აკრძალული ,,გორათობა” და ,,ელიობა“
ხაშურში, გორათის უბანში იოანე ღვთისმეტყველის ეკლესი მდებარეობს. ოდესღაც გორათი ცალკეული დასახლებული პუნქტი იყო, მოგვიანებით ქ. ხაშურის უბნად იქცა. ეკლესია თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით და შეკეთებულია XIX საუკუნეში. მოქმედია 1999 წლიდან.
ჯერ ამ სოფლის, შემდგომ კი უბნის დღეობა იყო “გორათობა”, რომელიც 8(21) მაისს აღინიშნებოდა.
სამწუხაროდ, “ცნობის ფურცელის”, 1905 წლის 1 მაისის ნომერში შემდეგ განცხადებას ვკითხულობთ:
“ჩვენ ხაშურში (მიხაილოვი) მცხოვრებლებმა მოვახდინეთ ყრილობა და დავადგინეთ, რომ დღეის შემდეგ სამუდამოდ მოვსპოთ ყრუ დროიდან მიღებული ჩვეულება და აღარ გადავიხადოთ დღეობა “გორათობა” (8 მაისი), რომელსაც უზომო ხარჯთან ერთად ხშირად უსიამოვნობაც მოჰყვება ხოლმე. ამით ვაცნობებთ მეგობრებს და ნათესავებს, რომ ნუღარ გვეწვევიან ხსენებულ დღეს. ესეც უნდა იცოდნენ, რომ ვინც ჩვენგანი “გორათობა” დღეს ხარჯს გადაიხდის და სტუმრებს მიიწვევს, ჯარიმად გადახდება ხუთი თუმანი სოფლის სასარგებლოდ.
ნიკოლოზ სიხარულიძე, ნიკოლოზ თევდორაშვილი, სანდრო ბითაძე, ლევან ბოლოკაძე, სტეფანე ნოზაძე, დავით ქიტიაშვილი, თედო აბაიაძე, ზაქარია ბოლოკაძე, ზაქარია აბაიაძე, ჩიტო ბოლოკაძე, დათა იბაიაძე, დათა ნაცვლიშვილი”.
გორათის ეკლესის ეზოში 1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალია აღმართული.
ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფელი სავანისუბანი მდებარეობს. აქვეა სავანისუბნის წმიდა ელიას ეკლესია. როგორც მისი წარწერა გვამცნობს ეკლესია 1856 წელს სავანელების, ელისაშვილების, მარგველაშვილების, რამიშვილების, რევაზიშვილების, ციყელაშვილებისა და ორთოიძეების საგვარეულოთა დაკვეთით აუშენებიათ. 1975 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია შეაკეთა და თუნუქით გადახურა.
გაზეთ ,,ცნობის ფურცელის” 1905 წლის ნომერში გამოქვეყნებულია წერილი, სადაც სოფლის მცხოვრებნი დღეობის – ,,ელიობის” გაუქმებას ითხოვენ და თუ მაინც გაბედავს და ვინმე გადაიხდის, ჯარიმის დაკისრებით ემუქრებიან. ამავე პერიოდში თითქმის იდენტური წერილია გამოქვეყნებული დღეობა ,,გორათობასთან” დაკავშირებით. ორივე მათგანში მას ,,ყრუ დროიდან” მომავალ ტრადიციას უწოდებენ, თუმცა ცხადია ეს ,,ყრუ დროიდან” მომავალი ტრადიცია კი არა, დღეობის აღნიშვნის სახეცვლილი ტრადიცია უნდა იყოს და უცნობია ეს წერილები მართლაც ადგილობრივთა სურვილითაა გამოქვეყნებული, თუ მაშინდელი იმპერიული ხელისუფლებისგანაა ინსპირირებული.
გიორგი ჩუბინიძე