სოფელ ალის ისტორია
XII-XIII საუკუნეები ქართული ფეოდალური ქალაქების აყვავების ხანაა, ქალაქებმა ამ პერიოდში არნახულ განვითარებას მიაღწიეს. გაძლიერებული ქვეყნის სტრატეგიულ ადგილებზე აღმოცენდა ბევრი ახალი ქალაქი, მათ შორის ალიც, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ისტორიულ გზაგასაყარზე მდებარეობდა და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაში.
შუა საუკუნეების საქართველოში ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტი აღინიშნა: იმერეთიდან ქართლში გადმომავალ გზებზე აღმოცენდნენ ქალაქები სურამი, ალი და ცხინვალი, რაც არ აღინიშნებოდა ქართლიდან იმერეთში გადამავალ გზებზე. ეს საინტერესო პროცესი ალბათ გამოწვეული იყო იმით, რომ ერთიანი საქართველოს მოსურნე მეფეები, რომლებიც წლების მანძილზე ებრძოდნენ აფხაზეთის ქართულ სამეფოს, ყოველთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ იმერეთის მისადგომებს და უეჭველია სწორედ ამიტომ წარმოიქმნა აღნიშნულ ტერიტორიაზე მთელი რიგი ქალაქებისა.
საერთოდ ცნობილია, რომ ფეოდალური ქალაქების ერთი ჯგუფი ჩამოყალიბდა დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის გამო, ხოლო მეორე ჯგუფში შედიოდნენ ქალაქები, რომლებიც იყვნენ ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარების საფუძველზე აღმოცენებულები. ჩვენ ვთვლით რომ ალის, როგორც დასახლებული პუნქტის ჩამოყალიბებას სწორედ პირველი ნიშანი ედო საფუძვლად (რასაც ადასტურებს სოფლის ჩრდილოეთით მდებარე თავდაცვითი ნაგებობა ალის ციხე), ხოლო ქალაქად ჩამოყალიბებაში უცილობლად ორივე ფაქტორმა იქონია გავლენა.
ქალაქი ალი რომ მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო კარგად მეტყველებს აქ შემთხვევით აღმოჩენილი ალის პირველი და მეორე განძი. ალის პირველი განძი რომელიც აღმოჩენილია 1925 წელს შეიცავს ოქროს ურდოს 204 ცალ ჯუჩიდურ მონეტას, რეის სულთნის აჰმად ჯალაირისა და გიორგი VII ახელით მოჭრილ 249 მონეტას, აგრეთვე იოანე II ტრაპიზონელის ასპრის ქართულ მინაბაძს და გაურკვეველი სახეობის 10 ცალ მონეტას, რომელთაგან ყველაზე ადრინდელი დათარიღებულია 1310 წლით, ხოლო ყველაზე გვიანდელი 1401 წლით.
1971 წელს აღმოჩენილი ალის მეორე განძი შეიცავს 59 ცალ შირვანულ მონეტას, რომლებიც მოჭრილია მუსულმანური წელთაღრიცხვით, ჰიჯრით 834-848 წლებში (ანუ 1431-1445 წწ.).
ალის განძების ჯუჩიდური თუ შირვანული მონეტები მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების დასადგენად.
ალში მონეტების ასეთი თავმოყრა იმით აიხსნება, რომ ამ პერიოდში აქ საბაჟოც ყოფილა, რაც დასტურდება XIV საუკუნეში შედგენილი ქუცნა ამირეჯიბის სიგელით. მასში ნათქვამია: “შევწირეთ მათ წამებულთათვის გამოღმა ალი სრულიად ბაჟის მესამედი”.ალი რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ციხე-ქალაქიც იყო და სავაჭრო-ეკონომიკური მნიშვნელობის ქალაქის სტატუსიც ჰქონდა სადაც სავაჭრო საქონელიც კი გადაჰქონდათ იგივე სიგელი გვიდასტურებს: „ულაყი აქეთ თბილისამდე და იქით ქუთაისამდი“-ო გარდა ამისა აქვე სახლებულან ვაჭარი ურიებიც, რომლებსაც დიდი წვლილი ჰქონდათ შეტანილი ალის სავაჭრო ცენტრად ჩამოყალიბებაში: „არს ულუმბის ღვთისმშობლისა მამული შეწირული: გამოღმა ალი სრულიად ბაჟის მესამედი, ორი კუამლი შიგ ალში ნასყიდი ურიები“.
* * *
დღევანდელი სოფელი ალი მდებარეობს მდინარე ჭერათხევის შუა წელში, მდინარის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 750 მეტრზე. გომი–საჩხერის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს.
სოფელი ალი ამ ხეობის ყველაზე დიდი სოფელი და კულტურული ცენტრია, სოფელში მაცხოვრებელთა გვარებია: ახალკაცი, ნოზაძე, ლოლაძე, ტაბაშიძე, გარსევანოვი, კულიჯანოვი და სხვა. ყველაზე მეტნი არიან ნოზაძეები, მათ ამ სოფელში 11 შტო-გვარი გააჩნიათ. ესენი არიან: ივანიკიანთი, გაბელიანთი, დათილიენთი, აღაშენაანთი, მამუკიენთი უმცროსაანთი, წურიეენთი, გოგილიენთი, შიოენთი, გიგლაანთი და ბუსაანთი.
ალის მეცნიერული ეტიმოლოგია უცნობია. ხალხური გადმოცემით ალის სახელწოდება წარმოდგება ცეცხლის ალისაგან. იგი მართლაც ძალზე ცხელი ადგილია ზაფხულობით, ალბათ ვახუშტი ბაგრატიონიც ამაზე მიუთითებდა როცა ალის შესახებ წერდა ,,…ზაფხულს ცხელი”–ო.
სოფელი ალი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ისტორიულ გზაგასაყარზე მდებარეობდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაში, რამაც ხელი შეუწყო ხჳჳ საუკუნეში მის გაქალაქებას. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ალის პირველად მოხსენიება ისტორიულ საბუთებში ეს საბუთია გიორგი III–ის დროს (1156-1184 წწ.) შედგენილი გუჯარი, მასში ნათქვამია, რომ ალს სხვა სოფლებთან ერთად, რომლებიც სამთავისის სამწყოში შედიოდნენ სამთავნელის სასარგებლოდ ემართა ,,ვერცხლის დრამა”. ,,…უმეტესად სამ-სამი -19 სოფელს, ოთხ-ოთხი-5 სოფელს… 6 დრამა სოფელ ალს…”
სოფელი ალი მოხსენიებულია ,,ხელმწიფის კარის გარიგებაში”, რომელიც ივანე ჯავახიშვილის აზრით შედგენილია გიორგი ბრწყინვალის დროს (1318-1346წწ.), მასში კერძოდ ნათქვამია: ,,…და ალის ჭალას, ოდეს მათი შვილი მოვიდა, შეიწყნარეს კათოლიკოზი თანა ჰყვა და ალს ეკლესიის კარს დადგა.”
მონღოლების შემოსევის შემდეგ და მათი ბატონობის პერიოდში ალი განადგურდა. დაკნინდა და მცირე ქალაქად გადაიქცა, ხოლო შემდეგ, თემურ ლენგის შემოსევებისაგან მთლიანად დაეცა. განადგურებული ალი აღადგინა ხეობის მფლობელმა ქუცუნა ამირეჯიბმა, რომელიც თავის სიგელში აღნიშნავს: ,,ჩვენგან აშენებული ალი”–ო. სიგელში რომელიც ხვ საუკუნეს მიეკუთვნება ნათქვამია: ,,როდესაც ფალავანდიშვილის საქმეზედა მეფეთ-მეფემა ალექსანდრემა შეხუთა ალი, ორნი ძმანი პაპის ჩემისა დაიჭირეს და ტყავები დაჰხადეს. აიღეს (ალი) მისად სანუქფოდ. კიდევ შეგვიწყალნა ჩუენ და ჩუენგან აშენებული ალი.”
ამავე სიგელიდან ირკვევა, რომ ალში ყოფილა საბაჟო და, რომ ქუცნა ამირეჯიბმა ულუმბის ღვთისმშობლის აღდგენილ მონასტერს შესწირა ,,გამოღმა ალი სრულიად ბაჟის მესამედი, ორი კუამლი შიგ ალში ნასყიდი ურიები.”
