ქვიშხეთი არჩილ სუთიაშვილის ფოტოობიექტივში
სოფელი ქვიშხეთი მდებარეობს შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ქვიშხეთის თემის სოფლებია: ბეღლეთი, ბულბულისციხე, მონასტერი, რუსაანთუბანი, სავანისუბანი, სათივე, სარმანიშვილისკარი, ტაშისკარი, ტეზერი, ყიფიანთუბანი). იგი ზღვის დონიდან 730 მეტრია, ხაშურიდან 10 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში დგას: აღდგომის ეკლესია, ქვიშხეთის კოშკი, მთაწმინდის ეკლესია, ფერისცვალების ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია და წმინდა ელიას ეკლესია. სოფელში არის ქვიშხეთის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი.
ქვიშხეთი ქართლის სააბაშიოს ცენტრია. აქ აბაშიძეები XVI საუკუნის 20-იანი წლებიდან მკვიდრდებიან, მაშინ, როდესაც არადეთის წყალს აქეთ მდებარე ტერიტორია (ალი, სურამი, ახალდაბა და სხვა) იმერეთის სამეფოს ხელში გადავიდა. აღნიშნული ტერიტორია 1527 წელს ლუარსაბ I-მა გადასცა იმერეთის მეფეს – ბაგრატ III-ს ქართლის სამეფო ტახტზე ასვლაში გაწეული დახმარებისათვის. 1711 წელს ქართლის მეფე იესემ უძეოდ გარდაცვლილი პაატა აბაშიძის მამული – ქართლის სააბაშიო ქვიშხეთითურთ უბოძა ვახუშტი აბაშიძეს. ქვიშხეთმა და მისმა მიმდებარე რეგიონმა დიდი აოხრებები განიცადა ქართლში ყიზილბაშობის პერიოდში 1735-1744 წლებში. განსაკუთრებით, მძიმე იყო 1742-1745 წლები, როცა ქართლში ყიზილბაშების წინაღმდეგ მიმდინარეობდა აჯანყება გივი ამილახორის ხელმძღვანელობით. 1744 წელს ქვიშხეთში აბაშიძის ასულზე, ანა აბაშიძეზე იქორწინა ერეკლე II-მ. სწორედ მისგან შეეძინა უფლისწული გიორგი, ქართლ-კახეთის სამეფოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII. 1748 წელს ლეკები ,,მიადგნენ აბაშიძის ქვიშხეთის ციხეს, აიღეს ისიც და წამოიღეს უთვალავი ტყვე ანუ საქონელი ურიცხვი” თეიმურაზ II-ის ზემო ქართლის მორიგე ლაშქრის 1756 წლის დავთრის მიხედვით, ქვიშხეთიდან სავალდებულოდ ითვლებოდა აბაშიძეების მიერ ლაშქარში გლეხების გაყვანა – ცხენოსანი თ(9), ქვეითი ვ(6). იქმნა ჯამი (ეი)(15). XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან ქვიშხეთში მკვიდრდებიან სუმბათაშვილები. ქვიშხეთის მოსახლეობა მთლიანად ქართულია. გაზაფხულზე თოვლის დნობითა და წვიმების შედაგად ადიდებულ მდინარე შოლას, რომელიც ქვიშხეთში ჩამოედინება, ქვიშა და ხეები ჩამოჰქონდაო, ასე ხსნის სახელწოდებას ხალხური ტრადიცია.
გაზეთი ,,ივერია”, 1888 წელი:
,,მწვანე მინდვრები, ბეღლითისა და სურამის მთები, რომლის კალთებზედ გაშენებულია ლამაზი, კოხტა, ბაღებით შემკული სოფლები: ბეკამი, ყიფიანთუბანი, ტეზერი და სავანლის უბანი. აღმოსავლეთით ბანაკს უძევს სოფ. ცხრა-მუხა, ზემო-ჭალა და ხაშური. დასავლეთით საამურად იცქირება მაღალი ქვიშხეთის მთა, ანუ “მთა-წმინდა”, რომლის ძირში მდებარეობს კეკლუცი, ლამაზი ქვიშხეთი. ამ სოფლით გარკვევით იხედება თავად-აზნაურთა მაღალი სახლები, რომელთა შორის განსვენებულის დ. თ. ყიფიანის სასახლე ნამეტნავად ამაყობს და თავ-მომწონეობს”.
ესეც ქვიშხეთელი ფოტოგრაფის, არჩილ სუთიაშვილის ფოტო-ნამუშევრები:


სათივე