ცხინვალი – ქართლის დიდი სევდის მიზეზი

ცხინვალის რეგიონი და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები არაა მხოლოდ შავი მიწა და გარდასულ სულთა მიერ დატოვებული მატერიალური კულტურის ძეგლები. ოკუპირებული ადამიანთა სულებია და როცა ვამბობთ ,,დავიბრუნოთ!” უნდა დავიბრუნოთ ჯერ ადამიანები და შემდეგ მათი ამჟამინდელი სამკვიდრო მიწები. ბატონ შოთა დარბუაშვილის დედულეთი ქვიშხეთია, ამიტომაც დრომ და ვითარებამ ეს ცხინვალელი სული ქართლის ამ ნაწილში დაამკვიდრა და მოსწყვიტა თავის ნაწილს – ცხინვალს. მსგავსი ადამიანები არიან დესპანები იმ ოკუპირებულ სულებთან, რომლებიც დღეს დე ფაქტო საზღვრებს მიღმა ცხოვრობენ, მაგრამ ვუსმენთ? რომელმა უწყებამ დააფასა და წარმოაჩინა ასეთი ადამიანები, როგორიც ბატონი შოთაა, რომ სხვებსაც გაულღვეთ გული და კვლავ ერთ სულ და ერთ ხორც ვიქცეთ ჩვენ, ოსები და აფხაზები.
გაიცანით ბატონო შოთა და შეიტყვეთ თუ რატომაა იგი ,,ცხინვალის სული”.

შოთა დარბუაშვილი და ლექსები ცხინვალს:

ც ხ ი ნ ვ ა ლ ს

მე ვეფერები მშობლიურ ქალაქს,
სად უჩვენობის ოცი წელია,…
კვლავ ვეზიარო ვნატრობ შენს სურნელს,
გულს ეთბუნები ჩემო ფერიავ…

და რასაც ჰქვია ცხოვრება ჩემი,
შენით ავსილი, ვერა, ვერ დავთმე
და ერთადერთი ჩემი ნუგეში
და სიხარულის შენა ხარ მოწმე.

აქ ლიახვს ჭრიან ცისარტყელები,
მოდის აპრილის შხაპუნა წვიმა
და სადღაც მღერის სამოთხის ჩიტი,
ჩემს საგალობელს ლექსებად გწირავს..

***

მე და თოვლი

თოვს და ქუჩები აივსო თოვლით
და გაინაბა ცხინვალი თეთრად
ჩემში შემოდის სიმშვიდე თოვლით
და მე და თოვლი დავდივართ ერთად.
ამ თოვლს თავისი აქვს ანდამატი,
ჩემი მფარველი ანგელოზია
და ფიფქზე ფიფქის დაეშვა ლანდი,
ფიფქები სულის თეთრი ცრემლია…
და მაინც- ასე რად მენატრები,
რად მესიზმრები მუდამ ეული
და მერე ცხადში რად მელანდები
ხან მიწიერი, ხან მთვარეული…
შენა ხარ ჩემში, ვით დიდი მადლი,
და მე, ამაყი შენი ღირსებით,
ადრეა? მაინც დაგიბრუნდები
და აინთება ცაზე ცისკარი,
მე მოვალ შენთან, მე მოვალ შენთვის,
მე, უშენობით მიუსაფარი!
თოვს და ქუჩები აივსო თოვლით
და გაირინდა ცხინვალი თეთრად,
ჩემში შემოდის სიმშვიდე თოვლით
და მე და თოვლი დავდივართ ერთად…

***

შ ე ნ კ ე ნ…

დრომ ვერ წალეკა
თვით ხსოვნა შენზე;
ვსვამ სადღეგრძელოს
შენი მშვენების,
ჩემი ტირიფის
მტირალა ტოტზე,
შემოსხდებიან
წვიმის ცრემლები…
მე ძველისძველი
მახურავს ქუდი
და ვდგავარ ასე
ახალ სცენაზე,
რადგან იმედი
აროდეს კვდება,
მეც ვფიქრობ
შენსკენ გადმოფრენაზე…

***

ლტოლვილი ბავშვები

სახლებს იშენებენ ლტოლვილი ბავშვები,
მიწაზე ლოგინად ქაღალდი დაუგიათ,
ქვებით გაუწყვიათ ოთახი რამდენი,
ცხინვალზე ოცნების კოშკი აუგიათ.

დრომ და ულმობლობამ თქვენი სიზმრებიდან
რამდენი გაზაფხული მოწყვიტა,
ეგ თქვენი თვალები შიშით იმზირება,
კუთვნილი სასახლე-ქოხიდან.

კისერზე გვაწვება ლოდი კვლავ ლოდინით,
მშობელო კუთხევ და ედემო,
მანამდე დააგეთ ქაღალდის ლოგინი,
თქვე, ბუდეაშლილო მტრედებო.

***
როგორც ღამე, მოგონებაც გაქრა,
სიყვარულის სტუდენტური წლები…
ათას ერთი ღამის ერთი დილა
ფანტელებით შეიშლება თოვლი…
მე არ მითქვამს არასოდეს შენთვის,
მაგრამ მაინც უცნაურად მჯერა,
მიხვდებოდი რას ნიშნავდა ჩემთვის,
მშვენიერო შენით აღმაფრენა.
შენზე ფიქრში მიილია წლები,
დათოვლილი ჩავბარდები აწმყოს,
მოდის ქალი მსხმოიარე ბაღი
და ჩემს საფლავს ყვავილებით ამკობს…

***
წვიმების შემდეგ
ვიმშრალებ თვალებს
და ასე ჩემში
შემოდის დილა.
შენ მახსენდები
სევდის სიშორევ,
სიზმრების ქალი,-
მზე, არსაიდან…
მეც ბედისწერამ,
ბევრჯერ გამთვალა,
მაინც უზომოდ
ვარ ბედნიერი;
რადგან სიშორემ
და უშენობამ,
მშვენიერს მაინც,
ვერ დამაშორეს.

***

მე და დედა

აგვისტოა, ცხინვალში ვარ
კარგს ვერაფერს ვხედავ
ასეთი რა დავაშავე
მე, ქართველმა, ნეტა,
რომ ცხინვალში ჩავრჩი ასე
ავადმყოფი დედით:
ვინ მარგუნა შხამით სავსე
დამცინავი ბედი!
ზარბაზნები ქუხან, ქუხან,
შუაღამით, დილით.
მერე რა, რომ დედას შია –
ჟრუანტელი მივლის.
შვილო თევზი მენატრება –
კრძალვით მეტყვის დედა ;
ამ სიტყვების გაგონება,
ჩემთვის არის ელდა. . .
ფული სად მაქვს, დედაჩემო,
ჩემთვის ვიტყვი ჩუმად,
სროლის ხმაზე, უნუგეშოდ
ტყვიებს ვყლაპავ უმად . . .
თავში ლექსი მიტრიალებს,
სტრიქონს ვაწყობ ხმებში,
და ყოველი თითო სიტყვა
კვლავ მაკვდება ხელში . . .
ზარბაზანი ქუხს და სადღაც
კვდება ერთი ბიჭი…
ღმერთო! მიეც ოსს და ქართველს,
დაფიქრების ნიჭი.

***

ცხინვალში როცა გაზაფხულს ემატებოდა მწვანე,
როცა აპრილის პაემანს, უთვალთვალებდა მთვარე;
ისეთი წვიმა იცოდა, ციდან სიყვარულს ხსნიდა,
და წუთისოფლის იგავის ბოქლომს ამ მადლით ხსნიდა.
ემბაზი იყო ცხინვალი, ტაძარი სავსე მრევლით,
ვინ მომადევნებს საკმეველს, მუხლში წყალჩამდგარ დევნილს,
აქედან ვქსოვდი სამყაროს, დილა-მშვიდობის მადლით,
ჰაიდა, წუთისოფელო, რატომ ამავსე ჯავრით!
ცხინვალში როცა ზამთარი, ფანტელს ლექსებად თოვდა,
ჩემს მეგობრებთან სტუმრობას, აღარაფერი სჯობდა!
ჩამოირბენდა სუფრაზე, ღია რიალი ძმური, ჩვენში არ იყო ბეწოზე, ბოროტება და შური… ებრაელების უბნიდან ქუჩას სიმღერით ვკეცდით,
ოსსაც, ქართველსაც, სომეხსაც, ერთი გვფარავდა ღმერთი.
ყოველი სახლის სარმკლიდან თვალთა სინათლე ცრიდა,
შემოდიოდა ცხინვალში ასე ნანატრი დილა…
ასეთი მახსოვს ცხინვალი, დარბაისლური, თბილი,
ო, როგორ მომნატრებია მისი ბადაგი ტკბილი.
ცხინვალში ასე გაზაფხულს, ემატებოდა მწვანე,
კვლავ მინდა მისი სურნელით, რომ გაგვითენდეს ღამე!

————

შოთა დარბუაშვილი და გიორგი ჩუბინიძე, ქვიშხეთი

შოთა დარბუაშვილი – დაიბადა 1955 წლის 8 მაისს, ცხინვალში. 1979 წელს დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. შემოქმედებითი მუშაობა დაიწყო 1970-იან წლებში. თანამოაზრეებთან ერთად შექმნა როკ ჯგუფი ,,ბონვარონი” (ცისკრის ვარსკვლავი). იყო ამავე ჯგუფის დრამერი – სოლისტი. 1974 წელს ანსამბლს მიენიჭა სახელმწიფო სტატუსი. 1988-1990-იან წლებში იყო ,,ბონვარონის” სამხატვრო ხელმძღვანელი.

იგი 1981 წელს მიიწვიეს ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ ,,ლიახვში” (დღეს უკვე სახელწიფო სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,ნართები”) და დღემდე ამ ანსამბლის სოლისტია. წლების მანძილზე იგი გახდა რესპუბლიკური თუ მსოფლიო მუსიკალური ფესტივალების არაერთგზის ლაურეატი. ლიტერატურულ-ჟურნალისტური და საზოგადოებრივი მუშაობა დაიწყო 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან. მისი ლექსები, წერილები იბეჭდებოდა ადგილობრივ და რესპუბლიკურ ჟურალ-გაზეთებში: ,,ლიტერატურული საქართველო”, ,,კლდეკარი”, ,,ნობათი” ,,საქართველოს რესპუბლიკა”, ,,თბილისი”, ,, ახალი ივერია”, ,,ლიტერატურული ცხინვალი”, ,,შიდა ქართლი” და სხვა. 1994 წელს მიღებული აქვს ჟურნალ ,,ნობათის” პრემია. იგი იყო ,,ლიტერატურული ცხინვალის” სარედაქციო საბჭოს წევრი. ივანე მაჩაბელის საზოგადოების დამაარსებელი და ვიცე თავმჯდომარე, მისი თავმჯდომარე კი გურამ შარაძე იყო.

გამოცემული აქვს ოთხი პოეტური კრებული:

,,სამაჩაბლოში ქართლის ცრემლია”, გამომცემლობა ,,მერანი” 1992 წ;
,,ლტოლვილი მქვია”, გამომცემლობა ,,ვედა”, 1994 წ;
,,წარსულის ნაამბორალი”, თბილისი, 2000 წ;
,,მივიწყებული წალკოტი”, გამომცემლობა ,,ქართული წიგნი”, 2007 წ;
შოთა დარბუაშვილი არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. ამჯამად მუშაობს დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში.

მოამზადა გიორგი ჩუბინიძემ

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!