ქუცნა ამირეჯიბის მიერ აშენებული ალი ნელ-ნელა წამოიმართა და თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო კვლავ დაწინაურდა და ქალაქად იქცა. XVI საუკუნის ბოლოსათვის ალი გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარმოადგენდა სვიმონ I (1556-69,1578-1600წწ) რეზიდენციას, რომელიც დაუღალავ ბრძოლას აწარმოებდა ოსმალების წინააღმდეგ. XVII საუკუნის გამოჩენილი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც 1672-1673 წლებში საქართველოში მოგზაურობდა აღნიშნავს: ,,ქართლში მხოლოდ ოთხი ქალაქია გორი, სურამი, ალი და ტფილისი.”
XVIII საუკუნეში ალი კიდევ უფრო დაწინაურდა და სამეფო ქალაქი იყო მოურავის მეთაურობით. 1723 წელს რუსეთში მიმავალი ვახტანგ VI რამდენიმე თვით იდგა ალში, აქედან გადავიდა იგი იმერეთში, ხოლო შემდეგ გაემგაზარვა რუსეთს კავკასიონით.
ვახუშტი ბაგრატიონი თავის ნაშრომში ასე მოიხსენიებს ალს:,,ბრილის წყლის შესართავს ზეით არს ალის წყალზედ, დასავლეთით კიდესა ზედა, ალი, ქალაქი მცირე, მოსახლენი არიან სომეხნი და ურიანი, მცირედ ქართველნი. ზაფხულ-შემოდგომას ჭყაპიან-ტალახიანი, ზამთარი ცივი, ზაფხულს ცხელი არამედ ჰავით კეთილი, მხიარული.”
რუის-ურბნისის საწმყოს დავთრის მიხედვით ალში 1715 წლისათვის ცხოვრობს 22 კომლი.
XVIII საუკუნეში ალი ლეკების თავდასხმის არაერთი მოწმე გამხდარა. მათ შორის ყველაზე ძლიერი 1758 წლის ლაშქრობა იყო, რომელსაც მეთაურობდა ლეკების ბელადები ჩონჩოლ მუსა, პტარი და იტინა: “აიყარნენ ლეკნი და ალს მიადგნენ, აიღეს ციხედა აიკლეს’ (ქც. გვ. 489). უეჭველია ამ ლაშქრობას გულისხმობს სვიმონ ამირეჯიბი, რომლის არზაშიც ყმის თაობაზე (რომელიც შედგენილია 1766 წლის 30 მარტს) ნათქვამია: “სანამ ალი წახდებოდა წაღვლს მესახლა, ალი რომ წახდა ის ბიჭი (საუბარია ვინმე ჩაჩანიძეზე) მსახურად მახლდა, ალის ციხეში რომ დავიღუპე მე ვეღარ შევინახე და დავითხოვე.”
ამ ლაშქრობის შედეგად ალმა საბოლოოდ დაკარგა ქალაქის ფუნქციები და იგი ამიერიდან იწოდება, როგორც სოფელი ალი.
* * *
XIX საუკუნის კამერალური აღწერები ნათელ წარმოდგენას გვაძლევს მოსახლეობის რაოდენობისა და მიგრაციის შესახებ. 1803 წლის აღწერით ალში შვიდი კომლი ყოფილა მოსახლე, მათგან 27 მამაკაცი და 21 ქალი, მაგრამ 1818 წლის აღწერით ალში უკვე 44 კომლი ცხოვრობს – 147 მამაკაცი და 103 ქალი.
1818 წლის აღწერით სოფელ ალში მცხოვრები გლახა ნოზაძე, რომელიც ჩაწერილია №39 კომლად, გადმოსახლებულია ჯავახეთიდან 1815 წელს იგივე გვარის მოსახელე ლაზარე ნოზაძე კი იმერეთიდანაა ჩამოსახლებული. ამ დროისათვის კომლთა უმრავლესობა ნოზაძეები არიან. მარტო ზემოთ მოყვანილი ფაქტი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ხეობას ავსებდნენ სხვა კუთხეებიდან გადმოსახლებული მოსახლეობით, ხშირია აგრეთვე სოფელ ალიდან ემიგრირება მაგალითად, სურამელი ებრაელების (ფიჩხაძეების) წინაპარი მოსე ფიჩხაძე ალიდანაა გადასახლებული.
