ხაშურის ხსენებისას ქართულ საზოგადოებას ხშირად არ აქვს სწორი ასოციაცია. ხაშური რატომღაც ცენტრალური მაგისტრალის ერთი კონკრეტულ მონაკვეთთან ასოცირდება, სადაც ყვითლად შეღებილი ღობეები, გასაყიდად გამოფენილი ჰამაკები და შემდგომ სურამში გამოტანილი და მოფრიალე ნაზუქებია. ხაშურის მუნიციპალიტეტი გაცილებით ვრცელ ტერიტორიას მოიცავს თავისი ადმინისტრაციული ცენტრით – ქალაქ ხაშურით, ერთი დაბა სურამით და მიმდებარე სოფლებით. ყოველი მათგანი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე საინტერესო იყო როგორც დასავენებლად, ისე ღირსშესანიშნაობათა სანახავად. დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, ტრანსპორტის განვითარების მიუხედავად ცოტა უცნობია რატომ დავისვენოთ და რა ვნახოთ ხაშურში.
შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო ადგილს და შევეცდებით გავცეთ კითხვას პასუხი – რატომ დავისვენოთ ხაშურის მუნიციპალიტეტში?
სურამი — დაბა, სამთო-კლიმატური კურორტი ხაშურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ბიჯნისი, დიდი ბეკამი, ზეკოტა, პატარა ბეკამი, ურთხვა). მდებარეობს ლიხის ქედის სამხრეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 740 მეტრ სიმაღლეზე.
მდებარეობა: ლიხის ქედის სამხრეთი კალთის ძირი. მანძილი: ხაშურიდან – 7 კმ, გორიდან – 50 კმ, თბილისიდან – 115 კმ.
ჰავის განსაკუთრებული თვისებების გამო, სურამი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია საქართველოს მასშტაბით 1926 წლიდან. ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი. სურამი გარშემორტყმულია ტყით, რაც სუფთა ჰაერის საწინდარია. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰავას ბავშვებისათვის აქვს, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადება აწუხებთ, აგრეთვე რეკომენდირებულია ტუბერკულიოზის სამკურნალოდ და ორგანიზმის იმუნიტეტის უნარის ასამაღლებლად.
სურამი ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა. დაბას გარშემო ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარეები და ბუჩქები აკრავს, წიწვოვანი მცენარეებიც უმრავლესობა ხელოვნურადაა გაშენებული.
1938 წელს სურამში გაიხსნა ბავშვთა სახლი, შემდგომში აქ მეორე მსოფლიო ომის წლებში ობლად დარჩენილი 300-400 ბავშვი ცხოვრობდა. 1948 წელს ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტის სტატუსი მიენიჭა, სადაც ფუნქციონირებდა რამდენიმე სანატორიუმი და დასასვენებლი სახლი.
სურამის ღირსშესანშნაობებიდან აღსანიშნავია სურამის ციხე. XI ს. მდებარეობს მდინარე სურამულას ნაპირზე, დაბის სამხრეთ ნაწილში. კომპლექსში შედის
გალავანი, ციხე, კოშკი, სასახლე და XI-XII სს-ის წმ. გიორგის ეკლესია. როგორც ყველა ციხეს, ამ სიმაგრესაც ჰქონია საიდუმლო გვირაბი, რომელიც 12-16 მეტრზე ეშვებოდა და მდინარე სურამულას უკავშირდებოდა. სურამის ციხე ქვეყნის მნიშვნელოვან სიმაგრეთა რიცხვში შედიოდა და საუკუნეთა განმავლობაში „ძლიერ კოშკთა“ შორის მოიხსენიებოდა. მას უკავშირდება ლეგენდა, რომელის თანახმად, ციხის უძლეველობის მიზეზი მის კედლებში ცოცხლად ჩამარხული დედისერთა ვაჟი იყო. ამბობენ, რომ იმ კედელზე, სადაც ბიჭი ჩამარხეს, ახლაც წვეთ-წვეთად მოჟონავს დედის ანკარა ცრემლი. აქაა ცნობილი უკრაინელი პოეტი ქალის ლესია უკრაინკას (ლარისა კოსაჩის) მუზეუმი და სხვა ღირსშესანიშნაობები.
ბადრი ვადაჭკორიას ფოტო
ქვიშხეთი — მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულად ხაშურის მუნიციპალიტეტს ექვემდებარება, იგი ბორჯომის ჯგუფის კურორტად მოიხსენიება. წიწვოვან-ნაძვნარითა და შერეული ტყით გარშემორტყმული კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ქვიშხეთი ხაშურიდან 10 კილომეტრში, ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე მდებარეობს. ქვიშხეთის ჰავის უნიკალურ სამკურნალო თვისებებს განაპირობებს შავი ზღვიდან წამოსული თბილი ნოტიო ჰაერის მასები, რომლებიც კურორტის ტერიტორიაზე ერწყმის მთების ჰავას. კურორტის ტერიტორიაზე გამოსავალს პოულობს მინერალური წყლები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ქვიშხეთი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის, რომლებსაც სასუნთქი გზების დაავადებები აწუხებთ.
ქვიშხეთი, მთაწმინდა აჩი სუთიაშვილის ფოტოქვიშხეთი, მტკვრის მონაკვეთი ბადრი ვადაჭკორიას ფოტო
მდებარეობა: ლიხის ქედის კალთა, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპირო ზოლი.
მანძილი: ხაშურიდან – 10 კმ, გორიდან – 50 კმ,
თბილისიდან – 120 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 750 მ.
რელიეფი: ვაკე-ბორცვიანი.
კლიმატი: დაბალი მთის სუბტროპიკული. ზამთარი ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო
ტემპერატურა -1,90C. ზაფხული თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 20,70C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 567 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 70%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2100 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის სუბტროპიკული ჰავა და სუსტად სულფიდური, კარბონატულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,14გ/დმ3.
მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის აბაზანები.
სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვის, საჭმლის მომნელებელი და შარდ-სასქესო სისტემების დაავადებები, რკინადეფიციტური ანემია, მსუბუქი და საშუალო ხარისხის შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, რკინადეფიციტური ანემია და რადიოაქტიური და სხივებით გამოწვეული დაავადებები.
ქვიშხეთში რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მათ შორის: აღდგომის ეკლესია, მთაწმინდის ეკლესია, ფერისცვალების ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია, წმინდა ელიას ეკლესია, დიდი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდანის, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი და თავად სუმბათაშვილების სასახლე. ყოველ წელს, ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს, ქვიშხეთში სახალხო დღესასწაული მთაწმინდობა იმართება.
ბულბულისციხე. მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულბულისციხის სამხრეთ-დასავლეთით, 1,5 კილომეტრში, ქვიშხეთის თემში. ფეოდალური ხანის ციხე წარსულში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზის მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო. აგებულია რიყის ქვით.
ქვიშხეთი აჩი სუთიაშვილის ფოტო
კოდიწყარო — ლაშქრობისა და კარვებით მოგზაურობის მოყვარულთათვის, თანაც თბილისიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს სოფელი კოდიწყარო და მთებში ჩაფლული კოდიწყაროს ტბა. აქაური ბუნება, თევზაობის შესაძლებლობა სასიამოვნო უნდა იყოს ბუნებაში განტვირთვის მოყვარულთათვის.
კოდიწყაროკოდიწყარო
ჭერათხევის ხეობა — ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი, ბუნებრივი პირობებითა და კულტურული მემვიდრეობის ძეგლებით მდიდარია ჭერათხევის ხეობა. აქ მდებარეობს სოფელი ალი, რომელიც შუა საუკუნეებში ქალაქის სტატუსით იხსენიება. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 760 მეტრ სიმაღლეზე. ხაშურიდან 25 კმ. სოფელში დგას: დედაღვთისა, კვირაცხოვლის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია, უსანეთის ეკლესია და ჯანიაურების ეკლესია.
ულუმბოს მონასტერი – მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ხაშურის ჩრდილოეთით 13 კმ-ში, მდინარე ჭირათხეულას ერთ-ერთ მარჯვენა შენაკადის ხეობაში.
ალის ციხეალი, ბადრი ვადაჭკორიას ფოტოულუმბო
ნაბახტევი — მდებარეობს მდინარე ჭერათხევის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 720 მეტრი. ხაშურიდან 20 კილომეტრი. სოფელი მდიდარია კულტურის ძეგლებით: ნაბახტევის დედაღვთისა, ნათლისმცემლის ეკლესია, კვერცხობის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია.
ნაბახტევინაბახტევი
ბრილი — მდინარე ბურნეულის (ჭერათხევის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. ზღვის დონიდან 750 მეტრი, ხაშურიდან 24 კილომეტრი. სოფელ ბრილში ნაპოვნია X საუკუნის ქართული ოქრომჭედლობის ნიმუში ”ბრილის ჯვარი”, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. სოფელი მდიდარია არქიტექტურულიძეგლებით:ეკლესია ბერისა, სომხების საყდარი , ქვაბთაკერის წმინდა ნინოს ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია და ფერისცვალების ეკლესია. ჭერათხევის ხეობის სოფლები წყაროს წყლებითაა მდიდარი. სწორედ ბრილის ხუთმილა წყაროს მიუძღვნა გოგლა ლეონიძემ ლექსი, როცა ბრილის წყაროს წყალი დააგემოვნა:
,,ბრილი…
ბროლი დატბორილი,
უშრეტელი ვერცხლის წყარო,
წმინდა, როგორც ხალხის გული,
სადღაც ქართლში მოცინცხალობს,
შიგ ცის კალთა თუ ჩაირხა,
მოსჩქეფს,
მოშხეფს უთავებლად…
შესვი
პეშვი,
უკვდავი ხარ,
რაღად გინდა უკვდავება?!”
ბრილი გიორგი ჩუბინიძის ფოტობრილი გიორგი ჩუბინიძის ფოტო
გაგრძელება შემდეგ სტატიაში.
მოამზადა გიორგი ჩუბინიძემ
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!