ხაშურის თეატრალური ცხოვრების ისტორიიდან – 1899 წელი

,,ცნობის ფურცლის” 1899 წლის, ივლისის ნომერში ვკითხულობთ:

,,ხაშური. წარმოდგენა სცენის მოყვარულთაგან. 26 ივლისს ხაშურში წარმოადგინეს ა. მოჩხუბარიძის დრამა ,,არსენა“ და ვოდ[ევილი] ,,ცოლი ორის დღით“. არ შეგვიძლია რამდენიმე სიტყვა არ წარმოვსთქათ წარმოდგენის სიავ-კარგეზე. ჩვენს ხაშურში ძალიან ხშირად ხდება ზაფხულობით წარმოდგენა, მაგრამ ეს წარმოდგენა მითაა საყურადღებო, რომ მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდები სცენის მოყვარულობით და მოყვასისადმი გულშემატკივრობით გატაცებულები. წარმოდგენა საქველმოქმედო აზრით იყო გამართული. მონაწილეობას იღებდნენ თითქმის სულ სტუდენტები და საპატიო ქალები, რის გამოც, მიუხედავად იმისა, რომ სურამში და აგრეთვე იუნკერების სასწავლებელში საცეკვაო საღამოები იყო გამართული, ხალხი ბევრი მიიზიდა წარმოდგენამ.

,,არსენაში“ გარსევანის როლს თამაშობდა ბ. ნათაძე, რომელმაც დიდის ხელოვნებით შეასრულა გარსევანის როლი. იორამის როლს ბ. ლორთქიფანიძე ასრულებდა. იორამი, ეს დინჯი, დარბაისელი მოხუცებული ქართლელი, ქართლელი უნდა ყოფილიყო მიხვრა-მოხვრით, ლაპარაკით, კილოთი. ბ. ლორთქიფანიძემ კი უფრო იმერლის ტიპი დაგვიხატა.

დანარჩენი უმთავრესი პირები პიესაში არიან: არსენა, პეტრე, ზაქარია.

არსენას ბ. მაღალაშვილი ასრულებდა, როლი მშვენივრად შეასრულა, მხოლოდ ცოტა დინჯათ რომ ელაპარაკა და არ ეჩქარნა, უფრო სასურველად ჩაატარებდა თავის როლს. ამასთან არსენობას ძალიან შეუშალა ხელი მაღალაშვილის იმერულად ჩაცმულობამ.

არსენას ნათლიმამის, პეტრეს როლი ბ. გაბაშვილმა შეასრულა. პეტრეს როლში თვალსაჩინო ის ადგილია, სადაც ის ფულებზე, სიმდიდრეზე, ჩინზე და აფიცრობაზე ჰფიქრობს, რომელიც დაპირებისამებრ მოელის მას არსენას მოკვლისათვის და ნათელმირონება კი აყენებს, ეს ადგილია კვანძი, დედა-ძარღვი მთელ პეტრეს როლში და მაშასადამე ამ ადგილს შეუძლია მთელი ამაგი მოთამაშისა კიდეც გააფუჭოს და კიდეც გააკეთოს. გაბაშვილმა კი ეს ადგილი კარგად აასრულა. მხოლოდ ცოტა კიდევ რომ მოემატებინა გრძნობდა ამ ადგილისათვის საუცხოვო იქნებოდა. სამაგიეროთ არსენას მოკვლის წინ სულის ბრძოლა ხელოვნურად აასრულა.

ზაქარია მოურავის როლის ამსრულებელზე ის უნდა ვსთქვათ, რომ მიხვრი-მოხვრა, ნამდვილი გაიძვერა მოურავისა, გამოქნილი გლეხისა ჰქონდა. ზაქარიას როლის ამსრულებელი, ბ. ხიდირბეგიშვილი კი ყველასთან ერთნაირად იქცეოდა – არსენასთანაც და გარსევანთანაც. ჩვენის ფიქრით ზაქაროს ბუნება ორათ იყოფა, გარსევანს რომ ფეხ-ქვეშ ეგება, როგორც უფროს, არსენას უნდა მედიდურად, მკვახედ, ამაყად დახვედროდა, დანარჩენებმაც საზოგადოდ კარგად აასრულეს თავიანთი როლები, ესევე უნდა ვსთქვათ ქალებზედაც.

ვოდევილი ,,ცოლი ორის დღით“ ძალიან კარგად ჩაატარეს. საუცხოვოდ იყო ბ. გაბაშვილი მარდაშევის როლში, სიანჩხლით, აღელვებით, ბრაზიანობით. აგრეთვე მურმანიშვილი აკაკიევის როლში, რომელმაც ძალიან კომიკურად შეასრულა თავის როლი. ბ. მაღალაშვილსაც პეტროვიჩის როლში ხელოვნება და საქმის ცოდნა ეტყობოდა.

შემდეგ წარმოდგენისა, ქართულ-ევროპიული ცეკვა გაიმართა, მშვენივრად ითამაშეს ლეკური, უფრო კი კაცებმა. ევროპიული ცეკვა რომ არ ყოფილიყო სჯობდა. რადგან არც მოთამაშეები იყვნენ და ვიც იყვნენ იმათ ითამაშეს ისე სადათ…”.

მ. ლიხელი

,,ცნობის ფურცელი“, 30 ივლისი, 1898

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!