საქართველოში ზრდასრულთა განათლების რეალობა და პრობლემები

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო შაშვი მგალობელი ღმერთი ჩვენი მწყალობელი.

ერთ მზიან ქვეყანაში ცხოვრობდნენ „პეტრე“ და „პავლე“.
„პეტრე“ სტანდარტულ ოჯახში დაიბადა. დედა მასწავლებელი, მამა ინჟინერი ბებია პენსიონერი.
„პავლეს“ დედას მუშაობა არ სჭირდებოდა, იმიტომ რომ მამა „კარგად შოულობს“, ბიზნესები აქვს.
„პეტრე“ საჯარო სკოლაში სწავლობდა.

„პავლემ“ რამდენჯერმე შეიცვალა სკოლა. ის ყოველთვის საუკეთესო კერძო სკოლებში დაყავდათ.
„პეტრე“ ყოველთვის კარგად სწავლობდა და სჯეროდა, რომ განათლება ყველა კარს გააღებინებდა და წარმატებას მიაღწევინებდა. ყოველთვის სურდა პოლიტიკოსი გამხდარიყო და ჯანსაღი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად ცვლილებები განეხორციელებინა.

„პავლეს“ მამას ბევრი საჭირო ნაცნობი ჰყავს.
„პეტრემ“ სრული დაფინანსებით ჩააბარა სახელმწიფო უნივერსიტეტში და მისი აზრით კიდევ უფრო მიუახლოვდა „ტკბილ კენწეროს“.

„პავლემაც“ მიიღო დაფინანსება მშობლებისგან. ის საზღვარგარეთ გაუშვეს სასწავლებლად.
„პეტრე“ უნივერსიტეტშიც ბეჯითი სტუდენტია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ლექტორმა სწავლის დასაწყისშივე გამოაცხადა, რომ ქულებს ყველას დაუწერდნენ ლექციებზე სიარული არ იყო საჭირო, ის მაინც დადის და ამით ზოგიერთის ბრაზსაც იმსახურებს. გარდა უნივერსიტეტისა ის არც ტრენინგ-სემინარებს აკლდება. თვლის რომ პოლიტიკოსის კარიერისთვის და არა მხოლოდ მისთის, ზოგადად ყველასთვის, მნიშვნელოვანია ფორმალური და არაფორმალური განათლების ქონა, ბევრის კითხვა და მრავალმხრივი გამოცდილება. „პეტრე“ თავისუფლად საუბრობს ოთხ ენაზე და აპირებს კიდევ შეისწავლოს რომელიმე.

„პავლე“ ოთხი წლის შემდეგ დაუბრუნდა სამშობლოს.
„პეტრე“ რამდენიმე კომპანიაში უკვე იყო სტაჟიორი. მოხალისედაც არაერთ პროქტში და მიღწევებიც საკმაოდ დიდი აქვს. ახლა, უკვე ერთი თვეა ერთ-ერთ კომპანიაში სადაც ბოლოს სტაჟიორად მუშაობდა, განცხადება აქვს შეტანილი ვაკანტურ თანამდებობაზე. მიმღებში განცხადება რომ დატოვა რეზიუმე თან დართული სერთიფიკატებიანად ოცდაათი ფურცელი იყო. ქალმა რომელმაც საბუთები ჩაიბარა გაკვირვებულმა ახედა, „პეტრე“ მზერის შინაარსს მიხვდა და ღიმილით უთხრა „ეს კიდევ შევამცირე“. კეთილის მსურველები რჩევის სახით ეუბნებიან რომ მოძებნოს ვინმე ვისაც ,,დაარეკინებს”. ასე უფრო შეძლებს სასურველი თანამდებობის დაკავებას. „პეტრეს“ არავინ ჰყავს მსგავსი, თუმცა რომც ჰყავდეს არ უნდა. არ სჯერა რომ უფროსს, რომელთანაც ამდენი ხანი იმუშავა და რომელმაც იცის მას რა შუეძლია უნდა მისნაირი თანამშრომლის დაკარგვა.
„პავლე“ მამამისის მეგობარმა სამინისტროში მოაწყო თანამდებობაზე. კარგი სამსახურია, „პროსტა“ ათიდან ექვსამდე კაბინეტში ჯდომით იღლება რა.
„პეტრემ“ გაარკვია რომ მის ნაცვლად სამსახურში სხვა აუყვანიათ. როცა იკითხა რატომ, უთხრეს „ის ძალიან კარგი ახალგაზრდაა, ცხოვრებაში ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლია. მაგისტრის ხარისხიც რომ ექნება უფრო მეტი პერსპექტივა მიეცემა. თან ეს სამსახური მისი კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდისთვის შეუფერებლიც კია.“ „პეტრემ“ კეთილისმსურველისგან, რომელიც იმავე კომპანიაში მუშაობდა და „პავლესთან“ მეგობრობდა გაიგო რომ ახალი თანამშრომელი ვიღაც „პავლემ“ მიაღებინა თანამდებობაზე.

„პავლე“ მამის მეგობარმა დააწინაურა.
„პეტრემ“ პროფესიით მუშაობის დაწყებაზე საბოლოოდ უარი მას შემდეგ თქვა, რაც მაგისტრის ხარისხიც არ აღმოჩნდა საკმარისი. მცირეოდენი ფულის საშოვნელად ხან სკოლაში იმუშავა მასწავლების შემცვლელად, ხან საბავშვო ბაღში, გასართობ ცენტრში, სუპერმარკეტში კონსულტანტად, ბენზინგასამართ სადგურზეც. ახლა დისტრიბუტორად მუშაობს სარეცხის საშუალებების მწარმოებელ კომპანიაში. „პეტრე“ ოცნებობს ქვეყანა დატოვოს და წავიდეს. ჭკვიანია და იცის რომ არც იქ დახვდება ადვილი ცხოვრება, მაგრამ აქაურ ყოფას იქაური ურჩევნია. მობეზრდა იმ უმადური ქვენისთვის მუშაობა, რომელსაც ვერაფერი დაანახა და უკვე ის ჰაერიც ეზიზღება ყოველდღე რომ სუნთქავს.

„პეტრე“ წავიდა.

ჭირი იქა, ლხინი აქა. ქატო იქა, ფქვილი აქა.

© ნინო შუბითიძე

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!