ურთხვის წმიდა გიორგის ეკლესია – გიორგობას გილოცავთ!

სურამის გზაზე, ბიჯნისის გადასახვევს სოფელ ურთხვაში მიჰყავხართ. სოფლის მოშორებით, შემაღლებულ ადგილას ურთხვის წმიდა გიორგის მამათა მონასტერია. სინამდვილეში ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ურთხვა 50-იან წლებში დაბლა ჩამოვიდა, სოფელმა ვაკეზე ცხოვრება არჩია და მაღლა მხოლოდ ნასახლარები შემორჩა, დღეს ისიც გამქრალია. სოფლის მცხოვრებთაგან უმეტესობა ან ხაჩიძეა ან აბაზაძე, არის სხვა გვარებიც. აქაა საუცხოოდ მოხატული ეკლესია, წმიდა გიორგის წმიდა ნაწილით შემკული ხატი, კარგად მოვლილი ეზო და მიდამოები, მშრომელი ბერები.
სამწუხაროა, რომ რატომღაც ეს მონასტერი არაა საექსკურსიო რუკაზე და ბევრმა არც კი იცის მის შესახებ.

კულტურის ძეგლთა აღწერილობაში შემდეგი ინფორმაციააწ: ურთხვის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზულია (11,5 X 6,6 მ), ნაგებია კირქვის სხვადასხვა ზომის თლილი კვადრებით. შესასვლელი ორი აქვს, სამხრეთით და ჩრდილოეთით (გადაკეთებულია ნიშად). აფსიდი არასრული ნახევარწრეა. აფსიდის ღერძზე გაჭრილია სარკმელი, რომლის ორივე გვერდზე თითო თაღიანი ღრმა ნიშია. ორი სარკმელი სამხრეთითაა, ერთი – დასავლეთით, კედლის ზედა ნაწილში. მოხატულობიდან აფსიდის კონქში მხოლოდ მაცხოვრის გამოსახულების კვალი ჩანს.

ს ა მ რ ე კ ლ ო (3,5 X 3,5 მ) ეკლესიიდან სამხრეთით 20 მეტრზე იდგა. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნაგები იყო ნატეხი ქვითა და აგურით. ძლიერ იყო დაზიანებული: ჩამოქცეული იყო გუმბათოვანი გადახურვა, შემორჩენილი იყო მხოლოდ სვეტები და მათზე გადაყვანილი აგურის შეისრული თაღები. სამრეკლოს აღმოსავლეთის და სამხრეთის ღიობები ამოშენებული იყო ნატეხი ქვით.

მონასტერს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

 

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!