სასახლის პრობლემატიკაზე და ა.შ. რაც რაღაც გარკვეულ შედეგებამდე გავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ წინაა საბოლოოდ მოგვარების პროცესი.

– ხშირად ვსტუმრობ ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის“ და ,,ხაშური NEWS”-ის გვერდებს, აქ თითქმის ყველა საჭირო ინფორმაციას ნახავ, რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდ შრომა სჭირდება. როგორც ვიცი მოცემულ გვერდს შენ გარდა ბევრი -,,ადმინისტრატორი ’’ ჰყავს . ხომ ვერ გაგვიმხელ იმ ადამიანთა ვინაობას , რომლებიც ამ გვერდის უკან დგანან?

რა თქმა უნდა გაგიმხელთ. ეს ჩვენს ვებ-გვერდზეცაა ხელმისაწვდომი, ,,ხაშური NEWS-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჩემთან ერთად არის ზურა მინაძე, ის პროფესიით ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტია, გიორგი ბლიაძე, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია, ნინო შუბითიძე, რომელიც პროფესიით ანგლისტია, მე პროფესიით ისტორიკოსი ვარ. რაც მთავარია ყველანი ახალგაზრდები ვართ და ვცდილობთ ახალი ენერგია და ახალი ხედვები მოვახმაროთ ხაშურის განვითარებას. რაც შეეხება ფეისბუქ გვერდს იქაც ეს შემადგენლობაა მცირე სხვაობით, უკვე ჩამოთვლილებთან ერთად გვერდს მართავენ გოგა სადუნაშვილი, რომელიც ტურიზმის სპეციალისტია, აგრეთვე მაია წიქარიშვილი, ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტი. როგორც აღვნიშნე ჩვენ ყველა ჩვენი საქმიანობით, პროფესიით ვართ დაკავებულები, ამიტომ ,,ხაშური NEWS”- და შესაბამისი გვერდების მართვა ამჟამდ სამოყვარულო საქმიანობას წარმოადგენს.

– თუ თანამშრომლობთ სხვა მედია ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან და რა სახის თანამშრომლობა გაქვთ?

დახმარების მხრივ უდიდესი სამსახური გაგვიწია არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა, მისმა ხელმძღვანელებმა გიორგი მელაშვილმა და შაკო ჩხეიძემ. მათი დახმარებით მოვამზადეთ ვებ-გვერდი, რომელიც ამ ეტაპისთვის სავსებით შესაფერისი და მისაღებია.

– ხაშურის მოამბეში რამდენჯერმე გავეცანი შენს მასალებს, მახსოვს პერიოდულად იბეჭდებოდა შენი სტატიები და აგრეთვე ესეები. ამ მხრივ რა თემატიკაზე მუშაობ?

ხაშურის მოამბესთან მართლაც ვთანამშრომლობ, ცხადია სრული ენთუზიაზმით და ამისთვის მადლობა ბატონ გოგი გოგოლაძეს, თამარ ჯავახიშვილს და თინა ახალკაცს. ძალიან კარგ და საჭირო საქმეს აკეთებენ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე რამდენიმე სტატია მაქვს მომზადებული ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორიული წარსულის შესახებ, ისტორიასა და ეთნოლოგიაზე, ეკლესიის ისტორიაზე, ეპარქიის ისტორიაზე, ამოკრეფილი მაქვს საინტერესო ფაქტები ძველი პრესის ფურცლებიდან, არქივებიდან. სწორედ ამ თემატიკის სტატიები მაქვს გამოქვეყნებული ,,ხაშურის მოამბეში“. რაც შეეხება ესეებს პოეტმა ეკა ბაქრაძემ მომცა ამის შესაძლებლობა, რომ ჩემი რამდენიმე ესე დამებეჭდა ,,ხაშურის მოამბეში“.

ჩემთვის ცნობილია, რომ დიდი ხანია თბილისში ცხოვრობ… სკოლაც თბილისში დაამთავრე, მუშაობ ქართულ უნივერსიტეტში. შენი ხაშურისადმი სიყვარული ბევრ რამეში ჩანს. ხომ ვერ გვეტყვი რა გაკავშირებს ხაშურთან და სამომავლო გეგმებზე ხომ ვერ გვეტყოდი ორიოდ სიტყვას?

ხაშურში დავიბადე და დღემდე მჭიდრო კავშირი მაქვს ხაშურთან, იქაა ჩემი ოჯახი, სანათესაო და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი. არდადეგებს ძირითადად ხაშურში ვატარებდი, როგორც ქალაქ ხაშურში ასევე ჩემთვის ძალიან ძვირფას ჭერათხევის ხეობაში, ერთ პატარა სოფელში. ახლაც თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ხაშურში ვარ. სტუდენტობის პერიოდში აქტიურად ჩავერთე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში, მათ შორის დიანა გელაშვილისა და თორნიკე ბოლოკაძის ორგანიზაციაში ,,თანამონაწილე“, რომელმაც არაფორმალური განათლების კუთხით ხაშურში არაერთი პროექტი განახორციელა. შემდეგ შევქმენით ორგანიზაცია ,,ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობა“, რომელსაც თინათინ მახათაძე ხელმძღვანელობს. ამ დროის განმავლობაში ბევრ მნიშვნელოვან პროექტს გავუკეთეთ ორგანიზება. ამჟამად როგორც აღნიშნეთ უნივერსიტეტშიც ვმუშაობ და ვეღარ ვახერხებ სრული დატვირთვით ჩავერთო ხაშურის არაფორმალურ განათლებაში, მაგრამ არაერთი გეგმა მაქვს და იმედი მაქვს რომ მეგობრებთან ერთად განვახორციელებ.

