ხაშურის პირველი სკოლის ცნობილი მოსწავლეები

ხაშურის პირველი საჯარო სკოლა უკვე 101 წლისაა, მაგრამ რადგანაც მისი ყველაზე ძველი კორპუსი ახლახანს გარემონტდა მისი დაარსების საზეიმო ღონისძიებები 2017 წელს იმართება.

,,ხაშური ნიუსი” ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით გაგაცნობთ, თუ ვინ იყვნენ და არიან ხაშურის პირველი სკოლის ცნობილი მოსწავლეები.

კალისტრატე სალია (1900-1986) – 1919 წელს დაამთავრა ხაშურის გიმნაზია და თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.  სწავლა განაგრძო ჰალეს უნივერსიტეტის იურიდიულ და ეკონომიურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 1924 წელს გადავიდა პარიზში და სორბონის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1927 წელს წარმატებით დაიცვა ბაკალავრის დიპლომი.

აქვე პარიზში კალისტრატემ გაიცნო თავისი მეუღლე, პროფესიით ექიმი, მაგრამ ასევე ისტორიის განხრით ვარშავის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ნინო ქურციკაშვილი. ნინოს თანადგომითა და ხელის შეწყობით კალისტრატე სალია წარმატებით მოღვაწეობდა მეცნიერული მიმართულებით.

სალიების არქივებში შემონახულია მრავალი ქართველი მეცნიერის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის პირადი არქივები. კალისტრატე და ნინო სალიებმა საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტს საჩუქრად გადასცეს 1400-ზე მეტი ძვირფასი წიგნი ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, ბერძნულ, ესპანურ, ლათინურ და სხვა ენებზე.  1984 წელს გამოვიდა ჟურნალის „ბედი ქართლისა“ უკანასკნელი ნომერი. ამის შემდეგ კალისტრატე სალიას დიდხანს არ უცოცხლია. 1987 წელს იგი პარიზში გარდაიცვალა, მაგრამ ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი გადმოასვენეს და ქართულ მიწას მიაბარეს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

გრიგოლ კიკნაძე (1909 – 1974) – 1925 წელს დაამთავრა ხაშურის გიმნაზია და ჩააბარა თბილისის უნივერსიტეტში. მან უნივერსიტეტი 1929 წელს დაამთავრა.

გრიგოლ კიკნაძემ 1938 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ,,ილია ჭავჭავაძე, როგორც ხელოვანი”. იმავე წლიდან ის თბილისის უნივერსიტეტის დოცენტია, პარალელურად 1942-1947 წლებში თეატრალური ინსტიტუტის ლიტერატურათმცოდნეობის კათედრის გამგეა.

1945 წელს გრიგოლ კიკნაძემ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარადგინა ნაშრომი ,,ვაჟა-ფშაველას შემოქმედება”. დაცვის წინა დღეს გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა კოლექტიური წერილი–დასმენა , რომელშიც დასაცავად გამზადებული, ჯერ გამოუქვეყნებელი ნაშრომი მხილებული იყო ,,ანტიმარქსისტულობისა და იდეურ მანკიერებაში”. დაცვა მაინც შედგა. ნაშრომი ბრწყინვალედ შეაფასა აკადემიკოსმა კორნელი კეკელიძემ და აკადემიკოსმა შალვა ნუცუბიძემ. დისერტანტს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, თუმცა სამეცნიერო საბჭოს ,,ზემდგომმა ინსტანციებმა” სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევა უბრძანეს, რაზეც უნივერსიტეტის რექტორმა აკად. ალექსანდრე ჯანელიძემ უარი განაცხადა, თუმცა ახალმა რექტორმა ეს მაინც მოახერხა.

1952 წელს გამოქვეყნდა გრიგოლ კიკნაძის მონოგრაფია ,,ქართული სატირისა და იუმორის განვითარების ისტორიისათვის”.

1957 წელს ცალკე წიგნად გამოიცა გრიგოლ კიკნაძის სადოქტორო დისერტაცია ,,ვაჟა–ფშაველას შემოქმედება” (მეორედ გამოიცა 1989 წელს). ამავე წელს გამოქვეყნდა მისი მეორე მონოგრაფია ,,მეტყველების სტილის საკითხები”.

