ხაშურისა და ჩენოვეცის მეგობრული პროექტები

   ყველასთვის კარგადაა ცნობილი საქართველოსა და პოლონეთის მეგობრული ურთიერთობის შესახებ. ეს ურთიერთობა სხვადასხვა სფეროებს მოიცავს. ხაშურის VIII საჯარო სკოლა, 2014 წლიდან ახორციელებს გაცვლით პროექტებს პოლონეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლასთან . ეს ურთიერთობა, პოლონური მხარის მიერ გამოცხადებულ პროექტს მოჰყვა, სადაც VIII სკოლამ წარმატება მოიპვა და სწორედ აქედან დაიწყო ორმხრივი საქმიან-მეგობრული ურთიერთობა, რომელიც აქტიურად გრძელდება. თუ რას გულისხმობს აღნიშნული პროექტი, ამაზე პროექტში ჩართულ მასწავლებლებს გავესაუბრეთ:

ელენე ჩალათაშვილი, ინგლისურის მასწავლებელი:

– პროექტი დაიწყო 2015 წელს, თუმცა მას წინ უძღვოდა ქალბატონი ლარისა ავაქიანის ჩართულობა სამოქალაქო პროექტში, რომელსაც ახორციელებდა პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაცია. ორწლიანი პროექტი იყო, რომელსაც “დემოკრატია და ბავშვთა ჩართულობა” ერქვა.

ლარისა ავაქიანი (მათემატიკის მასწავლებელი):

– მოთხოვნა იყო სკოლებში, რომ მასწავლებელი 35 წლამდე უნდა ყოფილიყო, ამიტომაც მე მერგო წილად პროექტში ჩართვა. ამ პროექტის ფარგლებში, გვიტარდებოდა ტრენინგები ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით, გვასწავლიდნენ პროექტების წერას, გვამზადებდნენ ფსიქოლოგიურად და ერთი წლის შემდეგ, დაგვაწერინეს პროექტი, ისევ და ისევ ბავშვთა საკითხებზე. პროექტზე მუშაობა ბავშვებთან ერთად, გუნდურად მიდიოდა. აქტივობებიც პოლონური მხარის მიერ იყო დაფინანსებული. პარალელურად, ყველა სკოლაზე იყო მიმაგრებული თითო სტუდენტი და მათთან ერთად მიდიოდა ყველა პროცესი. გამარჯვებული პროექტის ავტორები და სტუდენტები უკვე წაგვიყვანეს პოლონეთში, სადაც გავეცანით მათი სწავლების მეთოდიკას და ყველა სასწავლო პროცესს. ერთ-ერთ სკოლაში გავიცანით მასწავლებელი, რომელიც ხელმძღვანელობდა გაცვლით პროგრამებს, შევთავაზეთ ჩვენთანაც გაეკეთებინა, დაინტერესდა, გავაფორმეთ უერთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და უკვე მეორე წელს, ორი მასწავლებელი გავემგზავრეთ აქედან 10 ბავშვთან ერთად.

– რას მოიცავს თქვენი პოლონეთში ვიზიტი? საქართველოს სხვა სკოლებიც თუ მონაწილეობენ პროექტში?
ელენე ჩალათაშვილი:

– პროექტი არის “პოლონურ-ქართული ლიდერობის აკადემია”. ერთადერთი სკოლა ვართ, საქართველოს მასშტაბით, რომლებიც ჩართული ვართ ამ პროექტში. პირველი ვიზიტი გაცნობის ხასიათის იყო, ბავშვებმა მოინახულეს მუზეუმები, ქონდათ ძალიან ბევრი აქტივობა. ამ პროექტის მიზანიც, სწორედ ორი ქვეყნის ტრადიციების, ცხოვრების წესის, კულტურის გაცნობა, სწორი მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებაა.

– როგორც ვიცი, პროექტი ერთწლიანი იყო, როგორ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობები?
ლარისა ავაქიანი:

– მეორე წელს, სხვა სკოლამ დადო ეს პროექტი, ვთხოვე პირველი სკოლის დირექტორს, სარეკომენდაციო წერილის მიწერა. ჩავერთეთ ახალ პროექტში და მესამე წელია აღნიშნულ სკოლასთან ვთანამშრომლობთ.

– რას მოიცავს თქვენი ვიზიტი?
თეა რევაზიშვილი (ინგლისურის მასწავლებელი):

– 2016 წლიდან, მესამე წელია ჩეხანოვეცის სკოლასთან გვაქვს გაცვლითი პროგრამა. ვიზიტის ხანგრძლივობა 7-10 დღეა, ვმონაწილეობთ ოთხი მასწავლებელი და ოცი მოსწავლე. ყოველ წელს განსხვავებული აქტივობები და თემებია. გასულ წელს მეორე მსოფლიო ომის თემატიკა იყო, ვიმყოფებოდით ჰიტლერის ბანაკში, ვარშავის მეორე მსოფლიო ომის მუზეუმში, ტრებლინკას საკონცენტრაციო ბანაკში, წელს უფრო კულტურული დანიშნულება ჰქონდა, მოვინახულეთ ხელოვნების მუზეუმები.

