ესტონეთის ელჩი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში საქართველოში გატარებულ რეფორმებს დადებითად აფასებს

ჩვენ, ესტონელებს ძალიან კარგად გვესმის ქართველების. გზა, რომელსაც ახლა საქართველო გადის, ესტონეთმა უკვე გაიარა, – აღნიშნა ესტონეთის ელჩმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ჟან რეინჰოლდმა საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივის შეფასებისას ქართველი და უკრაინელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტებისთვის უკრაინის დედაქალაქ კიევში გამართულ შეხვედრაზე.  – ვფიქრობ, საქართველომ უფრო მეტი უნდა იმუშავოს დასავლეთ ევროპის  ქვეყნებთან ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარებისთვის და ამ საქმეში ჩვენი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დახმარებაც მნიშვნელოვანი იქნება, -განაცხადა მან. ელჩის განცხადებით, ესტონეთისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხებთან ერთად. რეინჰოლდმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩამოყალიბების ისტორიაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ პარტნიორობის შექმნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი 2008 წელს საქართველოში განვითარებული ცნობილი მოვლენები გახდა. ევროკავშირმა საქართველოს მოვლებენის შემდეგ ნათლად გააცნობიერა, რომ  იყო ევროკავშირის არაწევრი რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც მისგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვდა.

ესტონეთის ელჩი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველომ, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრის მიღწევა შეძლო და რეფორმები დღესაც გრძელდება. „რეფორმების ჩატარება პატარა საქართველოში უფრო ადვილია, ვიდრე დიდ უკრაინაში. საქართველო ევროკავშირისთვის მისაღები ქვეყანაა. თქვენ მნიშვნელოვანი მიღწევები გაქვთ ელექტრონული მმართველობის დანერგვის საკითხებში. ტალინში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შესანიშნავი წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ბიზნესმენთა ფორუმზე კი თქვენი ქვეყნიდან მრავალრიცხოვანი დელეგაცია იყო წარმოდგენილი. ვიცი, რომ არაერთი შეხვედრა შედგა მათ შორის ესტონელ ბიზნესმენებთან და კონკრეტული გარიგებებიც დაიდო, რაც საბოლოო ჯამში თითეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება,“- განაცხადა ელჩმა.

მასალა მოგვაწოდა ნინო სუხიაშვილმა.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!