ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაცია დაიწყო

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაცია დაიწყო. რამდენიმე წლის წინ ადგილობრივთა აქტიური მოთხოვნები (ამ თემაზე მრავლად ნახავთ სიუჟეტებს და სტატიებს) პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაითვალისწინა და რესტავრაციის პროექტის დაფინანსების განკარგულება გასცა.

რესტავრაციის პროექტის ხელმძღვანელია ბატონი კახა ტრაპაიძე, პროექტის მთავარი არქიტექტორი ბატონი ნოდარ ამაშუკელი. პროექტის ღირებულება კი 900 000 ლარს აღწევს.

სარესტავრაციო სამუშაობის შესაბამისი სიზუსტით ჩასატარებლად ავტორებმა განმარტებით ბარათში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აუცილებელია პროექტის განხორციელების პროცესში აქტიურად მოხდეს არქიტექტორის, რესტავრატორის და კონსტრუქტორის ზედამხედველობა! სარესტავრაციო სამუშაოებს აწარმოებს შესაბამის ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,მშენებელი 21″.

აქვე ვურთავთ განმარტებითი ბარათის სრულ ტექსტს:

,,დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი სოფელ ქვიშხეთის ცენტრალურ ნაწილში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს, საიდანაც ხედი იშლება ხაშურის, მდ. მტკვარსა და ტაშისკარის მიმართულებით. გეგმაში მართკუთხა ფორმის ორსართულიანი შენობა, რომელსაც მეორე სართულის დონეზე ღია აივანი შემოუყვებოდა, თავდაპირველად საზაფხულო სახლად ყოფილა ჩაფიქრებული.

ხედი მუზეუმის ეზოდან ქვეყანაში კომუნისტური წყობის დამყარების შემდეგ, დიმიტრი ყიფიანის შთამომავლებმა მისი გადარჩენის მიზნით სახლი მწერალთა კავშირს გადასცეს. მწერალთა კავშირის მფლობელობაში შენობამ და მიმდებარე ტერიტორიამ ცვლილება განიცადა: შენობის სამხრეთ მხარეს გაჩნდა მინაშენი; დაიტიხრა არსებული ოთახები; ამოშენდა აივნების ქვედა ნაწილი ხოლო ღია აივნები შეიმინა. შენობის სამხრეთ მხარეს არსებული მარანი დაინგრა და მის ადგილას სასადილო აშენდა, რომელიც მუზეუმის შენობას თავისი მოცულობით ჩრდილავს და მნახველის ყურადღება გადააქვს. შენობის ჩრდილოეთ მხარეს გაჩნდა ხის კოტეჯები, მოგვიანო პერიოდში კი ჩრდილო-აღმოსავლეთი მიმართულებით აშენდა სამსართულიანი შენობა. ეზოში ხეხილი წიწვოვანი ხეებით ჩანაცვლდა. ამჟამად შენობის მდგომარეობა კრიტიკულია. მთავარი პრობლემაა გადახურვა და ნესტი, რომელიც მძლავრად აზიანებს სამხრეთ კედელს პირველი სართულის დონეზე. წვიმის დროს კი მეორე სართულზე წყალი ჩადის რის გამოც დაზიანებულია ჭერი.

თითქმის ყველა ღიობში დაზიანებულია ალათები, პირველი სართულის დონეზე კი აღარ არსებობს ფანჯრებისა და კარებების უმეტესობა. შენობის პირველი სართული პრაქტიკულად უფუნქციოა, დაზიანებულია კედლები, იატაკები და ჭერები, გამოყენებულია მხოლოდ სველი წერტილების ნაწილი. ხის კიბე, საიდანაც ხდება როგორც შენობაში შესვლა, ასევე სართულებს შორის კავშირი, დეფორმირებულია.

გამჭოლი ვერტიკალური ბზარია განვითარებული აღმოსავლეთ კედელზე სადაც თავდაპირველ კედელის უერთდება მინაშენი.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი კონკრეტული პრობლემებისა, მწყობრიდანაა გამოსული
საინჟინრო კომუნიკაციები: ახლიდანაა გასაყვანი საკანალიზაციო მაგისტრალები; შენობაში შესაყვანია გაზი და წყალი; მოძველებულია და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შესაცვლელია ელ. გაყვანილობა.

ნაგებობასა და მის ეზოს დაკარგული აქვს ერთიანი მხატვრული სახე. შენობის ვიზუალურ აღქმას განსაკუთრებულად უშლის ხელს მის სამხრეთ მხარეს აშენებული ორსართულიანი სასადილო. თვითონ შენობა კი ამჟამინდელი ფუნქციას არ არის მორგებული, რაც ხელს უშლის მუზეუმის გამართულად მუშაობას”.

