სამყვირალოს ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტში

ხაშურის მუნიციპალიტეტში,  ჭერათხევის ხეობაში, პატარა ფლევსა და დუმაცხოვს შორის სამყვირალოს წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. მას მაღალი მთის ზეგანი უჭირავს და აქედან მოსჩანს, როგორც ჭერათხევის ხეობის სოფლები, ისე ფცისა და დვანის ფრონის ხეობები, ამ მიდამოებს კი ,,სამყვირალოს” უწოდებენ, რადგან როდესაც მტრის შემოსევა ან ლეკიანობა იყო საყვირებით სამივე ხეობის სოფლებს აცნობებდნენ და მოსახლეობაც თავს აქ იყრიდა.

სერგი მაკალათიას ცნობებით ეს ტერიტორია ძველად ტყით ყოფილა დაფარული. 1924 წლიდან ეს ტყე გაუჩეხავთ და მას შემდეგ მინდვრებადაა ქცეული.

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა არწერილობაში ვკითხულობთ: ,,ეკლესია დარბაზულია (8,6 X 5,3 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვიშაქვით. ორი შესასვლელი აქვს: დასავლეთის შესასვლელი შიგნიდან თაღოვანია, ხოლო გარედან გადახურულია ქვიშაქვის დიდი არქიტრავით (2,5 X 1,2 მ); სამხრეთის შესასვლელისაგან შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთის წირთხლი და თაღის ქუსლის წყობა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე მაღალი თაღოვანი სარკმელია, რომლის გვერდებზე თითო პატარა სწორკუთხა ნიშია. დარბაზის გრძივი კედლების შუა ნაწილში და დასავლეთ კედლის კუთხეებში ორსაფეხურიანი პილასტრებია”.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!