ქართულ უნივერსიტეტში მწერალ გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართა

,,ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი”
2018 წლის 3 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა გამოჩენილი ქართველი მწერლის გურამ დოჩანაშვილის საღამო. ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ ვრცლად ისაუბრა მწერლის ცხოვრების გზაზე და აღნიშნა: “1956 წლის 9 მარტის სისხლიანი ტრაგედიის შემდეგ თბილისის ქუჩებში თვალსაჩინო ადგილას გამოჩნდა ასეთი შინაარსის პროკლამაციები:
“ქართველებო!
ხომ არ დაგავიწყდათ ცხრა მარტის სისხლიანი ღამე? ხომ არ დაგავიწყდათ სისხლიანი ოცდაოთხი და ოცდაჩვიდმეტი, ქართველი ხალხის დარბევისა და გაჟლეტის წლები? როდემდის უნდა გვქონდეს ქედი მოხრილი მტარვალი კომუნისტების მახვილქვეშ? ჩვენს წინაპრებს სისხლი არავისთვის შეურჩენიათ და არც ჩვენ უნდა შევირცხვინოთ თავი.
დღეს, როდესაც მთელი შეგნებული კაცობრიობა აღშფოთებულია მოსკოვის საშინელი ბოროტმოქმედებით, ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება, დროა, შევერთდეთ ერთი დროშის ქვეშ ჩვენი სამშობლოს დამპყრობლის წინააღმდეგ საბრძოლველად.
მიმოიხედეთ ირგვლივ, მსოფლიო ბობოქრობს. განკითხვის დღე მზადდება კრემლელი ჯალათებისათვის. თბილისში, პოზნანში, ბუდაპეშტში მათ მიერ დაღლილი უდანაშაულო მოსახლეობის სისხლი სამართალს ითხოვს. მათი აღსასრული მოახლოებულია.
ქართველებო! სხვა არავინაა ჩვენი მშველელი, ჩვენ საკუთარი თავის გარდა. ბრძოლით უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას! ძმური სალამი გმირ უნგრელ ხალხს! დაე, ყველა დამონებული ერისათვის მაგალითად იქცეს უნგრელთა გმირობა! ხელები შორს უნგრეთისაგან!
ძირს ჩვენი ხალხის სისხლში ხელებგასვრილი ოკუპანტები და მათი სამხედრო ხროვა!
ძირს მოღალატე ქართველი კომუნისტები! გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს!”
მისი ავტორი ზვიად გამსახურდიასთან,მერაბ კოსტავასთან,ანატოლი მიქაძესთან,ვლადიმერ სიხარულიძესთან,თემურ მეტრეველტან,თამაზ გუნჯუასთან ერთად იყო 17 წლის გურამ დოჩანაშვილი…სიმბოლურია ამ დღეებში დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავის საიუბლეო დღეებში საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში ბატონი გურამის შემოქმედებითი საღამოს გამართვა შეხედეთ ბატონო გურამ დარბაზი ახალგაზრდებითაა გადაჭედილი,მათი სურვილი იყო თქვენთან შეხვედრის გამართვა,მათი სურვილია მოგისმინონ და გამოხატონ თქვენდაამი დიდი პატივისცემა და სიყვარული” პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ უნივერსიტეტის სახელით საპატიო სტუმარს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. საპატიო სტუმარს მიესალმნენ: მისი თანაკლასელი და თანაკურსელი პროფესორი ნათელა ვაჩნაძე,პროფესორი ამირან გომართელი.შემდეგ საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა,დასასრულს მწერალმა დიდი მადლობა მოახსენა სტუდენტებს,პროფესორ-მასწავლებლებს გულთბილი მასპინძლობისათვის და ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა თავისი წიგნები.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!