1891 წლის გაზეთ ,,ივერიის” ერთერთი ნომერი წერს: ,,უკანასკნელი აღწერით ამ სოფელში (ალში) არის 179 კომლი, ამათგან 126 კომლი მართმადიდებელი სარწმუნოებისა და ერთი გვარისიანი არიან სულ ნოზაძეები და 35 კომლი სომეხ-გრიგორიანი”…
ალის ეკლესია-მონასტრები
სოფელი ალი ჭერათხევის ხეობაში ყველაზე მდიდარია ეკლესია – მონასტრებით, რომელთა შესწავლა მნიშვნელივნად წაადგება ხეობის ისტორიული წარსულის კვლევის საქმეს.
ალის ჩრდილოეთით 800 მეტრზე მთის ფერდობზე დგას ეკლესია დედაღვთისა, იგი თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვითა და ქვიშა ქვით, ეკლესია ძლიერ იყო დაზიანებული, მაგრამ 1988 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით აღადგინა და გაასუფთავა ეკლესია და მისი მიდამოები. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ერთი სარკმელი საკურთხეველშია, მეორე – ჩრდილოეთის კედელში რაიმე წარწერა ეკლესიის კედელზე არ არსებობს.
დედა ღვთისას დასავლეთით მდებარეობს ნაქალაქარის კომპლექსი, კომპლექსში შემორჩენილია თამარ მეფის სახელობის გუმბათოვანი ეკლესია, უსანეთის ბაზილიკური ეკლესია და სამრეკლო. ნაგებობათა კომპლექსი სტილისტური ნიშნებით თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით.
თამარ მეფის სახელობის ეკლესია დგას ნაქალაქარის დასავლეთით, ძლიერ დაზიანებულია-ჩამონგრეულია სახურავი, კედლების ნაწილი. ეკლესია გუმბათოვანია (14,5ხ10,9მ) ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. შესასვლელი აქვს სამხრეთით და დასავლეთით. აფსიდის ღერძზე და სამივე მკლავში თითო სარკმელია, გუმბათის ყელში – 12, არც ამ ეკლესიაზეა რაიმე წარწერა.
შემდეგი ნაგებობა უსანეთის ეკლესია მდებარეობს ნაქალაქარის ჩრდილოეთ ფერდობზე ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, ნაგებია ნატეხი ქვით. კონსტრუქციულ ნაწილებში ნახმარია თლილი ქვა. ეკლესია დაზიანებულია-ჩამონგრეულია სახურავისა და კედლის დიდი ნაწილი, შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა.
უსანეთის ეკლესიაზე აღმოსავლეთიდან მიდგმულია სამრეკლო, რომელიც ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. ქვედა სართული გახსნილია სამ მხარეს თაღებით. მეორე სართული პირამიდული გუმბათით გადახურული 6 წახნაგა ფანჩატურია ზარების დასაკიდი გადახურულია გუმბათით.
კვირაცხოვლის ეკლესია მდებარეობს სოფლის ცენტრში თარიღდება 1818-1820 წლებით. 1977 წელს მოსახლეობამ ადგილი შეაკეთა, ხოლო ოთხმოციანი წლების ბოლოს შემოავლეს გალავანი. ეკლესია გუმბათოვანია ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. სამხრეთ დასავლეთით მიშენებული აქვს ეგვდერი და სამრეკლო. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე დიდი რელიეფური ჯვარია გამოსახული. დასავლეთ ფასადზე, კედელში დატანიებულ ქიშაქვის კვადრებზე – რელიეფური ხელი. აქვეა მხედრული სამშენებლო წარწერა.
სტილისტური ნიშნებით XVIII საუკუნით თარიღდება სოფლის გარეუბანში მდებარ ჯანიაურების ეკლესია. იგი ძლიერ დაზიანებულია. ეკლესია გუმბათოვანია (14,3ხ10,4მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთით ქონდა. სამხრეთ ფასადზე შესასვლელი შემოსილია ქვით, რომელზეც გრეხილი ლილვებია გამოყვანილი, გვერდებზე ამოკვეთილია ექვსქიმიანი ვარსკვლავები.
ჯაბა ლაბაძე