სურამისა და ხაშურის ეპარქია 5 წლისაა
სურამის და ხაშურის ეპარქიის დაარსებიდან 5 წელი გავიდა. მისი ისტორია 2013 წლის 11 ოქტომბრიდან იღებს სათავეს, როდესაც საქართველოს სამოციქულოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა რუისისა და ურბნისის ეპარქიის გაყოფის გადაწყვეტილება მიიღო და ეპარქიის მღვდელმთავრად გამორჩეული იქნა ყორანქედის წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის მონასტრის იღუმენი სვიმეონი (ცაკაშვილი). ეპისკოპოს სვიმეონის მღვდელმთავრად ხელდასხმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2013 წლის 10 ნოემბერს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა. ახალი ეპარქიის საზღვრები ემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტის საზღვრებს, რომლის შემადგენლობაშიც შედის ქალაქი ხაშური, დაბა სურამი და 70 სოფელი. იგი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლის მხარეშია წარმოდგენილი და მიუხედავად საკუთრივ სურამისა და ხაშურის ეპარქიის ხანმოკლე ისტორიისა, თავად ეს ტერიტორია ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე გამოირჩეოდა ისტორიული მოვლენებით თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, შიდა ქართლის დღეობათა კალენდრის საინტერესო ვარიაციებით და დიდი ტრადიციებით.
სურამისა და ხაშურის ეპარქიის ტერიტორიაზე, კერძოდ სოფელ წრომში მდებარეობს ადრეული შუა საუკუნეების ტაძარი, რომელიც 626-635 წლებშია აგებული ქართლის ერისმთავარ სტეფანოზ II-ის დაკვეთით. სწორედ ამ ტაძარში 457 წლის აგვისტოში აწამეს პირველმოწამე რაჟდენი, მისი წმიდა ნაწილები კი ნიქოზში დაკრძალეს. ტაძარი აგრეთვე უნიკალურია თავისი ჯვარ-გუმბათოვნებით, მოზაიკითა და მოხატულობის შემორჩენილი ფრაგმენტებით. წრომის ეკლესია ეპარქიაში არსებულ ტაძართაგან უძველესია.
გამორჩეულია სოფელ ხცისში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, რომლის აღმოსავლეთ ფასადზე გაკეთებული უნიკალური ასომთავრული ლაპიდარული წარწერა, რომელიც კიდურწაისრულითაა შესრულებული გადმოგვცემს, რომ ეკლესია 1002 წელს, გაერთიანებული საქართველოს მეფის, ბაგრატ III-ის ზეობის ხანაში აუგიათ. აქვე იხსენიებიან დედოფალი გურანდუხტი, უფლისწული გიორგი, ეპისკოპოსი ანანია და ვინმე იოვანე. ეკლესია ოთხი წარწერით გამოირჩევა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ეპიგრაფიკული, ისე ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით.
სურამისა და ხაშურის ეპარქიაში დიდი ისტორიულ-კულტურული ადგილი უკავია ჭერათხევის ხეობას და აქ მდებარე არაერთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. საისტორიო საბუთებით დასტურდება, რომ ხეობა, რომელიც მდინარე ჭერათხევის 27 კილომეტრიან ზოლს მიუყვება ქუცნა ამირეჯიბის საგამგებლო ტერიტორია იყო და მას მიეწერება ის აღმშენებლობითი საქმიანობა, რაზეც ამ პერიოდში აქ აგებული ან აღდგენილი არაერთი ეკლესია მეტყველებს. აქვე, სოფელ ნაბახტევში მდებარეობს ქუცნა ამირეჯიბის სასახლე და მის მიერვე აგებული ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც უნიკალური ფრესკებითაა გამორჩეული, მათ შორის თავად ქუცნა ამირეჯიბისა და მისი ოჯახის, აგრეთვე იოანე ნათლისმცემლის ფრესკა, რომელიც ხელოვნების მუზეუმში ინახება. შემორჩენილია მე-15 საუკუნეში ქუცნა ამირეჯიბის მიერ შედგენილი სიგელი, რომელშიც იგი განახლებულ ულუმბოს მონასტერს ხეობის სოფლებიდან სწირავს რამდენიმე კომლ მოსახლეს. ქუცნა ამირეჯიბის მეუღლის, რუსა ამირეჯიბის სახელთანაა დაკავშირებული სვეტიცხოვლის ტაძრის აღდგენაც. ქუცნა და რუსა ამირეჯიბების შვილიშვილი იყო ერთიანი საქართველოს მეფე ალექსანდრე I დიდი, რომელმაც ბებიის დაწყებული საქმე გააგრძელა და მანვე განასრულა თემურ ლენგის მიერ დარბეული სვეტიცხოვლის ტაძრის აღდგენა. ეპარქიის ისტორიის შესწავლისთვის საინტერესო წყაროა რუისის სამწყსოს დავთარიც. ჭერათხევის ხეობაში და ეპარქიის თითქმის ყველა სოფელში აღინიშნება დღეობები, რომელიც ერთი რომელიმე წმიდანის ხსენების დღესთანაა დაკავშირებული, ასეთია: ღვთისმშობლობა, გიორგობა, ივანობა (იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღე), გარეგნობა (აღინიშნება აღდგომის მეორე დღეს), კვირიკობა და ა.შ. დღეობათა შესახებ საინტერესო ცნობებია შემონახული XIX საუკუნის პერიოდულ პრესაში.
2018 წლი 10 ნოემბერს, ეპარქიის დაარსებიდან 5 წელი ხაშურის საკათედრო ტაძარში, საზეიმო ლიტურღიით აღინიშნა. ამ დღეს სურამისა და ხაშურის ეპარქიას ეწვივნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტოპოლიტი შიო, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, მანგლელი მიტროპოლიტი ანანია, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონია, ბორჯიმისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე, ბოლნისის მტავარეპისკოპოსი ეფრემი,ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი, მარგვეთის ეპისკოპოსი მელქისედეკი, ხორნაბუჯის ეპისკოპოსი დიმიტრი. საზეიმო თარიღი აღინიშნა ხაშურის სამუსიკო სკოლაშიც. სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა ისაუბრა ეპარქიის განვლილ 5 წელზე და იმ სამომავლო გეგმებზე, რომლებიც უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი.