მშობელთა ჩართულობის გაზრდის ინიციატივები და შეხვედრა ხაშურის პირველ სკოლაში

2018 წლის 13 ივნისს, ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში, ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა მშობლებისა და მასწავლებლების დიდი აუდიტორია და საინტერესო დისკუსია გაიმართა განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე და ამ პროცესში მშობლების ჩართულობის აუცილებლობაზე.

შეხვედრას უძღვებოდა ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ აღამსრულებელი დირექტორი: მეგი კავთუაშვილი და ამ ორგანიზაციის სხვა წევრები: თაია მახარაშვილი და თეა ცხვირავაშვილი.

   მეგი კავთუაშვილი: ,,ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ განათლების სისტემაში მშობელთა ჩართულობის გაზრდის ინიციატორი ორგანიზაციაა, რომლის მთავარი მიზანი მშობელთა შესაძლებლობების განვითარებით და ხელშეწყობით სკოლებსა და ბაღებში დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებაა. სამწუხაროდ დღეს გვაქვს რეალობა, რომ მშობელი არ მონაწილეობს განათლების პოლიტიკის შემუშავებაში. მეტიც, სტუმრად გრძნობს თავს სკოლაში და იღებს იმას, ჯერდება იმას, რასაც მიაწვდიან. არადა, მშობელი არის დამკვეთი, სისტემის სრულუფლებიანი მონაწილე, რომელიც მაქსიმალურად ჩართული უნდა იყოს დაწყებული სახელმძღვანელოების შერჩევიდან, დამთავრებული სასწავლო პროცესის მეთვალყურეობით.

   ამჟამად ჩვენი ორგანანიზაცია კოალიცია „განათლება ყველასათვის საქართველოს“ მხარდაჭერით რეგიონულ ტურს ახორციელებს. სწორედ ამ ტურის ფარგლებში ჩვენ ვეწვიეთ ხაშურს. ჩვენ გვსურს დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, რომ მშობლები პრობლემებზე სკოლის შენობაში არ საუბრობენ. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ შეხვედრების ადგილად სკოლა. ხაშურში, სხვა ბევრი ქალაქისგან განსხვავებით საკმაოდ მომზადებული დაგვხვდა რესურსცენტრი და მასპინძელი N1 საჯარო სკოლა. ჩვენდა სასიხარულოდ, აქ უკვე დაწყებულია მშობელთა ჩართულობის კამპანია, რაც უდაოდ ძალიან კარგი მაჩვენებელია. თუმცა მაშინ როცა მუნიციპალიტეტში 8 000 მოსწავლეა, ამ კამპანიაში მხოლოდ 1800 მშობელია ჩართული, რაც მშობელთა პასიურობაზე მიუთითებს. ამას თავისი მიზეზები აქვს. მშობლებს არ ხვდებათ სკოლაში ისეთი გარემო, რომ მიუხაროდეთ სკოლაში. მშობლებს ეშინიათ ტელეფონზე რომ მასწავლებლის ზარს ხედავენ, ასეთია მოცემულობა მთელ ქვეყანაში. ჯერ კიდევ აქვთ დირექტორის შიში თუ რიდი. ეს რიგ შემთხვევებში გამოწვეულია იმით, რომ მშობლებმა არ იციან თავიანთი უფლებების შესახებ. არ იციან, რა ძალა იმალება მათში.

   ჩვენ გვინდა შევცვალოთ დამოკიდებულება. ჩვენ გვინდა, ყველა მშობელს ხელი მიუწვდებდოდეს საჭირო და ობიექტურ ინფორმაციაზე. სწორედ ამ მიმართელებებზე ვიმუშავებთ ჩვენს მხარდამჭერებთან, გვექნება მშობელთა მობილური და დისტანციური სკოლები, რომლითაც ყველა მხარდამჭერს დავეხმარებით ცნობიერების ამაღლებაში. ასევე, ვაწარმოებთ ადვოკატირების კამპანიას, მათთვის, ვინც მარტოა სისტემის პირისპირ და სჭირდება დახმარება.

   მოხარული ვარ, რომ ხაშურში რამდენიმე ათეული მხარდამჭერი შევიძინეთ და შემოდგომი სასწავლო წლიდან შევძლებთ მათაც მივაწოდოთ ჩვენი სერვისები”.

© ნინო დოფიძე

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!