გილოცავთ კვირიკობას!
საქართველოს სხვადასხვა სოფლებში საუკუნეთა განმავლობაში იყო ერთი მთავარი დღესასწაული, რომელსაც სოფელი განსაკუთრებულად, გამორჩეულად აღნიშნავდა. ჭერათხევის ხეობაში ამ მხრივ საკმაოდ მრავალფეროვნებაა. აქ აღინიშნება ,,სამებობა” – აძვისში, ,,გარეგნობა” – ნაბახტევში და ა.შ. ხოლო სოფელ დუმაცხოვის ასეთი სახალხო-რელიგიური დღესასწაული, ხალხური სახელწოდებით – დღეობაა ,,კვირიკობა”, რომელიც ყოველი წლის 28 ივლისს, წმიდა კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეს აღინიშნება. აქვეა ამ წმიდანების სახელზე IX-X საუკუნეებში აგებული ეკლესია, რომლის გარშემოც სოფლის სასაფლაოა.
ამ წმიდანებთან დაკავშირებით სოფელში არაერთი ტოპონიმი არსებობდა, რომელიც დღეს თითქმის გამქრალია. მაგალითად, ენათმეცნიერი ალექსანდრე ღლონტი აფიქსირებს, რომ აქ აღმართს – კვირიკეს აღმართი ეწოდებოდა, წყაროს – კვირიკეს წყარო და ა.შ.
შეიცვალა დღეობის აღნიშვნის ტრადიციული წესიც, თუ ადრე მოსახლეობა ერთობლივად, ტაძრის ეზოში აღნიშნავდა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში დღეობა ცალ-ცალკე ოჯახებში აღინიშნება, სადაც ყველა ოჯახს თავისი წინასწარ მიპატიჟებული სტუმარი ჰყავს.
თანამედროვე ვითარებაში, არაერთ სოფელში დღეობები გამქრალი ან უარყოფილია. შესაბამისად, დღეისათვის დღეობის აღნიშვნის მრავალსაუკუნოვანი წესი საამაყო და სასიხარულოა. ცხადია, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.
გილოცავთ კვირიკობას! 🙂
© გიორგი ჩუბინიძე