ადამიანის სულის ხსნა არა მხოლოდ ღმერთის, არამედ მის საკუთარ ნებაზეცაა დამოკიდებული – დეკანოზი ანდრია მანჩაკოვი

გვესაუბრება ქვიშხეთის აღდგომის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ანდრია  მანჩაკოვი.

– ქრისტეს შობიდან 2010 წელზე მეტი დრო გავიდა. განკაცებული ძე ღვთისა-იესო ქრისტე, იუდეის ქალაქ ბეთლემში, 25 დეკემბრის ღამე მოევლინა ქვეყნიერებას, იშვა ის, რომლის გამოჩენასაც 55 საუკუნეზე მეტ ხანს ელოდებოდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი.

   ქრისტეს მოსვლამდე თითქმის  მთელი მსოფლიოს მოსახლეობა, გარდა იუდეველებისა, თაყვანს კერპებს სცემდა. ამ დორს პოლიტიკურად ყველაზე ძლიერი სახელმწიფო რომეალებს ჰქონდათ. მათი რელიგია კერპთაყვანისმცემლობითა და ცრუმრწმუნეობით შემოიფარგლებოდა. მრავალი დაპყრობილი ხალხის ხარჯზე გამდიდრებულ რომში, ჭეშმარიტი ღმერთის ძიების სურვილიც კი ჩახშული იყო. სამაგიეროდ საბერძნეთში, რომელიც რომის იმპერიაში შედიოდა, ძველი რელიგიის გვერდით, რომლისაც უკვე აღრ სწამდათ, გაცხოველებული პროცესი მიმდინარეობდა ახალი, ჭეშმარიტი სარწმუნოების ძიებისა. სწორედ ამ ძიებამ წარმოშვა  საბერძნეთში მრავალი ფილოსოფიური სკოლა.

   იყო რიგი მოძღვრებისა, რომელიც, თუმცა ბუნდოვანს, მაგრამ რაღაც წარმოდგენას მაინც იძლეოდა ღმერთზე და სულის უკვდავებაზე, თუმცა, ყველაზე დიდი მოაზროვენიცკი ამაოდ დაშვრნენ ამ ძიებაში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გამოცხადების გარეშე, საუკუთარი ძალით, ადამიანს ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობა არ შეუძლია…

   ყველაზე ნათელი სხივი იუდეველთა მოძღვრება იყო ერთ ღმერთზე, როგორც სამყაროს შემოქმედზე. მათ ეს გამოცხადებით მიეცით. უფალმა სჯულთან ერთად ებრაელებს აღთქმა, ანუ მოწყალე დაპირება მისცა. ძველი აღთქმის ეკლესიას შეადგენდნენ ისინი, ვინც რჯული დაიცვა და აღთქმა ირწმუნა. ქრისტეს შეობის წინა საუკუნეში იუდეველები მუდმივად დაპყრობილ მდგომარეობაში იყვნენ. მასზე ბატონობდნენ ჯერ ბერძნები, მერე ეგვიპტელები და სირიელები, ბოლოს კი რომაელების უღელქვეშ აღმოჩნდნენ. იუდეველები მიხვდნენ, რომ ღმერთის დავიწყებამ დაატეხა მათ ამდენი უბედურება და მოსეს სჯულის სამსახური დაიწყეს. თუმცა, სჯულის ზუსტად აღსრულებას ცდილობდნენ, მაგრამ ყოველივე ეს იყო სიყვარულის გარეშე. ღვთისგან მინიჭებულ ყველა წყალობას ისინი თავისი დამსახურების შედეგად მიიჩნევდნენ.

   მათი აზრით, მესია იქნებოდა დიდი მეფე, რომელიც მათ, როგორც აბრაამის შთამომავალთ, რომაელების ბატონობისგან გაათავისუფლებდა და მსოფლიო ბატონობას მოუპოვებდა. მათ არ ესმოდათ, რომ წინასწარმეტყველებაში, მესიაზე, არა პოლიტიკურ თავისუფლებაზე და მიწიერ სამეფოზეა საუბარი, არამედ სულიერ თავისუფლებასა და ზეციურ სასუფეველზე და რომ მესიის შესახვედრად მორჩილება, სინანული და სიყვარული იყო საჭირო. სინამდვილეში კი უგუნურ კერპთაყვანისმცემლობას, უხეშ ცრურწმენას, ადამიანის სულის ყველაზე მეტად დამამძიმებელ ეჭვიანობას, გარყვნილობას და შემაძრწუნებელ უზნეობას ჰქონდა ადგილი…

   იუდეველების მაგალითით უფალმა გვიჩვენა, რომ არც ზეციდან ბოძებული გამოცხადებაა საკმარისი, თუ მას გაქვავებულ გულს დაახვედრებ. ზეციური ჭეშმარიტება მადლის სხივების მხოლოდ იმათ გულებს გაათბობს, რომელნიც მას თავმდაბლობით, მადლიერებითა და სიყვარულით მიიღებენ. მაშასადამე, ადამიანის სულის ხსნა არა მხოლოდ ღმერთის, არამედ მის საკუთარ ნებაზეცაა დამოკიდებული. ასე რომ ცოდვის ტყვეობისაგან დაღლილი და გამოფიტული კაცობრიობა ნათლისა და ხსნის მოლოდინში იტანჯებოდა. და აი, დადგა ჟამი და როგორც წმინდა ნიკოლოზ სერბი ამბობდა: „მესია იშვა… მოვიდა ის, ვისაც სევდამორეული ნატრობდა უმწეო კაცობრიობა. ის, ვინც ბნელი ღამის შემდეგ ამოსულ მზესავით გაბრწყინდა“.

   იმპერატორ ტიბერიუსის მიერ გაიცა ბრძანება, რომ აღწერილიყო რომის იმპერია და ყველა ვასალური ქვეყანა. მათ შორის იუდაც. აღწერის დროს ყველა ებრაელი უნდა აღწერილიყო იქ, საიდანაც წარმოშობით იყო. ვინაიდან იოსები დავითის ქალაქში უნდა აღწერილ იყვნენ. ბეთლემში ჩასული იოსები და მარიამი ბევრი ხალხის გამო საცხოვრებელს ვერ იპოვნია და შეეფარებიან ბაგაში-ბეთლემს…

   მაცხოვარი იშვა 749 წელს (რომის დაარსებიდან) 25 დეკემბერს (ძვ.სტ.) მზის მოქცევის დღეს, როდესაც დღე იწყებს მატებას და ქვეყანას ეფინება სიცოცხლე. და აი, ამ დღეს დაუკავშირდა სწორედ მაცხოვრის შობა, როგორც ახალი დღე, ახალი სიცოცხლე, ახალი ერა კაცობრიობის ისტორიაში.. ამ საუკუნეში ზეცა და დედამიწა შეერწყა ერთმანეთს… მხილველნი უბრალო მწყემსები გახდნენ. ანგელოზებმა გალობით აცნობეს მათ, რომ „დღეს იშვა ბეთლემში, ქალაქსა დავითისა მაცხოვარი სოფლისა და თქვენ ნიშანს მიიღებთ თუ არა, წახვალთ და იპოვით მას ბაგაში მწოლარეს. და, თაყვანს სცემთ მას“, რატომ მიიღეს გამოცხადება პირველად მწყემსებმა და არა მღვდელმთავრებმა, ფარისევლებმა ან სჯულის მეცნიერებმა? იმიტომ, რომ ისინი ჩვეულებრივი მწყემსები არ იყვნენ. ისინი იყვნენ მწყემსები, რომელნიც იმ ცხვრებს აძოვებდნენ, რომლებიც პასეკის დღესასწაულზე მიჰყავდათ შესაწირად. ამით ანგელოზებმა მიანიშნეს მწყემსებს, რომ იშვა ის, ვინც თავად შეეწირებოდა კაცობრიობას და ამით დასრულდებოდა სისხლიანი მსხვერპლშეწირვა.