საინტერესოა ახალგაზრდების თვალით დანახული ხაშურის მუნიციპალიტეტი. რას უსურვებდი შენს ქალაქსა და თანამოქალაქეებს?

ხაშურის მუნიციპალიტეტი ნელა, მაგრამ შესამჩნევად ვითარდება, ვგულისხმობ საზოგადოების განვითარებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგაზრდობა, ამჟამინდელი მოსწავლეები, უკვე სტუდენტები ან კურსდამთავრებულები. ნამდვილად საინტერესო და ანგარიშგასაწევი თაობაა, რომლებსაც განვითარებული აქვთ კრიტიკული აზროვნება, საქმეზე და შედეგზე ორიენტირება შეუძლიათ, აღწევენ არაერთ მიზანს და წარმატებით საქმიანობებ თავიანთ სფეროში. პრობლემა არის ის, რომ ეს ახალგაზრდები ნაკლებ დროს უთმობენ საკუთრივ ხაშურს და ის რჩება უფროსი თაობის იმედად. ყველა თაობას აქვს თავისი დიდი გამოცდილება და წვლილი, მაგრამ ყველაფერი ვითარდება და არ შეიძლება ამ განვითარებას არ აუწყო ფეხი. ახალგაზრდებს ბევრ სფეროში განსხვავებული ხედვა გვაქვს, ნებისმიერ საკითხს შეგვიძლია სხვაგვარად მივუდგეთ და მომავლის პრიზმიდან უფრო მკაფიოდ გავთვალოთ რაღაცეები. აუცილებელია ადგილობრივი პოლიტიკა აკეთონ ახალგაზრდებმა. დღეისათვის ახალგაზრდული მიმართულებით ვერ მუშაობს ხაშურის თვითმმაღთველობა, თითქმის შეუძლებელია ხაშურში საჯარო სამსახურში, მერიას დაქვემდებარებულ სამსახურებში, იქნება ეს ბიბლიოთეკა, მუზეუმი, თუ სხვა, დასაქმდეს ახალგაზრდა ისე, უბრალოდ, სივით და გასაუბრებით. ისევ ნეპოტიზმის ჭაობია ჩვენს რეგიონებში და ისევ ,,სიტყვის შეშველებაა” საჭირო. ეს ძველი, ჩამორჩენილი მენტალიტეტის გადმონაშთია და აუცილებლად ამ თაობამ უნდა შეცვალოს. ეს მაშინ მოხდება, როცა ახალი თაობა იქნება ადგილობრივ თვითმმართველობაში, ისინი წარმართავენ ჩვენი ქალაქების და სოფლების პოლიტიკას (ცხადია მინდა ვთქვა რომ ძველ თაობაშიც არიან ახალი აზროვნების ადამიანები, მაგრამ მათ არ აქვთ მმართველობის ბერკეტები). თუ ეს საკითხები მოგვარდება ქალაქს თავისთავად ეშველება. თანამოქალაქეებს კი ვუსურვებ არჩევანის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, კონიუნქტურისგან თავისუფლებას და მეტ შრომას და ამბიციას. ყოველ მოქალაქეს უნდა ახსოვდეს რომ ის ქირაობს საჯარო მოხელეს, ირჩევს ადამიანს, რომელსაც იგი ავალდებულებს მართოს საკუთარი მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი და თავადაც მონაწილეობს ამ მართვის პროცესში. მუნიციპალიტეტის მერი, რომელიმე სამსახურის უფროსი, თუ საკრებულოს წევრი ხდება ანგარიშვალდებული საკუთარ ამომრჩეველთან და არა პირიქით. უნდა გაიზროს ყველამ, რომ სამართლიანი, ადეკვატური, ცივილური კრიტიკა აუმჯობესებს საქმიანობის ხარისხს, რაც საბოლოოდ გვაძლევს შედეგს, უკეთეს ქალაქს, სოფელს, მუნიციპალიტეტს. ჯერ ამ ყველაფერს ძალიან ჩამოვრჩებით.
მოქალაქეებს კიდევ მოვუწოდებ, რომ დაიცვან საკუთარი გარემო და უბრალოდ იყვნონ კარგი მოქალაქეები, გაუფრთხილდნენ იმას რაც არის, დაიცვან და მეტად ჩაებან საზოგადოებრივ საქმიანობაში.

-გიორგი, მინდა რომ წარმატებები გისურვო. გმადლობ ინტერვიუსთვის.

მოამზადა მაია წიქარშვილმა

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!