,,ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, შენარჩუნებული და რესტავრირებულია დიმიტრი ყიფიანისეული შენობა და მინაშენის ნაწილი, რომელზეც შედარებით ადრეული (XX ს-ის I ნახევარი) კვალი შეინიშნება. აგრეთვე გათვალისწინებულია მინაშენის დანარჩენი ნაწილის დემონტაჟი და ახალი მოცულობის მშენებლობა, რომელიც წარმოადგენს მეტალის და მინის კონსტრუქციებით აშენებულ მსუბუქ ნაგებობას. მუზეუმისთვის განკუთვნილი სივრცეები ძირითადად განლაგებულია შენობის თავდაპირველ ნაწილში. ორ ნაწილად გაყოფილ მინაშენში კი ადმინისტრაციის ნაწილი და დამხმარე სივრცეებია განთავსებული. ადმინისტრაციის ახალი კორპუსის მშენებლობისა და კომპლექსის სრული რეაბილიტაციის შემდეგ შესაძლებელია სახლ-მუზეუმის შენობიდან ადმინისტრაციისა და ბიბლიოთეკის გადატანა ახლადაშენებულ შენობაში, ხოლო გამოთავისუფლებულ სივრცეებში მუზეუმის დამატებითი ექსპოზიციების მოწყობა. ახალ მოცულობას, ძველი მინაშენისაგან განსხვავებით, ექნება თანამედროვე იერსახე, რაც კონტრასტულობის საფუძველზე ხელს შეუწყობს თავდაპირველი ნაგებობის ხაზგასმით წარმოჩენას. პავილიონის მშენებლობისთვის გამოიყენებული იქნება კუთხოვანი მილები, მინა-პაკეტები და თანამედროვე მოსაპირკეთებელი მასალები. რაც შეეხება ნაგებობის დანარჩენ, ისტორიულ ნაწილს, ფუნქციიდან და ექსპლუატაციის თანმედროვე სტანდარტებიდან გამომდინარე, ნაწილობრივ გადავაგეგმარეთ:

მუზეუმის მთავარი შესვლელი ეზოს ქვედა მხრიდან მოვაწყეთ. პირველი სართულის დონეზე, სადაც ამჟამად ამორტიზებული საბჭოთა პერიოდის ჩაშენებებია, გავხსენით აივნები. ხოლო მეორე სართულის აივნებს დავუბრუნეთ თავდაპირველი სახე – მოვხსენით აივნის გვიანი შემინვა, რაც მას შუშაბანდად აქცევდა. ასევე, გათვალისწინებულია შენობის ორივე სართულზე გვიანი ტიხრების მოხსნა.
შენობის პირველ სართულზე განვათავსეთ მუზეუმის შესასვლელი, რომელიც მოემსახურება ტურისტებს. ამავე სივრცეშია გათვალისწინებული გარდერობი და ბილეთების სალარო, შესაძლებელია აქვე განთავსდეს სტენდები სუვენირების მაღაზიისთვისაც და ის შეითავსებს ე.წ. bookshop-ის ფუნქციასაც, რომლის გარეშეც თანამედროვე მუზეუმი წარმოუდგენელია. შესასვლელიდან მარშრუტი გრძელდება დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და მასთან დაკავშირებულ მოვლენების ამსახველი საექსპოზიციო სივრცეებისკენ. ამავე სართულზეა განთავსებული მცირე ზომის ფონდ-საცავი, სველი წერტილები და ტექნიკური ოთახი. შენობის მეორე სართულზე განთავსებულია მუზეუმის ადმინისტრაცია, ბიბლიოთეკა და საკონფერენციო-სადისკუსიო დარბაზი. როგორც ზემოთ აღინიშნა, კომპლექსის სრული რეაბილიტაციის შემდგომ, შესაძლებელი იქნება მეორე სართულზე განთავსებული სივრცეები ადმინისტრაციულ კორპუსში გადავიდეს, რაც გაათავისუფლებს ფართს სახლმუზეუმის შენობაში და აქ მოეწყობა დამატებითი ექსპოზიციები.

პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია კარებებისა და ფანჯრების ნაწილის შეცვლა და ნაწილის რესტავრაცია. გადასაწყობია სართულშუა გადახურვა და უნდა მოეწყოს აივნის ახალი ხის იატაკები, ნესტისა და თბოიზოლაციის გათვალისწინებით. უნდა შეიცვალოს გადახურვები: შენობის თავდაპირველი მოცულობის ამჟამინდელი გადახურვის კონტურსა და კონსტრუქციის ნაწილს ვინარჩუნებთ, თუმცა გადახურვა კრამიტის ბურულით დასრულდება, როგორც ეს ამ პერიოდის ანალოგებში გვხვდება. მინაშენსა და ახალ მოცულობას კი სენდვიჩპანელით მოწყობილი ბრტყელი გადახურვით ვასრულებთ. შენობის ინტერიერში უნდა მოიხსნას გვიანი ნალესობა, შეილესოს ხელახლა და შეიღებოს. სამუშაოების დაწყებამდე თითოეულ მონაკვეთზე უნდა ჩატარდეს ზონდაჟი და განისაზღვროს ფერი.
ფასადები უნდა გაიწმინდოს გვიანი ნალესობისგან, შეილესოს ხელახლა და შეიღებოს. ჩრდილოეთი ფასადზე (ე-ა ღერძებს შორის) უნდა მოხდეს ნალესობის მოხსნა და აგურის კედლის გაწმენდა.
პროექტის მიხედვით ასევე გათვალისწინებულია გათბობის, კონდიცირების, ვიდეოკონტროლისა და დაცვის სისტემები. კომუნიკაციების ახალი სქემები.

შენიშვნა : პროექტის განხორციელება უნდა მოხდეს არქიტექტორის, რესტავრატორისა და კონსტრუქტორის ზედამხედველობით”.

გიორგი ჩუბინიძე

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!