1962 წელს, აკად. ევგენი ხარაძის რექტორობის დროს, ხელახალი ხარისხის დაცვის გარეშე გრიგოლ კიკნაძე აირჩიეს პროფესორის თანამდებობაზე.

გრიგოლ კიკნაძე დაჯილდოვებული იყო საპატიო ნიშნის ორდენით.

გარდაიცვალა1974 წლის 14 აპრილს.

ალექსანდრე ბარამიძე (1902-1994) – ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერების დოქტორი (1936), პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1966).

გრიგოლ ბუხნიკაშვილი (1897-1979) – თეატრმცოდნე, კულტურის დარგის თვალსაჩინო ორგანიზატორი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1950).

შალვა ხერხეულიძე (1908-1993)  – მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი. ახალგაზრდობის წლები გაატარა ქალაქ ხაშურში. 1925 წლიდან მონაწილეობდა სახალხო თეატრებსა და მუშათა კლუბების სპექტაკლებში. იყო თბილისის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს 250-მდე როლი: მ. შ. სოლეიმანი, ოთარბეგი, ანანია (სუმბათაშვილის „ღალატი“); პეტრუჩიო (შექსპირის „ჭირვეული ცოლის მორჯულება“); პრეზიდენტი, ჰოფმარშალი (შილერის „ვერაგობა და სიყვარული“); ყვარყვარე (პ კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“); ფიცილა (გ, ნახუცრიშვილის „კომბლე“); პეპო (სუნდუკიანის „პეპო“); თედუა (მ. ელიოზიშვილის „ბებერი მეზურნეები“); ავეტიქა, გიჟუა (ა. ცაგარელის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“) და სხვ.

ალექსანდრე ომიაძე (1902-1972) – მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

შალვა მშველიძე (1904-1984) – კომპოზიტორი, საქართველოს სსრ-ს სახალხო არტისტი.

მიხეილ ბითაძე (1903-1983) – მშენებელი ინჟინერი, ნაგებობათა ფუძე-საძირკვლების მშენებლობის სპეციალისტი.

და ბოლოს თანამედროვე სამეცნიერო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პოეტი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე.

გიორგი ლობჟანიძე (დ. 1974) – პოეტი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგი.

გიორგი ლობჟანიძე დაიბადა 1974 წლის 20 თებერვალს ხაშურის რაიონის სოფელ ნაბახტევში. 1991 წელს დაამთავრა ხაშურის I საშუალო სკოლა და უგამოცდოდ ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სემიტოლოგიის განყოფილებაზე, არაბული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1996 წელს, უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, მუშაობდა სემიტოლოგიის კათედრის მასწავლებლად, 1997 წელს კი გაემგზავრა ირანში, სადაც დაასრულა თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა რელიგიათა და მისტიკის ისტორიის სპეციალობით. 1999 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდგომ, მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის “კავკასიური სახლის” აღმოსავლური განყოფილების გამგე და “ისლამური კულტურის ცენტრის” ხელმძღვანელი. 2005 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია “იესო და მარიამი ყურანში”, რისთვისაც მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

პოეტური კრებულები
  • “დუღილის ტემპერატურა” (1997)
  • “ობლის კვერი” (2000)
  • “ბაბუაწვერების თაიგული” (2004)
  • “არაბულის მასწავლებელი” (2013)
თარგმანები
  • იბნ ალ-მუკაფფა “წიგნი ქალილასა და დიმნასი”
  • სოჰრაბ სეფეჰრი “წყლის ფეხის ჩქამი”
  • “სპარსული ზღაპრები”
  • ჯიბრან ხალილ ჯიბრანი, “იესო — ძე კაცისა” (2003)
  • ფორუყ ფაროხზადი, “მეორედ დაბადება” (2005)
  • ჯალალ ედ-დინ რუმი “ყაზალები” (2010)
  • ყურანი (2010)
  • საადი შირაზელი “გოლესთანი” (2010)
ჯილდოები და პრემიები
  • ლიტერატურული პრემია “საბა”, ნომინაციაში წლის საუკეთესო თარგმანი. ყურანი (2008)
  • ლიტერატურული პრემია “საბა”, ნომინაციაში წლის საუკეთესო თარგმანი. საადი შირაზელის “გოლესთანი” (2011)
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!