ხაშურში ბავშვების ნახატების გამოფენა გაიხსნა
ხაშურის ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრში ბავშვების ნახატების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა თემაზე „მრავალფეროვნება გვაერთიანებს – საქართველო და ლატვია“ პროექტ „პლატფორმას“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც ხაშურთან დამეგობრებული ქალაქ ბაუსკას ინიცირებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის ჩართულობით და ევროკავშირის მხარდაჭერით ბაუსკასა და ხაშურში ხორციელდება.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის, ხაშურის ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარმომადგენლები, ნორჩი მხატვრები და მათი მშობლები. გამოფენაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა 50-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომელიც სამ ასაკობრივ ჯგუფად დაიყო.
კონკურსის ყველა მონაწილე მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებს, სამი ასაკობრივი ჯგუფის ცხრა გამარჯვებული (თითოეული ასაკობრივი ჯგუფიდან -3) ნამუშევარი კი ლატვიაში, ხაშურთან დამეგობრებულ ქალაქ ბაუსკაში გამოიფინება. გამოფენის გახსნას ბაუსკას მერიის თანამშრომლებისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის დელეგაციის გარდა დაესწრებიან სტუმრები მოლდოვას ქალაქ სოროკადან, ასევე ლატვიაში საქართველოსა და მოლდოვას საელჩოების წარმომადგენლები.
კონკურსის გამარჯვებულებს ლატვიის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაცია სპეციალური პრიზებით დააჯილდოებს.
კონკურსის გამარჯვებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჩვენი ფეისბუქის გვერდის მეშვეობით ხვალ, 7 ნოემბერს გახდება ცნობილი.
წყარო, ფოტო: ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია