მეუფე სვიმეონის მღვდელმთავრად ხელდასხმიდან 4 წელი შესრულდა
სურამისა და ხაშურის ეპარქია, როგორც ცალკეული ეპარქია 2013 წლიდან არსებობს და ამავე წლის 10 ნოემბერს ეპარქიის მღვდელმთავრად ხელდასხმულ იქნა მეუფე სვიმეონი (ცაკაშვილი).
მამა სვიმეონი (ცაკაშვილი) 2013 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე ახლად შექმნილი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსად აირჩიეს.
2013 წლის 10 ნოემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმიდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხა ხელი.
2014 წლის სექტემბრიდან ყოვლადუსამღვდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი), ქ. ხაშურში უძღვება საპატრიარქოს წმიდა დიმიტრი ყოფიანის სახელობის სკოლა-პანსიონს.
2015 წლის 25 აპრილს მეუფე სვიმეონის ლოცვა-კურთხევით, ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა სურამისა და ხაშურის ეპარქიის პირველი სამეცნიერო ინტერდისციპლინარული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი მკვლევარები და სტუდენტები.
2017 წელს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონის (ცაკაშვილი) ხელმძღვანელობით, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის კურთხევით საფუძველი ჩაეყარა ბანას ტიპის ახალი ტაძრის მშენებლობას. ამ ახალი ეკლესიის აშენება იგეგმება ქ. ხაშურში და მიზნად ისახავს ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ბანას ისტორიული (შემორჩენილია ნაგებობის მხოლოდ 20 პროცენტი) ტაძრის მსგავსის აგებას.
2013 წლიდან ახლად შექმნილი ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენცია დროებით განთავსდა დაბა სურამში, ხოლო 2017 წლისათვის სრულდება სოფელ ქვიშხეთში სუმბათაშვილების ყოფილი სასახლის რეაბილიტაცია, სადაც განთავსდება სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენცია.