ქართულ უნივერსიტეტში მწერალ მურად მთვარელიძის საღამო გაიმართა

2018 წლის 7 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტის დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრა მწერალ, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ – მურად მთვარელიძესთან. ბატონი მურადი არის მრავალი პრემიის ლაურიატი, სამეცნიერო ნაშრომებისა და პოეტური ნაწარმოებების ავტორი. მისი ლექსები და გამოკვლევები იბეჭდებოდა ალმანახებსა და ჟურნალებში: ,,პირველი სხივი“, ,,სათავე“, ,,ცისკარი“, ,,მაცნე“, და სხვა, ასევე სხვადასხვა პერიოდულ გამოცემასა და პრესის ფურცლებზე. მიღებული აქვს ,,აკაკი წერეთლის“(2013 წ.), ,,ეღიშე ჩარენცის“(2007 წ), პრემიები, არის ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის პრიზიორი (2012 წ), დაჯილდოებულია ,,ღირსების ორდენით“, ,,იაკობ გოგებაშვილის“, ,,დიმიტრი ყიფიანის“ მედლებით, საქართველოს ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლობის, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს მიერ მინიჭებული აქვს ,,ქართველ რაინდთა წოდება“ (2006 წ.). ქართულ-უკრაინული ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოებულია უკრაინის რესპუბლიკის საელჩოს საპატიო სიგელით (2013 წ.).
მისი ნაწერები თარგმნილია უკრაინულ, ინგლისურ, სომხურ, ბერძნულ ენებზე.
საღამოს ესწრებოდნენ ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
საღამო გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც მოკლედ ისაუბრა მურად მთვარელძის როლზე ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მწერალს მიესალმნენ უნივერსიტეტის პროფესორები: ტარიელ ფუტკარაძე, ამირან არაბული, ნინო მამარდაშვილი, პოეტები: ტარიელ ხარხელაური, მანანა ჩიტიშვილი, მზია ხეთაგური, დავით შემოქმედელი, ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა – დიმიტრი ყიფიანის შთამომავალმა, ქალბატონმა თამარ მიქაძემ, მან ხაზი გაუსვა ბატონი მურადის დამსახურებას დიმიტრი ყიფიანის ცხოვრების კვლევის საქმეში.
საღამო ლექსებით გააფორმა, მსახიობმა ელდინო საღარაძემ – მან წაიკითხა რამდენიმე ლექსი მურად მთვარელიძის შემოქმედებიდან.
საღამოზე გამოვიდნენ: მთარგმნელი თათია მთვარელიძე, ახალგაზრდა პოეტი მაია წიქარიშვილი. მწერალმა და მეცნიერმა მურად მთვარელიძემ მადლობა მოახსენა ყველას მისი ნამუშაკევის დაფასებისათვის და წაიკითხა ახალი პოეტური კრებულიდან ლექსები.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!