„ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება” – თათია მთვარელიძის ახალი თარგმანი

თბილისის წიგნის მე-20 ფესტივალზე, პოეტის და მთარგმნელის, თათია მთვარელიძის ახალი თარგმანი გამოჩნდა – ნიკოს კაზანძაკისის „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება.

წიგნი გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა სერიით „აკრძალული წიგნების თარო“ და ფესტივალზე გამომცემლობის ბესტსელერების სათავეშიც მოექცა.

ამ ძალიან ცნობილ და ხმაურიანი ისტორიის მქონე წიგნს, ბევრი აკრძალვა და დევნა უნახავს. პირველად ნორვეგიასა და შვედეთში გამოცემულა 1952 წელს. ამ წიგნის გამო საბერძნეთის ეკლესია ორად გაყოფილა, ერთი ნაწილი მოითხოვდა ავტორის ანათემაზე გადაცემას, მეორე ნაწილი კი ამ წყევლის მოხსნას ითხოვდა. რომის პაპის განკარგულებით კი „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ შეტანილია ვატიკანის აკრძალულ წიგნთა სიაში.

თათია მთვარელიძე. „ამ წიგნის თარგმნა 2011 წელს დავიწყე და საბოლოოდ გავაგრძელე დაახლოებით ერთი წლის წინ, გამომცემლობა „ინტელექტთან“ შეთანხმებით.“

თათია მთვარელიძეს ნათარგმნი აქვს ასევე დიმიტრის დიმიტრიადის „ვკვდები როგორც ქვეყანა.“ კიკი დიმულას ლექსების კრებული „შავი ჰალსტუხი“ და იოანის კარავიდოპულოსის პავლე მოციქულის ეპისტოლეების განმარტება.

ნიკოს კაზანძაკისის ამ წიგნის მიხედვით ფილმი გადაიღო მარტინ სკორსეზემ 1988 წელს და წიგნის თავგადასავალი ახლა ფილმზე გაგრძელდა. პრემიერაზე შეჭრილმა მაყურებელმა ეკრანი დანით დაჭრა.

„ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ თარგმნილია თითქმის ყველა ენაზე და ივნისის დასაწყისიდან ქართულადაც შეგვიძლია წავიკითხოთ.

© ნინო დოფიძე

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!