მანონი ტატიშვილი (რუსულის მასწავლებელი):

– წელს მე პირველად შევუერთდი ამ გუნდს. ამ პროექტში ყველა თანამონაწილეები ვართ. არ შემიძლია არ გავიხსენო მდინარე დუნაეცზე ჯომარდობა, რომელსაც ბავშვებისთვის საოცარი ემოცია ჰქონდა. ვიყავით დაფინანსება იყო. ბავშვები იმხელა ემოციით ჩამოვიდნენ, მომავალ წელს მშობლები თანახმა იყვნენ გადაეხადათ ფული, რომ მათ შვილებსაც იგივე განეცადათ. მითუმეტეს, რომ ეს არაა დიდი თანხა. მასპინძლობა ორმხრივია, არც ჩვენი და არც პოლონელი ბავშვები მასპინძლობის დროს, ფულს არ ხარჯავენ. განსხვავება ისაა, რომ პოლონელ ბავშვებს პოლონური მხარე, ან სკოლა აფინანსებს.

– მოსწავლეები რა კრიტერიუმებით ირჩევა?

– ენის ცოდნის, აქტიურობის და სხვადასხვა ჩართულობების მიხედვით. არ აქვს მნიშვნელობა აკადემიურ მოსწრებას. მთავარია, როგორ წარადგენს ის თავის ქვყანას, თავის სკოლას, საკუთარ თავს. იქ ძლიან ბერი კონკურსი ტარდება, სადაც მაქსიმალურად კარგად ვაჩვენებთ საკუთარ შესაძლებლობებს, ცოდნის დონეს.

– ჩვენ როგორ ვხვდებით პოლონელ მოსწავლეებს?
ელენე ჩალათაშვილი:

– მათი სტუმრობისთვისაც განსაკუთრებულად ვემზადებით. წინასწარ ვგეგმავთ ყველაფერს. ვცდილობთ მათი ვიზიტი სანახაობრივი იყოს და მაქსიმალურად მოვიცვათ საქართველოს კუთხეები, მაღალმთიანი და რისკშემცველი რეგიონების გარდა. დიდი მოთხოვნაა გორზე, სტალინის გამო. გვაქვს აქტივობები. ეს ყველაფერი, ტრანსპორტირების გარდა, რომელსაც მერია აფინანსებს, სკოლის ბიუჯეტიდან და მშობლებისგან ხდება. ბავშვები ოჯახებში ცხოვრობენ, რომ გაეცნონ ჩვენ ცხოვრების წესს. ამ სკოლას, სხვა ქვეყნებთანაც აქვთ ურთიერთობა, თუმცა მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ არც ერთ ქვეყანაში არ სურთ მეორედ დაბრუნება, საქართველოს გარდა, რაც ძალიან სასიამოვნო ფაქტია ჩვენთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი სკოლაა, კარგი ურთიერთობებით სხვადასხვა ქვეყნებთან, საბერძნეთთან, ესპანეთთან. ყოველწლიურად 10 გაცვლით პროგრამას ახორციელებს, ძალიან გაგვიმართლა ასეთ სკოლასთან ურთიერთობით.

– როგორც ვიცი, ერთი მოსწავლე მათი სკოლის სტიპენდიანტია…
– დიახ, ჩვენმა სკოლის მოსწავლემ, რომელიც გასულ წელს გვყავდა პოლონეთში, გამოთქვა სურვილი იმ სკოლაში სწავლის და იმდენად კარგად გამოიჩინა თავი, რომ დაენიშნა ორი სტიპენდია. სკოლამ უზრუნველყო მისთვის საცხოვრებელი და ყველა სხვა დანარჩენი ხარჯი და დამატებით, მიიღო ორი სტიპენდია წელს. სკოლიდან წამოვიდა ეს ინიციატივა, რადგან სკოლას აქვს საერთო საცხოვრებელი და უკრაინელი და ყაზახი მოსწავლეებიც ჰყავთ. გაოცებულები არიან ჩვენი მოსწავლეების ინგლისურის და ზოგადი ცოდნის დონით. პროექტი მომავალ წელსაც გრძელდება. გვიხარია, რომ მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა სხვა ქვეყნის გაცნობის და თანატოლებთან დამეგობრების.

ავტორი: თამარ ჯავახიშვილი, “ხაშურის მოამბე”

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!