   მოგვიანებით ვარსკვლავთმრიცხველთაც და წარმართ მოგვებსაც ეუწყათ განკაცებული მესიის ქვეყნად მოვლინება. სწორედ მათ მიანიშნეს ვარსკვლავი, რომელიც ასტროლოგიის მიხედვით არ უნდა გამოჩენილიყო… მოხდა დარღვევა ასტოლოგიაში. ამით განეცხადათ მათ, რომ დაიბადა ის მეფე, რომელიც ებრაელებში უნდა დაბადებულიყო და თაყვანისცემის ნიშნად დადგებიან იმ გზაზე, საითაც ვარსკვლავი მიდის. ვარსკვლავი მოძრაობს იმ მიმართულებით, საიდანაც წესით არ უნდა მოძრაობდეს. ის ჩერდება მათი დასვენებისას. დაადგებიან გზას და ვარსკვლავი კვლავ მიუძღვის მათ. ეს იყო ანგელოზებრივი ძალა, რომელიც მათ ქრისტეშობის ადგილამდე წინამძღვრობდა… როდესაც შეძრწუნებული ჰეროდე ჩუმად მოუწოდებს მოგვებს, -„წადით, ნახეთ ის ყრმა, რათა მივიდე და თაყვანი ვცე“…მოგვები დაუჯერებენ მას. წავლენ და ნახავენ მაცხოვარს, რომელიც ბაგაში კი არა, სახლშია და უკვე ორი წლისაა. ისინი თაყვანს სცემენ ყრმა მაცხოვარს და შესწირავენ მას ოქროს, როგორც მეფეს, გუნდრუკს, როგორც ღმერთს და მურს, როგორც მოკვდავ ადამიანს.

  ანგელოზებმა გალობა შესწირეს, ცამ-ვარსკვლავი, მწყემსებმა-სასწაული, მიწამ-გამოქვაბული, უდაბნომ-ბაგა, ადამიანთა მოდგმამ-დედა ღვთისა, წარმართობამ-ქრისტიანობის დასაწყისი მოგვების სახით.

   რის გამოინება ღმერთმა, რომ განკაცებულიყო და ბაგაში შობილიყო ის, ვინც ზეციურ ტახტზე  მეუფებს და უფალი უფალთა არის? რატომ ინება, რომ დედამიწაზე ჩამოსულიყო, ბაგაში შობილიყო, სახვევით შეხვეულიყო, ქალწულის რძით გამოკვებილიყო? რატომ ინება ყოვლად კაცთმოყვარე ღმერთმა, რომ დაეთმინა წყევლა, ტანჯვა, გინება, ლანძღვა და ჯვარცმა, რა აიძულებდა ამის გაკეთებას?! ყოველივე ეს მან გააკეთა კაცთმოყვარეობის გამო და კიდევ იმის გამო, რომ კაცობრიობა ღმერთთან შეერიგებინა.

   წმინდა მამები ამბობენ, რომ ღმერთმა შერიგება კაცობრიობასთან მოახდნია არა ოქროთი და რაიმე ნივთით, არამედ თავისი სისხლით.

   წმინდა პოლიკარპე, ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: „ძვირფასია სისხლი, რომელიც დაიღვარა ჩვენი ხსნისთვის და ადამიანებს მოკითხავს ღმერთი უპატიობას ამ სისხლისას…“

   შობა-ეს არის ყველაზე დიდი საიდუმლო, რაცკი ქვეყანაზე აღსრულებულა, რადგან ამქვეყნად მოხდა ის, რაც ამქვეყნიურზე გამოუთქმელად მაღლა დგას. ეკლესიის მამები ამბობენ, რომ ეს დღე აღემატება ყოველივეს, ვინაიდან შობის საიდუმლო გარკვეულწილად მოიცავს აღდგომის საიდუმლოსაც.

   „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“,-ასეთი საგალობლით ადიდებდნენ უფლის შობას იმ ღამეს. თუმცა, რაოდენ სამწუხაროა, რომ დღესაც მიუწვდომელია ეს გალობა ცოდვილი კაცობრიობისათვის.

   ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ერი!

   კაცთმოყვარეობის, სათნოების, დათმენისა და სიყვარულის ნიჭი არ მოგაკლოთ უფალმა! იქნება კაცთმოყვარეობა და მოვა სიმშვიდე. სათნოებით მოვა ნუგეში. დათმენით მოვა მიტევება. დაივანებს სიყვარული და აღარასოდეს იქნება იმის სინანული, რომ ამაოდ იქნა დაღვრილი უბიწო სისხლი კაცობრიობის ცოდვათა გამოსასყიდლად…

   უცრემლო, ერთიან საქართველოში რწმენითა და იმედით გვეზეიმოს შობა იესო ქრისტესი…

ესაუბრა თეა ცაგურიშვილი

ჟურნალი „კარიბჭე“

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!